Belive

ბაიერნმა სვირინგის გაკეთების გამო ტოლისო დააჯარიმა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო მსხვილ ჯარიმას გადაიხდის და უქმეებზე გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს. მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობამ ტოლისოს დასჯის თაობაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფრანგმა ფეხბურთელმა ახალი სვირინგი გაიკეთა. საქმე სვირინგის მნიშვნელობაში არაა, უბრალოდ ტოლისოს ქმედება კორონავირუსის პანდემიის პირობებში დადგენილ სამედიცინო პროტოკოლს ეწინააღმდეგება. კორენტინ ტოლისოს უპასუხისმგებლო ქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა გერმანული გრანდის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
" ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა ბუნდესლიგაში შეხვედრები იმართება. თუმცა, ამის წინაპირობა არის მოთამაშეების, მწვრთნელებისა და პერსონალის მიერ გერმანიის საფეხბურთო ლიგის  ჰიგიენის კონცეფციის პირობების სანიმუშო შესრულება. კორენტინ ტოლისომ დაარღვია ეს პირობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა სპორტულმა ხელმძღვანელობამ მკაფიოდ და ნათლად ახსნა ეს. ეს ძალიან უსიამოვნო ინციდენტია, რომლის მოთმენასაც არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ. კორენტინ ტოლისო საგრძნობ ფულად ჯარიმას მიიღებს, რომელიც საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება", - აცხადებს რუმენიგე.
ფრანგმა ნახევარმცველმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე საჯაროდ მოიხადა ბოდიში.
" მინდა ბოდიში მოვიხადო ჩემი გაუმართლებელი საქციელის გამო. ძალიან ვწუხვარ, რომ წესები დავარღვიე. ვიცი, რომ გუნდსა და გულშემატკივრებს იმედები გავუცრუე. ძალიან ვწუხვარ",- დაწერა ფრანგმა ნახევარმცველმა.
მიმდინარე სეზონში ტოლისომ ყველა ტურნირზე ერთად აღებული "ბაიერნის" მაისურით 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები