ბარსელონა-რეალი: 10 ვარსკვლავი, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა

მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო “ელ კლასიკოსთვის” ემზადება. კვირას, 28 ოქტომბერს, 19:15 საათზე, “ნოუ კამპ”-ზე “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. შეხვედრას, რა თქმა უნდა, ინტერესი, ინტრიგა და დაძაბულობა არ აკლია, თუმცა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების გარეშე თამაში სულ მცირედით, მაგრამ მაინც აუფერულებს. კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდული კლუბი დატოვა, ხოლო ლიონელ მესი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.

“ბარსელონასა” და “რეალის” შემადგენლობაში თამაშობდნენ ფეხბურთელები, რომლებიც ორივე გუნდის ღირსებას იცავდნენ. შემოგთავაზებთ 10 ფეხბურთელს, რომლებმაც ორივე გუნდის მაისური მოირგეს.

#1 ლუიშ ფიგუ

პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც კატალონიური გრანდიდან მადრიდში ხმაურიანად გადავიდა. ფიგუში მადრიდელებმა 37.4 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, რაც იმ პერიოდში, 2000 წელს რეკორდული ფასი იყო. ლუიშ ფიგუ “რეალში” ტიტულების მოსაგებად გადავიდა. “რეალის” მაისურით პირველ “ელ კლასიკო”-ში “ნოუ კამპზე”, გულშემატკივრებმა ღორის თავი, ბოთლები და სხვადახვა ნივთები ესროლეს. მას მოღალატე უწოდეს. ფიგუმ “ბარსელონას” მაისურით “ლა ლიგა”-ში 172 შეხვედრა ჩაატარა და 30 ბურთი გაიტანა, ხოლო “რეალში” 164 მატჩში 38 ბურთის გატანა შეძლო.
ბარსელონა-რეალი: 10 ვარსკვლავი, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა 1

 

#2 ბერნდ შუსტერი

გერმანელი ფეხბურთელი “ბარსელონას” შემადგენლობაში 1980-1988 წლებში თამაშობდა. მადრიდში შუსტერი 1988 წელს გადაბარგდა და ორი სეზონი ითამაშა. 8-წლიან კარიერაში, “ბარსას” მაისურით მხოლოდ ერთი “ლა ლიგა” მოიგო. კატალონიელთა რიგებში, შუსტერმა “ლა ლიგა”-ში 170 თამაში ჩაატარა და 63 ბურთი გაიტანა, ხოლო “რეალის” შემადგენლობაში მან მხოლოდ 61 თამაშის ჩატარება მოასწრო და 13 ბურთიც მიითვალა.
ბარსელონა-რეალი: 10 ვარსკვლავი, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა 2

 

#3 რონალდო

“ფენომენი”, როგორც ამ ბრაზილიელ ფეხბურთელს მოიხსენიებენ. რონალდომ “ბარსელონას” შემადგენლობაში მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში, 1996-1997 წლებში ითამაშა. “ფენომენს” მართლაც, რომ ფენომენალური შედეგი ჰქონდა. “ლა ლიგა”-ში მხოლო 37 მატჩი ჩაატარა და 34 ბურთი გაიტანა. ყველა ტურნირზე ერთად კი 49 თამაშში 47 ბურთის გატანა შეძლო. “ბარსელონადან” ის “რეალში” არ გადასულა. ჯერ იყო “ინტერი”, სადაც 5 სეზონი ითამაშა, ხოლო იტალიური კლუბიდან, 2002 წელს გადაბარგდა მადრიდში. “ბარსელონასგან” განსხვავებით, რონალდომ “რეალში” 5 სეზონი გაატარა. “ლა ლიგაში” ითამაშა 127-ჯერ და გაიტანა 83 ბურთი. “რეალის” შემადგენლობაში 2 “ლა ლიგა” მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგა არ აქვს მოგებული.
ბარსელონა-რეალი: 10 ვარსკვლავი, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა 3

 

#4 ხულენ ლოპეტეგი

მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, ხულენ ლოპეტეგის ორივე გრანდში აქვს ნათამაშები. “რეალის” შემადგენლობაში მან 3 წელი (1988-1991) იასპარეზა და მხოლოდ 1 თამაშის ჩატარება მოასწრო. 1988 წელსვე არენდით “ლას პალმასში” გადავიდა. “ლას პალმასს” “ლოგნორესი”  მოჰყვა, შემდგომ კი “ბარსელონა”. კატალონიურ გრანდში 1994-97 წლებში სულ 5 თამაში ჩაატარა. შეიძლება ითქვას, რომ მისი კარიერა არცერთ გრანდში არ აეწყო.
ბარსელონა-რეალი: 10 ვარსკვლავი, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა 4

 

#5 რობერტ პროსინეჩკი

ხორვატი ფეხბურთელი, რომელმაც ორივე გრანდში ითამაშა. პროსინეცკი მადრიდის “რეალში” 1991 წელს “ცრვენა ზვეზდა”-დან გადავიდა. “სამეფო კლუბში” 3 სეზონის განმავლობაში ითამაშა და 55 შეხვედრა ჩაატარა. 10 ბურთის გატანა მოასწრო კიდეც. ხორვატი ნახევარმცველი 1994 წელს “ოვიედო”-ში გადავიდა, საიდანაც “ბარსელონაში” გადაბარგდა. 1995-1996 წლებში კატალონიაში მან 19 თამაში ჩაატარა და 2 ბურთი გაიტანა.
ბარსელონა-რეალი: 10 ვარსკვლავი, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა 5

