Belive

ბალოტელის გიჟური ცხოვრება მანჩესტერში: ჯარიმები, რომელიც იტალიელს ინგლისში დააკისრეს​

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მარიო ბალოტელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა, რომლის კარიერის საწყისი წლებიც განსაკუთრებით აღსავსე იყო ხმაურიანი წვეულებებით, ალკოჰოლით, სამართალდამცავებთან ხშირი კომუნიკაციით და გართობის სხვადასხვა საშუალებებით. ეს ყველაფერი მისი ინგლისში ცხოვრებისა და "მანჩესტერ სიტიში" თამაშის პერიოდს გამორჩეულად ახასიათებს. ამ თემაზე გასახსენებელი ნამდვილად ბევრია, იქნებოდა ეს გუნდის მაშინდელ მთავარ მწვრთნელ, რობერტო მანჩინისთან კონფლიქტი თუ სააბაზანოებში ფეიერვერკის გაშვება თუ სხვა ათასობით ჭორ-მართალი, რომლის ჩამოთვლასაც მთელი დღე სჭირდება. თუმცა, ამ სტატიაში მის ფინანსურ ვალდებულებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც იტალიელ თავდამსხმელს "ქალაქელების" რიგებში გამოსვლის დროს ჯარიმის სახით დაეკისრა. ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "ევერტონის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ფრენკ ლამპარდმა ჯარიმების სისტემა აამოქმედა, რომლის მსგავსი პროტოკოლიც მარიო ბალოტელის "სიტიში" ყოფნის დროსაც მოქმედებდა და მის შემოსავალს საგრძნობ დარტყმას აყენებდა. 2019 წელს BBC Radio 5 Live-თან საუბრისას, "სიტის", "ასტონ ვილას" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად ერთ-ერთმა საუკეთესო საფეხბურთო ექსპერტმა, მიკა რიჩარდსმა გაიხსენა ის ჯარიმები, რომელიც "მან სიტიში" მისი ყოფნის დროს მოქმედებდა.
"ვარჯიშზე დაგვიანების გამო 20 000 ფუნტი. ეს ძალიან ბევრია. მაგრამ ყველაფერი დანარჩენი თითქოს სინქრონიზებულია. ბალოტელის შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო მძიმედ იყო, რადგან იგი თითქმის ყველა ვარჯიშზე აგვიანებდა. ჩვენ შემდეგ მთელ ამ ფულს საქველმოქმედო ორგანიზაციებს ვაძლევდით, ასე რომ, შობის დროს ჩვენ 100 000 ან 150 000 ფუნტი მხოლოდ ბალოტელისგან გვიგროვდებოდა. თუ ჩვენ ზევით შეხვედრა გვქონდა. იგი დაღლილი მოდიოდა და შენობის ქვედა სართულზე იჯდა და ისვენებდა", - იხსენებს მიკა რიჩარდსი.
ბალოტელის ჯარიმების ისტორიას "სიტის" თანამშრომელი ლეს ჩეპმენიც იხსენებს, რომელმაც მისი ქვითრები მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც იტალიელმა "სიტი" დატოვა.
"ის იყო ყველაზე არაპროგნოზირებადი ადამიანი პლანეტაზე. როდესაც ის "არსენალთან" მატჩისას გააძევეს, გასახდელში პლაზმური ტელევიზორს ბუცი ესროლა! მაგრამ ის იყო ჭკვიანი, ის არ ყოფილა სულელი და ძალიან გულუხვი იყო. შედიოდა ავტოფარეხში და იხდიდა ყველას საწვავის ფულს ან უსახლკარო ბიჭს აძლევდა ფულს. იგი გაოცებული იყო იმით, თუ რატომ მიჰყავდათ მისი მანქანა პარკირების ადგილიდან. ეს 27-ჯერ მოხდა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მისი მანქანა დაბურულად იყო შეღებილი და ყოველდღიურად, მანჩესტერში მდებარე რესტორან სან კარლოს გარეთ, ყვითელ ზოლში აჩერებდა. მისი წასვლის შემდეგ მე კარადა გავხსენი და იქიდან პარკირების ყველა ჯარიმა ერთიანად გადმოცვივდა", - ამბობს ლეს ჩეპმენი.
ამჟამად 31 წლის ფორვარდი თურქეთის ჩემპიონატის ბინადარ "ადანა დემირსპორში" გამოდის, სადაც იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას ხელმძღვანელობით გამოდის და 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები