Belive

Athletic: კვარაცხელია, ნაპოლის ახალი მარადონა, რომელთან გამკლავებაც ძალიან რთულია

1 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ

ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული სტარტი უნიკალურია. მასზე აღტაცებით არამარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო საუბრობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისდამი აღიარება ეროვნული სიამაყის მიღმა დგას - ასეთი რამ კი, ძალიან დიდი ხანია არ (შესაძლოა არც) მომხდარა.

ამჯერად, "ნაპოლის" ქართველი ტალანტის შესახებ, სტატია The Athletic-ზე გამოქვეყნდა, რომელიც თავის მკითხველს ყოველთვის ღრმა, ყოვლისმომცველი, ინსაიდერული ისტორიებით ანებივრებს. ჩვენ კი, დიდი სიამოვნებით, სერია A-ს კორესპონდენტის, ჯეიმს კორნსტეილის სტატიის თარგმანს წარმოგიდგენთ.

ქობულეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, მეორე დივიზიონის კლუბი, სახელწოდებით "შუქურა", "ჩელე არენაზე" ასპარეზობს. სტადიონს სახელი აქ დაბადებული რევაზ ჩელებაძის საპატივცემულოდ დაერქვა - ფეხბურთელის, რომელიც "დინამო თბილისის" შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა (1978). "ჩელე" მეტსახელია, რომელიც იმ თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან, პელესთან ასოცირდებოდა.

“ნუ დავივიწყებთ, რომ ქართველები ტექნიკური ფეხბურთელები არიან. საბჭოთა კავშირის პერიოდში, ქართველებს საბჭოელ ბრაზილიელებს ეძახდნენ", - თქვა იური სიომინმა ნეაპოლურ გაზეთთან, Il Mattino-სთან საუბრისას.

რუსული სამწვრთნელო სკოლის გამოცდილ წარმომადგენელს "ეროვნული ლიგისადმი" ინტერესი არასოდეს დაუკარგავს. რამდენიმე წლის წინ, თითქმის 80 წელს მიღწეული სპეციალისტი მორიგ ქართველ ტალანტს აკვირდებოდა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან ახლოს მყოფ ქალაქ რუსთავში მოთამაშე თინეიჯერის გვარი, კვარაცხელია, აალებულ, ცხელ კვარს ნიშნავდა. მალე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მასთან შეხება მართლაც შეუძლებელია.

კომპანიები, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე მივიწყებულ საფეხბურთო ლიგებში სტატისტიკურ მონაცემებს სწავლობენ, ფიქრობდნენ, რომ მათი მთვლელები მწყობრიდან გამოვიდნენ - ეს ბიჭი მატჩში საშუალოდ 10 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებდა. კვარაცხელიამ ქართულ-ბრაზილიური ტრადიცია გააგრძელა და "კვარინჩა" გახდა. "რუსთავმა" იგი მშობლიური "დინამოსგან" გამოისყიდა, თუმცა შემდეგ საქმეში მოსკოვის "ლოკომოტივი" ჩაერთო. "პირადად მე, კვარაცხელიას იმ დროიდან ვაკვირდები, როდესაც იგი 15 წლის იყო, იგი მას მერე მაოცებს", - თქვა სიომინმა.

მისი პროტეჟე ახლა უკვე სერია A-ში ახდენს სასწაულებს. იტალიაში, სეზონი ახალი დაწყებულია, თუმცა კვარაცხელიამ 2 შეხვედრაში უკვე 3 გოლი გაიტანა - თავური, მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით. ეს არის ყველაზე გამორჩეული დებიუტი "ნაპოლის" ისტორიაში.



სავარაუდოდ, სიომინი ფიქრობს, რომ გოლების გატანა კვარაცხელიას "კვარეკას" სახელს მოუტანს - ბრაზილიელი კარეკას საპატივცემულოდ. 80-იან წლებში, "ნაპოლის" მაგიური შემტევითი ხაზი ჰქონდა, როდესაც მეტოქის მცველებს დიეგო მარადონა, ბრუნო ჯორდანო (Giordano) და კარეკა ატერორებდნენ. სახელებიდან აღებული 2-2 ასოს შედეგად, ტრიოს "მა-ჯი-კა" უწოდეს, რაც მაგიურსა და ჯადოსნურს ნიშნავს. ისიც შესაძლოა, რომ ახალმა თაობამ კვარას "კვანი" უწოდოს - ცნობილია, რომ კვარაცხელიას ედინსონ კავანის 7-ნომრიანი მაისურით სურდა თამაში (ისიც გასათვალისწინებელია, რომ მისი კუმირი კრიშტიანუ რონალდუა), თუმცა 7-იანი ზურგზე ელიფ ელმასის აწერია, კვარას კი 77-ნომრიანი მაისურის მორგება მოუწია.

