Belive

"ბარსელონა"გაკოტრების საფრთხის წინაშე

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
კატალონიური კლუბი საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე იმყოფება. ჯერ იყო და, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის დატოვება ლიონელ მესის სურდა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, შემდეგ კლუბი გააკრიტიკეს წარუმატებელი სატრანსფერო პოლიტიკისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბარსელონა "ბაიერნთან" 2:8 განადგურდა, ცოტა ხნის წინ კი კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ გადადგა. ახლა კი "ბარსელონა" გაკოტრების საფრთხის წინაშეა, თუ კლუბის ვარსკვლავი მოთამაშეები ხელფასის საგრძნობლად შემცირებაზე იტყვიან უარს. ყველაფერთან ერთად კლუბს ძალიან ცოტა დრო აქვს გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, "ბარსელონამ" სახელფასო ფონდი 190 მილიონი ევროთი უნდა შეამციროს, რომ სიტუაცია კრიტიკული არ გახდეს. RAC1-ის მიხედვით, კლუბმა მოთამაშეებთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ანაზღაურების 30 პროცენტით შემცირებაზე. თუმცა, შეთანხმება ხუთ ნოემბრამდე უნდა იქნას მიღწეული, სხვა შემთხვევაში კლუბი უკვე იანვარში შეიძლება გაკოტრდეს. კატალონიური კლუბის შემოსავლებს დიდი ზარალი მიაყენა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, კლუბის მაღაზიები კრიზისს განიცდიან,  კლუბის ფინანსურ  მდგომარეობაზე აისახება მაყურებელთა დაუსწრებლობაც. "ბარსელონას" დროებითი პრეზიდენტი კარლეს ტუსკეცი განმარტავს: "ჩვენი მთავარი საზრუნავი კლუბის ფინანსებია". "პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა "ბარსელონა". კლუბი დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული და ახლა ამ შემოსავალს მოკლებულები ვართ, სიტუაცია არცთუ სასიამოვნოა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი იმ პრობლემებიდან, რომლის წინაშეც ვდგავართ". ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადასალახავი პრობლემა შესაძლოა ლეო მესის კონტრაქტი გამოდგეს. როგორც უკვე ვიცით, მესიმ ამ ზაფხულს კლუბის დატოვება სცადა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს, რადგან კონტრაქტი 2021 წელს იწურება. თუ 33 წლის მოთამაშე კონტრაქტს არ დაარღვევს, მას ერთგულებისთვის უზარმაზარ ბონუსებზე ექნება უფლება. Football Leaks-ის ინფორმაციით, ლეო მესი ხელფასის სახით გასაოცარ ანაზღაურებას - 60 395 769  მილიონ ევროს ღებულობს, რაც კვირაში დაახლოებით 988 000 ფუნტი სტერლინგია. მესი აგრეთვე 13 მილიონ ფუნტ სტერლინგს იღებს ბონუსების სახით წელიწადში. იმედია, "ბარსელონა" დროულად მოახერხებს პრობლემების მოგვარებას და გაკოტრების თავიდან აცილებას, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესპანური ფეხბურთისთვის, არამედ მთლიანად საფეხბურთო სამყაროსთვის.

სხვა სტატიები