Belive

ატლეტიკოს საუკეთესო ფორვარდები 21-ე საუკუნეში

5 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
მადრიდის "ატლეტიკო" არის გუნდი, რომლის თავდასხმის ხაზში მაღალი დონის ფორვარდი 21-ე საუკუნეში ყოველთვის თამაშობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, საუკეთესო თავდასხმელების ჩამონათვალი გაგვეკეთებინა და მათთან დაკავშირებით თქვენთვის ინფორმაცია მოგვეწოდებინა - შესაძლოა აღარც კი გახსოვდეთ, რომ სიაში ჩამოთვლილ ფეხბურთელებიდან ზოგიერთი მათგანი "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა.

#16 ჯეკსონ მარტინესი

გუნდში გატარებული პერიოდი: 2015-16 მატჩი: 22 გოლი: 3 ტიტულები: არცერთი ის იმ ფეხბურთელების სიაში შედის, რომელმაც მსოფლიოს თავი "პორტოში" თამაშით დაამახსოვრა - ჯეკსონ მარტინესმა 143 მატჩში თავი 94-ჯერ გამოიჩინა, რის შედეგადაც მან ესპანელთა ყურადღება მიიპყრო. "ატლეტიკომ" მარტინესში  €37.1 მილიონი გადაიხადა, თუმცა 1 წლის შემდეგ, კოლუმბიელმა მოულოდნელად კარიერა ჩინეთში გააგრძელა.

#15 მისტა

გუნდში გატარებული პერიოდი: 2006-2008 მატჩი: 45 გოლი: 6 ტიტულები: არცერთი მისტა მადრიდის "რეალის" აღზრდილი ფეხბურთელია, თუმცა 2006 წელს ახალგაზრდა ფორვარდმა მოსისხლე მტრის ბანაკში გადასვლა ისურვა. აღსანიშნავია, რომ პერსპექტიულ ფორვარდად მიჩნეულმა მისტამ საფეხბურთო სამყაროს თავი ვერ დაამახსოვრა და კარიერაში სულ რაღაც 70 გოლით შემოიფარგლა.

#14 ფლორენ სინამა-პონიოლი

გუნდში გატარებული პერიოდი: 2008-2010 მატჩი: 57 გოლი: 7 ტიტულები: არცერთი სინამა-პონგოლი 2001 წელს სათამაშოდ "ლივერპულში" გადავიდა - "ენფილდზე" მისგან ძალიან ბევრს ელოდნენ, თუმცა ახალგაზრდა ტალანტმა განვითარება ვერ შეძლო. მისი კარიერა უამრავ გუნდს ითვლის, თუმცა ყველაზე დიდ ფსონს მასში "ატლეტიკო" ჩამოვიდა, რომელმაც 2008 წელს ფრანგში €10 მილიონი გადაიხადა.

#13 მატეა კეჟმანი

გუნდში გატარებული პერიოდი: 2005-2006 მატჩი: 32 გოლი: 9 ტიტულები: არცერთი ჰოლანდიურ "პსვ-ში" თავის გამოჩენის შემდეგ, კეჟმანი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტად ითვლებოდა. მან კარიერი ლონდონის "ჩელსიში" დაიწყო, თუმცა პრემიერლიგაში ადაპტაცია ვერ შეძლო და 1 წლის შემდეგ "ატლეტიკოში" აღმოჩნდა. რამდენადაც ცნობილია, კეჟმანის განვითარებას მისმა ალკოჰოლისადმი მიდრეკილებამ შეუშალა ხელი, რის გამოც სერბის კარიერა არც ისე კარგად განვითარდა.

#12 ადრიან ლოპესი

გუნდში გატარებული პერიოდი: 2011-2014 მატჩი: 142 გოლი: 26 ტიტულები: ლა ლიგა (2013/14), კოპა დელ რეი (2012/13), ევროპა ლიგა (2011/12), UEFA-ს სუპერთასი ადრიან ლოპესმა "ატლეტიკოში" რამდენიმე სეზონი გაატარა, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "სტემფორდ ბრიჯზე" გატანილი გოლი შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ გოლით, "ატლეტიკო" ევროპული თასის ფინალში 1974 წლის შემდეგ პირველად გავიდა, თუმცა კარლო ანჩელოტის მადრიდის "რეალთან" დასანანი მარცხი განიცადა.

