Belive

ავთანდილ შენგელია: "ეს ჩვენთვისაც დაუჯერებელი ამბავია" 

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
2020 წლის სეზონში, ეროვნულ ლიგას დებიუტანტი ეყოლება. თბილისის "მერანი" ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილი "ნორჩი დინამოა", რომელმაც სახელი შეიცვალა და რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონალური ლიგიდან უმაღლეს დივიზიონში ამოაღწია. გუნდის მიერ გავლილი გზის, ამჟამინდელი მდგომარეობისა და სამომავლო მიზნების შესახებ Live.ge-სთან ინტერვიუში "მერანის" მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ შენგელიამ ისაუბრა. "მერანი" ეროვნულ ლიგაში დებიუტანტია. როგორი იყო უმაღლეს დონემდე მოსასვლელი გზა?  მას მერე, რაც "ნორჩმა დინამომ" სახელი შეიცვალა. თბილისის "მერანმა" რთული, ოთხწლიანი გზა განვლო. დავიწყეთ რეგიონალური ლიგიდან და ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაღწიეთ ეროვნულ ლიგაში. შეიცვალა სახელი, მაგრამ არა გუნდის საფუძველი და მიზანი. ეს ჩვენთვისაც დაუჯერებელი ამბავია, რადგან ყველაფერი ბავშვთა ფეხბურთიდან დავიწყეთ და დღეს საუკეთესო გუნდებს შორის ვართ. ბავშვთა ფეხბურთი ახსენეთ, "საბურთალომაც" ასე დაიწყო, ბოლოს კი ტიტულების მოგება და ევროტურნირებზე თამაში შეძლო. რამდენად აქვს "მერანს" იგივე გზის გავლის პერსპექტივა? ცხადია, საფეხბურთო თვალსაზრისით საბურთალოს გზის გავლა ჩვენი მიზანი იქნება. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ ევროტურნირებზე გავიდეთ. თუმცა, ფინანსურად ამ კლუბს ვერ შევედრებით. მათ საფეხბურთო სკოლას გაცილებით ძლიერი მხარდაჭერა აქვს და ფინანსურადაც უფრო გამართული კლუბია. პირობებით, ჩვენ უფრო ღარიბები ვართ და აქედან გამომდინარე საქართველოს ექს-ჩემპიონს ვერ შევედრებით, მაგრამ ვეცდებით ჩვენი რესურსისა და შემართების ხარჯზე იგივე გზა გავიაროთ. როგორც კლუბისთვის, ისე პირადად თქვენთვის ეროვნულ ლიგაში სადებიუტო სეზონია. როგორია მოლოდინი და მიზანი? გაცილებით გართულებულ დონეზე გადავდივართ. საფეხბურთო თვალსაზრისით თამაში უფრო გაძნელდება, როგორც ტექნიკურად, ისე ტაქტიკურად. უფრო მეტი ფიზიკური ორთაბრძოლა მოგვიწევს. ცხადია, უფრო დიდი დატვირთვით უნდა მოვემზადოთ. თუ აქამდე 100%-ით ვიხარჯებოდით, ახლა 150%-ით უნდა დავიხარჯოთ. პროგრამა მინიმუმი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, მაგრამ ევროსაგზურის მოსაპოვებლად აუცილებლად ვიბრძოლებთ.
No description available.
რომელ გუნდებს მიიჩნევთ მთავარ მეტოქედ?  არ ვფიქრობთ კონკრეტულ მეტოქეებზე, რომელზე სწორებასაც გამოკვეთილად ავიღებთ. ყველა გუნდს როგორც მთავარ მეტოქეს ისე ვუყურებთ და შევეცდებით, რომ ჩვენც ყველა გუნდი ასე აღგვიქვამდეს. ჩემი, როგორც მწვრთნელის ხედვა არის ის, რომ გუნდი ნებისმიერ მატჩში და ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეს. გუნდი ამ მოტივით არის მომზადებული და ფსიქოლოგიურად ეროვნულ ლიგაში გამარჯვებისთვისაა განწყობილი. გადაწყდა თუ არა სად ითამაშებს მერანი, ვიდრე  ახალი სტადიონი ექნება და როდის დასრულდება მშენებლობა? ლილოში ჩვენი ბაზა და სტადიონი შენდება. 2 ახალი მოედანი გვექნება: ერთი ბუნებრივი, მეორე ხელოვნური, მშენებლობა ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურ მხარდაჭერას გვიცხადებს და ეტაპობრივად უკეთესი პირობები გვექნება. რამდენიმე ვარიანტი არსებობდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ "მერანი" საშინაო მატჩებს "მიხეილ მესხი 2-ზე" გამართავს. როგორი გამოდგა სატრანსფერო პერიოდი? როგორია ამჟამად გუნდის შემადგენლობა? სასიამოვნოა, რომ გუნდის ბირთვი შევინარჩუნეთ. თითქმის არავინ წასულა, სამაგიეროდ ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ. რადგან ძირითადი ნაწილი შენარჩუნდა და ახალწვეულებმაც თავი უკვე კარგად წარმოაჩინეს, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, სეზონის დაწყებამდე ახალ ფეხბურთელს აღარ დავიმატებთ. დიდი იმედი გვაქვს ახალ სეზონში უფრო კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ, ვიდრე წინა გათამაშებაში.
No description available.
ახალი სეზონის დაწყებამდე შეკრების გავლას სად გეგმავთ? ვაპირებდით, რომ შეკრება უცხოეთში გაგვევლო, თუმცა, სამწუხაროდ, ფინანსური მხარდაჭერის არქონის გამო, იძულებულები ვართ ქვეყნის ფარგლებში მოვემზადოთ. ამიტომ, ბათუმში, 10 დღით შევიკრიბებით და რამდენიმე ამხანაგურ მატჩსაც ჩავატარებთ, შემდეგ კი ეროვნული ლიგის სადებიუტო შეხვედრაც მოგვიწევს. პირველ მატჩს ეროვნულ ლიგაში სწორედ ბათუმის დინამოსთან მართავთ. გუნდი ვიცე-ჩემპიონია, თუმცა წინა წელს თქვენს მსგავსად ქვედა ლიგიდან ამოვიდა. როგორ შეაფასებთ მათ ძალებს და რამდენად აქვს "მერანს" იგივე გზის გავლის შანსი?  ბათუმში ვემზადებით და "დინამოსაც" იქვე შევხვდებით. ცხადია, აჭარული კლუბი საჩემპიონო და ლიგაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ზამთარში გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა, რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელიც დაიმატა, ხელმძღვანელობა კი ძალიან გამოცდილი, საქმის მცოდნე და პროფესიონალი ჰყავს. ვინაიდან პირველ ტურში მათთან ვთამაშობთ, როგორც იტყვიან, იმედია მათი წყალი გადმოგვესხმება და სეზონის ბოლოს ევროსაგზურს მოვიპოვებთ.
No description available.

სხვა სტატიები