Belive

აზარის მიზანი ელ კლასიკოსთვის დაბრუნებაა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გასულ ზაფხულს მადრიდის "რეალში" გადასვლის შემდეგ, ედენ აზარი მუდმივმა ტრავმიანობამ დატანჯა. სახელოვანი ბელგიელი ვარსკვლავი "სტემფორდ ბრიჯიდან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დიდი იმედებით გადაბარგდა - თუმცა ტრავმებმა მის მადრიდულ კარიერას დაღი დაასვა. მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისურით აზარის დებიუტი არ შედგა. მატჩის წინ აზარმა კვლავ ტრავმა მიიღო. ზინედინ ზიდანს ბელგიელი ვარსკვლავის გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აზარი 3-4 კვირას იუქმებს. მიმდინარე სეზონის პირველ ელ კლასიკომდე აზარი "ლევანტესა" და "კადისის" წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს და UEFA-ს ერთა ლიგაზე ასპარეზობასაც ვერ შეძლებს. სეზონის პირველი ელ კლასიკო 25 ოქტომბერს, "კამპ ნოუზე" გაიმართება - აზარის მთავარი მიზანი სწორედ უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის დაბრუნებაა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო აზარმა გასული სეზონის ორივე ელ კლასიკო გამოტოვა. 2019 წლის 7 ივნისს, აზარი "რეალს" დაახლოებით 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. შეიძლება ითქვას, რომ ხშირი ტრავმების გამო აზარმა მასზე გაცემული ავანსები ჯერ ვერ გაამართლა. გასულ სეზონში, აზარმა ლა ლიგის მხოლოდ 16 შეხვედრაში მოირგო "სამეფო კლუბის" მაისური და 1 გოლის გატანა შეძლო. აზარის გამო ზინედინ ზიდანიც გააკრიტიკეს - კრიტიკოსების აზრით, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, ძირითად შემადგენლობაში აზარის დაყენების ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცემოდათ შანსი, რომლებიც ვარსკვლავები არ არიან მაგრამ უკეთ თამაშს შეძლებდნენ.

სხვა სტატიები