#11 სალვა ბალესტა

გუნდში გატარებული პერიოდი: 2000-01, 2004-05 მატჩი: 53 გოლი: 28 ტიტულები: არცერთი სალვა ბალესტა ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი იყო - "რასინგში" შესანიშნავი თამაშის შედეგად (52 მატჩში 29 გოლი), ბალესტა "ატლეტიკოში" აღმოჩნდა, თუმცა მისი მადრიდული კარიერა არც ისე დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. "ვალენსიამ" მის სანაცვლოდ €10,8 მილიონი გადაიხადა, რაც 2001 წლისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენდა.

#10 კევინ გამეირო

გუნდში გატარებული პერიოდი: 2016-18 მატჩი: 82 გოლი: 27 ტიტულები: ევროპა ლიგა (2017/18) "სევილიაში" 3 პროდუქტიული სეზონის შემდეგ, "როხიბლანკომ" გემეიროში €30,00 მილიონი გადაიხადა. ცნობილია, რომ კევინ გამეორო განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით გამოირჩევა, რაც შეტევაში აქტიური პრესინგის მოყვარული დიეგო სიმეონესთვის დიდ საჭიროებას წარმოადგენს. თუმცა "ატლეტიკოში" ნიკოლა კალინიჩის მოსვლის გამო, გამეიროს კარიერის გაგრძელება "ვალენსიაში" მოუწია.

#9 მარიო მანჯუკიჩი

გუნდში გატარებული პერიოდი: 2014-15 მატჩი: 43 გოლი: 20 ტიტულები: ესპანეთის სუპერთასი (2014) მარიო მანჯუკიჩს აქვს უნარი, იყოს უმნიშვნელოვანესი მოთამაშე თითოეული გუნდისთვის, რომლის ღირსებასაც იცავს. მიუხედავად იმისა, რომ მანჯუკიჩმა "ატლეტიკოში" მხოლოდ 1 წელი ითამაშა, ხორვატი ფორვარდი მადრიდში ძალიან დაფასებულია.

#8 ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი

გუნდში გატარებული პერიოდი: 1999-00 მატჩი: 43 გოლი: 33 ტიტულები: არცერთი ჰასელბაინკი უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი იყო - მის სანაცვლოდ ესპანელებმა "ლიდს იუნაიტედს" 1999 წელს €16,7 მილიონი გადაუხადეს. ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერის წასვლის შედეგად გაჩენილი სიცარიელე ამოვსება შეძლო, თუმცა სეზონის ბოლოს ლონდონის "ჩელსიმ" მასში კიდევ უფრო სოლიდური თანხა, €22,5 მილიონი გადაიხადა და მისი წარმატებული კარიერა "ნისლიან ალბიონზე" გაგრძელდა.

#7 დავიდ ვილა

გუნდში გატარებული პერიოდი: 2013-14 მატჩი: 47 გოლი: 15 ტიტულები: ლა ლიგა (2013/14) "ვალენსიაში," "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები შესანიშნავი ფეხბურთის შემდეგ, "ელ გუახე" "ატლეტიკოში" გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სტატისტიკა შთამბეჭდავი არ იყო, დავიდ ვილამ "ლა ლიგის" მოგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

#6 სერხიო აგუერო

გუნდში გატარებული პერიოდი: 2006-11 მატჩი: 230 გოლი: 100 ტიტულები: ევროპა ლიგა (2009/10), UEFA-ს სუპერთასი (2010). მადრიდში გამოჩენის შემდეგ არავის გასჩენია ეჭვი, რომ სერხიო აგუერო დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებდა - შესანიშნავი გოლის ალღოს მქონე, სწრაფი და კარგი დარტყმის მქონე არგენტინელი, რომელსაც ბრაზილიელ რომარიოს ადარებდნენ, "ატლეტიკოში" ბრწყინვალე ფორვარდად ჩამოყალიბდა, რასაც "მანჩესტერ სიტისგან" დაინტერესება და ახალი კარიერული სიმაღლეები მოჰყვა.