"ნაპოლი" არის ქალაქი, რომელმაც ზომიერება არ იცის. აქ მოცარელას ბურთებს რძიანი ვაშლივით მიირთმევენ, სუფრასთან კი რომში გაჟღენთილ ბაბას მოგართმევენ. ასე რომ, კვარაცხელიას თავიდანვე კვარადონა შეერქვა - ეს მანამდე მოხდა, სანამ იგი ლურჯი ფორმით პირველ შეხვედრას ჩაატარებდა. შესაძლოა, ამისი მიზეზი ის გახლავთ, რომ კვარაცხელიამ Opus-ის Life is Life საკუთარი ინიციატივით შეასრულა - სიმღერა, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, როდესაც მის ჰანგებზე, გახურებისას, ბურთს დიეგო მარადონა კენწლიდა (უეფა-ს თასის 1/2 ფინალში, "ბაიერნის" წინააღმდეგ, 1989-ში). მეორე მიზეზი კი შესაძლოა ისაა, რომ იტალიელები "კვარაცხელიას" წარმოთქმისას ენას იმტვრევენ.

"ვიცი, თუ რას ნიშნავს მარადონა ნეაპოლისთვის. ცხადია, მომწონს ჩემი მეტსახელი, მაგრამ როდესაც ჩემს სახელს იმ წინადადებაში მოიხსენიებენ, სადაც მარადონას, ამით დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება. მე მარადონასთან ახლოს ვერ მივალ, თუმცა ყველაფერს გავიღებ იმისთვის, რომ კლუბის ისტორიაში დიდ ფეხბურთელად შევიდე", - თქვა კვარაცხელიამ წარდგენის დღეს.



კვარაცხელიას მიმართ უდიდესი ყურადღებაა მიპყრობილი, რომელიც მარადონასთან მიახლოებულ ნეოლოგიზმებსაც გასცდა. ქართველმა ვინგერმა ევრო 2020-ის გამარჯვებული და გუნდის კაპიტანი, ლორენცო ინსინიე ჩაანაცვლა - ნეაპოლის ქუჩებში გაზრდილი ბიჭი, რომელიც ამერიკულ "ტორონტოში" "ნაპოლის" ყველა დროის მეორე ბომბარდირის სახელით გადავიდა.

"მის მიმართ ძალიან დიდი წნეხი არსებობს. თამაშის დაწყებამდე, ძალიან დაძაბული იყო. როგორც კი დაძაბულობას მოიხსნის და გათავისუფლდება, მერე ნახავთ, თუ რა დონის მოთამაშეა. მისგან მიღებული შედეგი უკვე საკმარისია, თუმცა მას მეტი შეუძლია", - თქვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ "მონცასთან" 4:0 გამარჯვების შემდეგ, სადაც კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა.

ლორენცო ინსინიესა და ხოსე კალეხონისგან განსხვავებით, კვარაცხელიას მოქმედება რთულიგამოსაცნობია. პირველი მათგანი ცენტრისკენ იწევდა და შორეული ძელისკენ ჩახვეულად ურტყამდა, მეორე კი ყოველთვის შორეულ ძელთან იყო ჩასაფრებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინსინიე მარტივი შესაჩერებელი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველამ იცოდა არიენ რობენის სამომავლო მოქმედების შესახებ და იგი ჩანაფიქრს მაინც ასრულებდა. თავისი პროფესიონალიზმის შედეგად, ინსინიემ "ნაპოლის" შემადგენლობაში 122 გოლი გაიტანა.

კონტრასტულად, კვარაცხელია იმდენადვე რთული გასაშიფრია, როგორც ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით დაწერილი მისი სახელი. იგი სწრაფად დარბის და ამიტომაც აწვდის მარცხენა მცველი, მარიო რუი, მას შორეულ გადაცემებს. კვარას შეუძლია ცენტრში შეწევა და შორეული ჩახვეული დარტყმის, "ტირაჯიროს" განხორციელება, ასევე ბურთის მარცხენა ფეხზე გადატანა და გოლის გატანა.

FIFA-ს გადაწყვეტილებით, მარტში, რუსული კლუბების წარმომადგენელ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს კონტრაქტის შეჩერების უფლება მიეცათ - გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ იქნა მიღებული. კვარაცხელიამ ყაზანის "რუბინიდან" "დინამო ბათუმში" გადაინაცვლა. ბევრი ფიქრობდა, რომ მის სანაცვლოდ €10 მილიონის გადახდა ლატარეაში თამაშს ჰგავდა, მაგრამ როგორც ირკვევა, "ნაპოლიმ" იგი იაფად შეიძინა.

კვარაცხელია ჩელებაძის გზას ვერ გაიმეორებს და ნეაპოლის სტადიონს მისი სახელი არ დაერქმევა - მარადონას შეუძლია მშვიდად განისვენოს. თუმცა თუკი კვარა ამ ფორმას შეინარჩუნებს, ეს იქნება შეხსენება, რომ ფეხბურთის მსგავს გლობალურ სპორტში, დიდი ფეხბურთელების პოვნა ნებისმიერ ადგილას შეიძლება - სწორედ ეს არის ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი მშვენება.

სხვა სტატიები