 

#6 ხავიერ სავიოლა

არგენტინელი თავდამსხმელი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები სწორედ “ბარსელონაში” გაატარა, კატალონიურ გრანდში 2001 წელს მივიდა და 2007 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში მან 123 თამაშის ჩატარება მოასწრო და 49 ბურთი გაიტანა. 2007 წელსვე ის “რეალის” ფეხბურთელი გახდა. მადრიდული კლუბის შემადგენლობაში ორი სეზონი ითამაშა. “ლა ლიგა”-ში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.
ბარსელონა-რეალი: 10 ვარსკვლავი, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა 6

 

#7 გეორგ ჰაჯი

რუმინელმა შემტევმა ნახევარმცველმა, გეორგ ჰაჯიმ ორივე გრანდში 2-2 წელი ითამაშა. 1990 წელს მადრიდის “რეალში” “სტიაუადან” წავიდა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” 1992 წლამდე იასპარეზა. 64 მატჩში 16 ბურთი გაიტანა. “რეალიდან” ჰაჯი იტალიაში, კერძოდ კი “ბრეშაში” გადაბარგდა. იტალიიდან  კი რუმინეთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე ესპანეთში დაბრუნდა და კარიერა “ბარსელონაში” გააგრძელა. 1994-1996 წლებში, კატალონიელთა რიგებში 36 მატჩში მხოლოდ 7 ბურთის გატანა შეძლო.
ბარსელონა-რეალი: 10 ვარსკვლავი, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა 7

 

#8 სამუელ ეტო’ო

კამერუნელი თავდამსხმელი, რომელმაც “ბარსელონას” აღმავლობაში დიდი წვლილი შეიტანა. ცოტამ თუ იცის, რომ ეტო’ო “რეალში” თამაშობდა. 1996 წელს ის მადრიდში გადაბარგდა, თუმცა მხოლოდ მეორე გუნდთან ერთად უწევდა ვარჯიში. „რეალ მადრიდ ბ“ ესპანეთის რანგით მესამე ჩემპიონატში დაქვეითდა, სადაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს არ ჰქონდათ თამაშის უფლება. ამის გამო ეტო’ო 1997 წელს „ლეგანესში“ არენდით გადავიდა. “სამეფო კლუბში” მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. 2004 წლის ზაფხულში სამუელ ეტო’ომ „ბარსელონას“ მაისური მოირგო. კლუბმა მის სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო გადაიხადა. პირველივე სეზონში ეტო’ომ ლა ლიგის მოგება მოახერხა. 2005-2006 წლების სეზონი კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა. კამერუნელი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის, ესპანეთის სუპერთასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ასევე მოიპოვა ლა ლიგის ბომბარდირის ტიტული. “ბარსელონა”-ში კამერუნელმა 2009 წლამდე ითამაშა და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. “ბლაუგრანას” მაისურით “ლა ლიგის” 145 თამაშში 108 ბურთი გაიტანა.
ბარსელონა-რეალი: 10 ვარსკვლავი, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა 8

 

#9 ლუის ენრიკე

სამუელ ეტო’ოს მსგავსად, ლუის ენრიკეც “ბარსელონას” ლეგენდად ითვლება. მათი კარიერა “რეალში” არც ისე დასამახსოვრებელი იყო. ენრიკე “რეალში” 1991-1996 წლებში თამაშობდა. მადრიდელთა შემადგენლობაში “ლა ლიგა”-ში მან 157 თამაში ჩაატარა და 15 ბურთი გაიტანა. მადრიდიდან ენრიკე “ბარსელონა”-ში წავიდა და 8 სეზონი ჩაატარა (207 შეხვედრა, 73 გოლი). 2014 წელს ლუის ენრიკე ბარსელონაში დაბრუნდა, ამჯერად მთავარი მწვრთნელოს პოზიციაზე, სადაც 2017 წლამდე იმუშავა.
ბარსელონა-რეალი: 10 ვარსკვლავი, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა 9

 

#10 მიქაელ ლაუდრუპი

ლეგენდარული დანიელი ფეხბურთელი, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში წარმატებით იასპარეზა. კატალონიაში 5 სეზონი გაატარა და “ლა ლიგის” 4 ტიტული მოიგო. 1989-1994 წლებში ლაუდრუპმა “ბარსელონას” მაისურით 167 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 40 ბურთი გაიტანა. 1994 წელს წავიდა “რეალში”. მადრიდში 1996 წლამდე ითამაშა. 62 თამაში გამართა და 12 ბურთი გაიტანა. აღსანიშნავია რომ ლაუდრუპმა პირველსავე სეზონში შეძლო ტიტულის მოგება.
ბარსელონა-რეალი: 10 ვარსკვლავი, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა 10

 

ეს ის 10 ფეხბურთელია, რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში თავიანთი კვალი დატოვეს. კვირას, 28 ოქტომბერს კი მორიგი “ელ კლასიკო” გაიმართება, სადაც მესისა და რონალდუს გარეშე მოთამაშე გრანდებს ბევრი რამის დამტკიცება მოუწევთ.

(543)

ბარსელონა-რეალი: 10 ვარსკვლავი, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა

სტატიის ავტორი
-