Belive

ბოლო ათწლეულის 10 საუკეთესო მატჩი პრემიერ ლიგაში (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
მსოფლიოში კორონავირუსის გამო ყველა სპორტული ღონისძიება გაჩერებულია. 2020 წელს დეკადა დაიხურა და ახალი ათვლა დაიწყო. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ, ბოლო დეკადის 10 საუკეთესო მატჩს, რომლებმაც გულშემატკივრები აღფრთოვანებაში მოიყვანა.

10. "ტოტენჰემი" 5:3 "ჩელსი"  (2015 წ.) 

იმ დროისთვის "ჩელსი" პრემიერ ლიგას ლიდერობდა, თუმცა ჰარი კეინმა "არისტოკრატები" არ დაინდო და ორი გოლი გაუტანა. ინგლისელი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

9. "ლივერპული" 2:2 "ჩელსი" (2013 წ.)

ხსენებულ მატჩში, ლუის სუარესმა, ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა და 10 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. საინტერესო ფაქტი გახლავთ ის, რომ არასპორტული საქციელის მიუხედავად, სუარესი მინდვრიდან არ გააგდეს და მატჩის 97-ე წუთზე, ურუგვაელმა ლონდონელებს ანგარიში გაუთანაბრა.

8. "ლესტერი" 5:3 "მანჩესტერ იუნაიტედი" (2014 წ.)

საოცარი და დაუვიწყარი მატჩი ამ ორი გუნდის შესრულებით. პირველი ტაიმის შემდეგ "ეშმაკები" 3:1-ს იგებდნენ. მეორე ტაიმში "მელიები" გამოცოცხლდნენ და საოცარი "ქამბექი" შემოგვთავაზეს. საბოლოო ანგარიში ლეონარდო ულოამ დააფიქსირა.

7. "ნორვიჩი" 4:5 "ლივერპული" (2016 წ.)

კიდევ ერთი საოცარი "ქამბექი" "მერსისაიდელთა" შესრულებით. მატჩის 54-ე წუთზე მასპინძლები 3:1-ს იგებდნენ. ამის შემდეგ იურგენ კლოპის შეგირდებმა საოცრება ჩაიდინეს. 74-ე წუთზე, სტუმრები წინ გავიდნენ. "ნორვიჩი" ბოლომდე იბრძოდა და ანგარიში მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გაათანაბრა. ყველა ფიქრობდა, რომ მატჩი ასე დასრულდებოდა, მაგრამ "ლივერპულის" გეგმებში ეს არ შედიოდა: ადამ ლალანამ მატჩის 95-ე წუთზე, გუნდს ეფექტური დარტყმით გამარჯვება მოუპოვა.

6. "არსენალი" 2:3 "ტოტენჰემი" (2010 წ.)

ნასრისა და შამახის გოლების წყალობით, "მეთოფეები" მეტოქეს ამარცხებდნენ, თუმცა იმჟამად ჰარი რედნაპის ხელმძღვანელობით, "ტოტენჰემმა" შეძლო და ურთულესი "ქამ ბექი" შეასრულა. ანგარიშში სხვაობა გარეთ ბეილმა შეიტანა, შემდეგ ვან დერ ვაარტმა ზუსტად შეასრულა პენალტი და ბოლოს ჰოლანდიელი ფეხბურთელის ჩაწოდებას იონეს ქაბულის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა.

5. "კრისტალ პალასი" 3:3 "ლივერპული" (2014 წ.)

"ლივერპულის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე: მას შემდეგ რაც ბრენდან როჯერსის შეგირდები საკუთარ სტადიონზე "ჩელსისთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ, ჩემპიონობის მოსაპოვებლად "მერსისაიდელებს" სტუმრად "კრისტალ პალასთან" გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდათ.  "მერსისაიდელები" მატჩს 3-ბურთიანი უპირატესობით იგებდნენ და თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ სტუმართა სამწუხაროდ, მოხდა რაღაც ამოუხსნელი და გუნდმა მიყოლებით 3 გოლი გაუშვა. საბოლოო ჯამში, მატჩი ანგარიშით 3:3 დასრულდა, "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპულს" გადაასწრო და ჩემპიონები სწორედ "ქალაქელები" გახდნენ. გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ ატირებული ლუის სუარესი.

4. "მანჩესტერ სიტი" 2:1 "ლივერპული" (2019 წ.)

კიდევ ერთი დრამატული მატჩი "ლივერპულის" მონაწილეობით. 2019 წლის სეზონი, "მერსისაიდელებმა" 1 ქულით წააგეს. ჩემპიონი ისევ "მანჩესტერ სიტი" გახდა. ხსენებულ მატჩში, კლოპის გუნდს, თუნდაც ერთი ქულამ რომ აეღო, ისინი ნანატრ ტიტულს იზეიმებდნენ. გამოსარჩევია სადიო მანეს მომენტი. სენეგალელს, გოლის გასატანად, სულ რაღაც მილიმეტრები დააკლდა.

3. "მანჩესტერ იუნაიტედი" 8:2 "არსენალი" (2011 წ.)

2011 წლის 28 აგვისტო, "მეთოფეების" ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინო დღეა.  პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მხოლოდ 3:1 იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ფერგიუსონის ბიჭებმა, მეტოქეს 5 გოლი გაუტანეს და მატჩი გამანადგურებელი ანგარიშით დასრულდა. მატჩში ორი ულამაზესი გოლის გატანა ეშლი იანგმა მოახერხა.

2. "ნიუკასლი" 4:4 "არსენალი" (2011 წ.)

პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი. "მეთოფეები" მე-3 წუთზე უკვე 2:0-ს იგებდნენ. მე-10 წუთზე 3:0-ს, ხოლო რობინ ვან პერსიმ მე-4 გოლი, 26-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა. "ნიუკასლის" გულშემატკივრების გარკვეულმა ნაწილმა, სტადიონი დატოვა. მეორე ტაიმში მასპინძლები გარდაიქმნენ და მეტოქეს ანგარიში გაუთანაბრეს. აღსანიშნავია, რომ მე-2 ტაიმში სტუმრებს დიაბი გაუძევეს.  მატჩის მიწურულს, მე-4 გოლი ჩეიკ ტიოტემ, შორიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა და იგი "ნიუკასლის" ისტორიაში შევიდა. სამწუხაროდ ტიოტე 2017 წელს გარდაიცვალა. გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ ტიოტე - "ნიუკასლის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე  დასამახსოვრებელი გოლის ავტორი.

1. "მანჩესტერ სიტი" 3:2 "ქუინს პარკ რეინჯერსი" (2011 წ.)

პრემიერ ლიგის ისტორიაში, თავისი მნიშვნელობით ალბათ ყველაზე დრამატული მატჩი. "სიტი" და "იუნაიტედი" თავიანთ მატჩებს, ბოლო ტურში, ერთმანეთის პარალელურად თამაშობდნენ. გუნდებს თანაბარი ქულები ჰქონდათ და ამ შედეგით ჩემპიონები "ქალაქელები" ხდებოდნენ.  "იუნაიტედმა" თავისი მატჩი სტუმრად "სანდერლენდთან" უეინ რუნის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო. "ეშმაკების" შეხვედრა, რამდენიმე წუთით ადრე დასრულდა და მთელი მსოფლიო "სიტის" მატჩის დასრულებას ელოდა. ყველასთვის მოულოდნელად "ქალაქელები" 90-ე წუთზე შინ 1:2 მარცხდებოდნენ და გულშემატკივრების 99 %-ს, ჩემპიონი ფერგიუსონის გუნდი ეგონა. მთელი მანჩესტერი ელოდებოდა თამაშის დასრულებას. "იუნაიტედის" ფეხბურთელები ერთმანეთს ჩემპიონობას ულოცავდნენ, მაგრამ ედინ ჯეკომ სიტუაცია დაძაბა და მსაჯის მიერ დამატებულ დროში ანგარიში გაათანაბრა. ეს შედეგი "სიტის" ხელს არ აძლევდა, მათ აუცილებლად უნდა გაემარჯვათ. დადგა მატჩის 95-ე წუთი. ბალოტელის თავგანწირული თამაშის შედეგად, ბურთი აგუეროს მიუვიდა, რომელიც დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა. რამდენიმე ნაბიჯი დარტყმა დაააააააააააააააააა "სიტი" ჩემპიონია. მთელ მსოფლიოს ახსოვს კომენტატორ მარტინ ტაილერის ემოციები და მისი ხმა: "აგუეროოოოოოო". უდავო ფაქტია, რომ ეს დღე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთერთ ყველაზე გამორჩეული და დრამატულია. არგენტინელმა თავდამსხმელმა "ქალაქელებს" ნანატრი ჩემპიონობა აჩუქა და ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა.

სხვა სტატიები