Belive

ბარსელონა მის ახალ შენაძენს კვლავ ვერ არეგისტრირებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონამ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეძენილი ფეხბურთელები დაარეგისტრირა. კატალონიელთა მხრიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, რომელსაც კვლავ აქვს პრობლემები. ესპანურმა კლუბმა ახალი ფეხბურთელების შესაძენად საკმაოდ დიდი თანხები გაიღო. იმისათვის, რომ ლევანდოვსკისა და რაფინიას "ბარსაში" ეთამაშათ, კატალონიელებმა ჯამში 90 მილიონი ფუნტი დახარჯეს. მიუხედავად იმისა, რომ კესიე და კრისტენსენი გუნდს თავისუფალი აგენტების სტატუსით შეუერთდნენ, დემბელემ და სერხი რობერტომ ახალი კონტრაქტები გააფორმეს, რამაც "ბარსელონას" პრობლემები შეუქმნა, ფეხბურთელების დარეგისტრირების საკითხში. ამ ყველაფრის ფონზე ჟიულ კუნდე ჯერაც არ არის დარეგისტრირებული. "ბარსამ" კუნდე "სევილიადან" 45 მილიონ ფუნტად შეიძინა, მაგრამ ის ვერ მიიღებს მატჩებში მონაწილეობას მანამ, სანამ კლუბში ოფიციალურად არ დარეგისტრირდება. გავლენიანი სპორტული გამოცემის Athletic-ის ცნობით, ფრანგი მცველის რეგისტრაცია ხელფასის შემცირებასა და გუნდის გაყიდვებზეა დამოკიდებული. კუნდე აცხადებს, რომ მოხარულია "ბარსელონაში" გადასვლით და სურს, რომ ტიტულების მოგებასთან ერთად საკვანძო მოთამაშეც გახდეს.
"ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ამით არ დავკმაყოფილდები. მე "ბარსელონაში" ვარ და ეს მშვენიერია, მაგრამ მეტი მინდა, მსურს ვიყო მნიშვნელოვანი მოთამაშე და უამრავი ტიტულიც მოვიგო. ეს არის ის, რაც მაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას." - განუცხადა მან Barca TV-ს.

სხვა სტატიები