Belive

ბაიერნმა რიბერი უცენზურო გამონათქვამის გამო დასაჯა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მიუნხენის "ბაიერნმა" ფრენკ რიბერის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო: საქმე ეხება ფრანგი ნახევარმცველის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც რიბერი კრიტიკოსებს არცთუ დადებითი სიტყვებით მოიხსენიებდა. გასულ კვირას ტაბლოიდებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დუბაიში მყოფმა რიბერიმ რესტორანში ისადილა და €1200-ის ღირებულების სტეიკი დააგემოვნა. ამის გამო, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა რიბერი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რასაც ფრანგმა უცენზურო პოსტით უპასუხა. Live.ge-ის მკითხველის პატივისცემით, ჩვენ არ შემოგთავაზებთ რიბერის პოსტის ზუსტ თარგმანს, თუმცა გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ მან კრიტიკოსებს დედები, ბებიები და მთელი საგვარეულო შეუგინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რიბერი რესტორანში სარეკლამო აქციის ფარგლებში იყო დაპატიჟებული. თუმცა მიუნხენურმა გუნდმა მიიჩნია, რომ რიბერის მხრიდან გულშემატკივრების შეურაცხყოფა დაუშვებელი იყო. რიბერის დასჯასთან დაკავშირებით განცხადება "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა და ყოფილმა ფეხბურთელმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა გააკეთა: "მე ფრენკს (რიბერი) დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრებოდი. მან უკვე იცის, რომ მის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება. მისი ქმედება "ბაიერნის" ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის და რიბერის, როგორც გულშემატკივრებისთვის მისაბაძ ადამიანს, მსგავსი რამის გაკეთების უფლება არ გააჩნია," აღნიშნა სალიჰამიჯიჩმა.

იხილეთ პოსტი, რომელიც რიბერიმ რესტორანში ვიზიტისას გამოაქვეყნა

სხვა სტატიები