Belive

არცერთი გოლი და ასისტი 21 მატჩში - რა დაემართა ლემარს ატლეტიკოში?

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
როდესაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ტომა ლემარი, €60 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის "ატლეტიკომ" შეიძინა, იგი საფრანგეთის ამომავალ ვარსკვლავად იყო შერაცხული, თუმცა ნიჭიერმა მარცხენაფლანგელმა "როხიბლანკოში" საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება ვერ შეძლო. 1 წლით ადრე, ტომა ლემარზე "ლივერპული" და "არსენალი" ნადირობდნენ, თუმცა მადრიდელებმა მისი თავი არავის დაუთმეს. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის, ბიქსენტ ლიზარაზუს შეფასებით, ლემარი "მამლების" მომავალი წარმატების საწინდარი უნდა გამხდარიყო. თუმცა როგორც სტატისტიკა, ასევე მოედანზე ნანახი სულ სხვა შედეგებს გვაძლევს: ლემარმა 64 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. უფრო მეტიც, ბოლო 21 მატჩში, მას არცერთ გატანილ გოლში არ მიუღია მონაწილეობა. ფრანგ ნახევარმცველთან დაკავშირებით, დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა.
ფაქტები უკეთ მეტყველებენ, ვიდრე სიტყვები. ლემარი არის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რომელმაც განვითარება ვერ შეძლო, თუმცა მას აქვს ის მნიშვნელოვანი თვისებები, რომლებიც სხვებს არ გააჩნიათ. მისი განსაკუთრებულობა მე ყოველთვის მომწონდა, თუმცა მან მოლოდინის გამართლება ვერ შეძლო," აღნიშნა არგენტინელმა.
ლემარი "მონაკოში" და ლემარი "ატლეტიკოში" - ორი სხვადასხვა ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში, მას თავდაჯერებულობა აკლია, რაც ხშირად ხდება იმისი მიზეზი, რომ მის მიერ გაკეთებული პასი თანაგუნდელთან არ მიდის.
thomas-lemar-lionel-messi-atletico-madrid-barcelona-2018-19_1w7zoalciqi9t12e56ly2tj24s
ლემარის თქმით, იგი ხისტ ორთაბრძოლებში შესვლას ნაკლებად ცდილობს და სანაცვლოდ, აქცენტს ზუსტ პასებსა და გადაადგილებაზე აკეთებს. გარკვეულწილად, შეიძლება სწორედ მის ხასიათში არსებული ნაკლები აგრესიულობა იყოს იმისი მიზეზი, რომ იგი "ატლეტიკოს" სტილს ვერ მოერგო, რაც გუნდიდან წასვლის მიზეზი შეიძლება გახდეს. ცნობილია, რომ ლემარის შეძენის ინტერესს "ჩელსი" და "ტოტენჰემი" იჩენენ. შესაძლებელია, პრემიერ ლიგა გახდეს ჩემპიონატი, სადაც ფრანგი უფრო მეტად გათავისუფლდება და წარსულ გამოცდილებას გამოიყენებს. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ თავისუფლად შეიძლება ითქვას - ლემარმა "ატლეტიკოში" ვერ გაამართლა.

სხვა სტატიები