Belive

ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ გულშემატკივრებმა მესი და ბარსელონა გააკრიტიკეს

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ მედიასთან მატჩის შემდგომი კომენტარის გასაკეთებლად "ბარსელონამ" 17 წლის პედრი გააგზავანა, რის გამოც ქომაგებმა მესი და კატალონიური კლუბი მწვავედ გააკრიტიკეს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში მადრიდის "ატლეტიკომ" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა. შეხვედრა სიმეონეს შეგირდების გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს "ატლეტიკოს" ბელგიელმა შემტევმა კარასკომ გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ გოლის ეპიზოდში გაუგებრად იმოქმედა ბარსას მეკარე ტერ შტეგენმა, რითიც ისარგებლა კარასკომ. ესპანეთის ჩემპიონატში კატალონიურ გრანდს საქმე სახარბიელოდ ნამდვილად არ აქვს. "ატლეტიკოსთან" მარცხი კუმანის გუნდისთვის რიგით მე-3 გამოდგა, "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო ხუთ შეხვედრაში მესამედ წააგო. 8 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კატალონიელებმა სულ რაღაც 11 ქულას მოუყარეს თავი და ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან. გუშინდელი ბარსას თამაში ნამდვილად იმსახურებდა კრიტიკას, გუნდს ეტყობა, რომ სასწრაფოდ ცვლილებები სჭირდება, ვერც ერთ მოთამაშეზე ვერ ვიტყოდით, რომ შეხვედრა კარგად ჩაატარა. იმავეს თქმა შეიძლება ლეო მესისა და ანტუან გრიზმანზეც, რომელმაც მორიგი უფერული შეხვედრა შემოგვთავაზა. ასე რომ, ასეთი შეხვედრის შემდეგ არავის გაუკვირდებოდა გუნდის კრიტიკა. თუმცა, გულშემატკივრებმა მთლიანად "ბარსელონა" და კონკრეტულად ლეო მესი მარცხის შემდეგ მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად პედრის გაგზავნის გამო გააკრიტიკეს.
  ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ტვიტერზე დაწერა: "გუნდის კაპიტანი მესია, მარცხის შემდეგ კომენტარს 17 წლის პედრი არ უნდა აკეთებდეს". "მატჩის შემდგომ ინტერვიუზე 17 წლის პედრი გაუშვეს, ეს არ მეტყველბს კარგად მესიზე, როგორც კაპიტანზე". "მნიშვნელოვანი შეხვედრის წაგების შემდეგ ინტერვიუს 17 წლის ბიჭი აკეთებს და არა კაპიტანი ან გუნდის ვეტერანი. როგორი სირცხვილია". ჟურნალისტებთან საუბრისას პედრიმ განაცხადა: " შეტევაში ბევრი არაფერი გამოგვივიდა, როგორც ბოლო შეხვედრებში, პირველი ტაიმის მიწურულს გაშვებულმა გოლმა კი ჩვენზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის გამოსასწორებლად. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ვფიქრობ, შევძლებთ კონკურენციის გაწევას დანარჩენი ტიტულის მაძიებლებისთვის". პრინციპულ მეტოქესთან მარცხის შემდგომ მართლაც უმჯობესი იქნებოდა მედიასთან კომენტარი გუნდის რომელიმე გამოცდილ ფეხბურთელს გაეკეთებინა, თუმცა ბარსამ ამ როლზე 17 წლის პედრი შეარჩია, რამაც გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. მომდევნო შეხვედრას ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე კიევის "დინამოსთან" გამართავს.    

სხვა სტატიები