#5 დიეგო ფორლანი

გუნდში გატარებული პერიოდი: 2007-11 მატჩი: 198 გოლი: 96 ტიტულები: ევროპა ლიგა (2009/10), UEFA-ს სუპერთასი (2010) დიეგო ფორლანის კარიერა "ლა ლიგაში" გაცილებით წარმატებული გამოდგა, ვიდრე "ნისლიან ალბიონზე" - ფორლანმა ჯერ "ვილიარეალის," შემდეგ კი "ატლეტიკოს" მაისური მოირგო და ამ პერიოდში "პიჩიჩისა" (ბომბარდირი) და ოქროს ბუცის მფლობელი 2-ჯერ გახდა.

#4 დიეგო კოშტა

გუნდში გატარებული პერიოდი: 2007-09, 2010-14, 2018-დღენდე მატჩი: 173 გოლი: 75 ტიტულები: ლა ლიგა (2013/14), კოპა დელ რეი (2012/13), UEFA -ს სუპერთასი (2010, 2012 & 2018), ევროპა ლიგა (2017/18). მარიო მანჯუკიჩის მსგავსად, დიეგო კოშტა "ატლეტიკოს" ფანებს განსაკუთრებით უყვართ. 2013/14 წლების სეზონში დიეგო კოშტამ "ლა ლიგაში" 27 გოლის გატანა შეძლო და კრიშტიანუ რონალდუს მხოლოდ 4 ბურთით ჩამორჩა. ის იმ "ატლეტიკოს" ფეხბურთელთა სიაშია, რომლებმაც კარიერა ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელეს - ლონდონში თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, თმცა ანტონიო კონტეს მისვლის შემდეგ, წარმოშობით ბრაზილიელი კვლავ "როხიბლანკოს" დაუბრუნდა.

#3 ანტუან გრიზმანი

გუნდში გატარებული პერიოდი: 2014-დღემდე მატჩი: 242 გოლი: 130 ტიტულები: ესპანეთის სუპერთასი (2014), ევროპა ლიგა (2017/18), UEFA-ს სუპერთასი (2018) ანტუან გრიზმანი "რეალ სოსიედადის" აკადემიის აღზრდილია. პერსპექტიულმა ფრანგმა "როხიბლანკოს" ყურადღება მიიპყრო და ნიშანდობლივი ფაქტია, რომ გრიზმანმა "ატლეტიკოში" გაცილებით მეტი გოლის გატანა დაიწყო, ვიდრე ამას "რეალ სოსიედადში" ახერხებდა.

#2 რადამელ ფალკაო

გუნდში გატარებული პერიოდი: 2011-13 მატჩი: 91 გოლი: 70 ტიტულები: კოპა დელ რეი (2012/13), ევროპა ლიგა (2011/12), UEFA-ს სუპერთასი (2012) თამამად შეიძლება ითქვას, რომ მუხლის სერიოზული ტრავმის მიღებამდე, რადამელ ფალკაო თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსმხელი იყო. "რივერ პლეიტის" ყოფილმა ფორვარდმა თავი ჯერ "პორტოში" გამოიჩინა, შემდეგ კი საოცრებების ჩადენა "ატლეტიკოში" გააგრძელა - კოლუმბიელს მცველის მოტყუებაც კარგად გამოსდიოდა, თუმცა მისი უძლიერესი მხარე აუღებელი დარტყმები იყო, რასაც ორივე ფეხით იდეალურად ასრულებდა.

#1 ფერნანდო ტორესი

გუნდში გატარებული პერიოდი: 2001-2007, 2015-16, 2016-2018 მატჩი: 404 გოლი: 129 ტიტულები: სეგუნდა დივიზიონი (2001/02), ევროპა ლიგა (2017/18) უდავო ფაქტია, რომ "ატლეტიკოს" აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებს შორის, ფერნანდო ტორესი საუკეთესოა. მიუხედავად იმისა, რომ ტორესმა მთელი კარიერა "ატლეტიკოს" არ მიუძღვნა, "ელ ნინიო" გუნდის სიმბოლოდ უკვე იქცა. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოს" კაპიტანი 19 წლის ასაკში გახდა, რასაც მისი კარიერული აღმასვლები (მე-100 გოლი "ატლეტიკოში," შესანიშნავი პერიოდი "ლივერპულში") და ჩავარდნა ("ჩელსი," "მილანი") მოჰყვა. ერთი სიტყვით, "ატლეტიკო" და ფერნანდო ტორესი განუყრელი ერთიანობაა და შესაბამისად, ტორესმა ამ სიაში პირველობა სამართლიანად დაიმსახურა.

სხვა სტატიები