Belive

აზარის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონი ევროთი შემცირდა მას შემდეგ, რაც "რეალს" შეუერთდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
29 წლის ბელგიელი შემტევი "მადრიდის რეალს" 16 თვის წინ შეუერთდა. ის კლუბში "ჩელსიდან" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით მივიდა. ბევრი თვლის, რომ აზარი მხოლოდ ნეიმარს, რონალდუს და მესის თუ ჩამორჩება სათამაშო ხარისხით. რასაკვირველია, აზარის პროფესიონალიზმსა და მის საოცარ შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ბელგიელი ჯერჯერობით ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას მადრიდში. თუმცა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზარი ტრავმებმა გააწამა. პირველსავე სეზონში "რეალის" შემადგენლობაში მან რამდენიმე სერიოზული ტრავმა მიიღო, 2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული 2020 წლის მაისის ჩათვლით აზარმა 20 შეხვედრა გამოტოვა.
საერთო ჯამში კი ბელგიელმა "რეალის" შემადგენლობაში 35 შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 22 შეხვედრა გამართა კლუბის მაისურით. იმის გათვალისწინებით, რომ შემტევის კარიერა "რეალში" რბილად რომ ვთქვათ, ისე ვერ აეწყო, როგორც ამას უმრავლესობა მოელოდა, გასაკვირი არ იქნებოდა, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება შემცირებულიყო. მაგრამ მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება არა მხოლოდ შემცირდა, არამედ მკვეთრად დაეცა. Transfermarkt-ის მიხედვით ბელგიელის ახლანდელი სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ 60 მილიონი ევროა. 2019 წელს, როდესაც აზარმა "ჩელსი" დატოვა, მისი სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონ ევროს შეადგენდა. გამოდის, რომ ბელგიელი შემტევის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონი ევროთი დაეცა. იმედია, ედენ აზარი შეძლებს ტრავმებს დააღწიოს თავი და საკუთარი სრული პოტენციალი გამოავლინოს "მადრიდის რეალში".  როცა ბელგიელი ფორმაშია, მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა!

სხვა სტატიები