Belive

ბარსელონა პოჩეტინოსთან მოლაპარაკების დაწყებას ცდილობს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

როგორც ცნობილია "ტოტენჰემმა" მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა და მის ნაცვლად პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო დანიშნა. არგენტინელ სპეციალისტს გათავისუფლებამდეც ბევრი მსურველი ჰყავდა და ახლა რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენს ინტერესს. საუბარია მიუნხენის "ბაიერნზე" და კატალონიის "ბარსელონაზე". გერმანელებმაც სულ ცოტა ხნის წინ დაითხოვეს თავიანთი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი და სურთ ახალი კარგი სპეციალისტის მიყვანა გუნდში. ყველაზე მეტად კატალონიელები აქტიურობენ , რადგან ერნესტო ვალვერდეს მუშაობით თითქმის ყველა უკმაყოფილოა. "ბარსელონას" ბოსები მაქსიმალურად ცდილობენ პოჩეტინოსთან კონტაქტის დამყარებას.

 
ბოლო პერიოდში "ტოტენჰემის" ბოსები უკმაყოფილო იყვნენ არგენტინელის ტაქტიკით და ხშირად ერეოდნენ მის საქმეში. ეს რა თქმა უნდა მწვრთნელს მოქმედების არეალს უზღუდავს, რაც ნამდვილად არ იძლევა კარგ შედეგს. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ მოულოდნელი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მიმდინარე სეზონში “ტოტენჰემს” არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვს. “სპურსს” პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
“ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან არ გვინდოდა. ეს არის ცვლილება, რომლის მიღებაც ხელძღვანელობას ძალიან გაუჭირდა. მაურისიოსთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, გუნდს ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს, ეს ჩვენი ისტორიაა. თუმცა კლუბმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მის ინტერესში შედიოდა. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად, გვჭირდება ახალი ენერგია, რომ ჩვენს გულშემატკივრებს მიმდინარე სეზონში გული არ გავუცრუოთ,”  აღნიშნულია განცხადებაში.
არგენტინელი სპეციალისტით ასევე ლონდონის "არსენალი" არის დაინტერესებული. ცნობილია, რომ "მეთოფეებმა" უნარი ემერის გამოსაცდელი ვადა მისცეს და დიდია ალბათობა იმის, რომ ესპანელს დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვენ.

სხვა სტატიები