Belive

ბარსელონა-სევილია (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
ესპანეთის "ლა ლიგა" სანაკრებო შესვენების შემდეგ ბრუნდება.  მე-9 ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბარსელონაში, "ნოუ კამპზე" გაიმართება, სადაც "ბარსელონა" "სევილიას" შეხვდება. სატურნირო ცხრილისა და გუნდების ამჟამინდელი სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, მატჩი დიდ ინტერესს იწვევს. "ბარსელონას" პრობლემები აქვს. გუნდს "ლა ლიგის" ბოლო ოთხ ტურში არცერთი მატჩი არ მოუგია. შესაძლო 12 ქულიდან კატალონიელებმა მხოლოდ 3 აიღეს. მცირე ჩავარდნა 23 სექტემბერს დაიწყო, როდესაც საკუთარ მოედანზე "ჟირონა" ვერ დაამარცხეს. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ამის შემდგომ იყო მარცხი, სტუმრად "ლეგანესთან". "ბარსელონამ" 2:1 წააგო. ამას მოჰყვა ისევ საშინაო შეხვედრა და ისევ ფრე. ამჯერად მეტოქე "ბილბაო" იყო. კატალონიელები მთელი მატჩის განმავლობაში მარცხდებოდნენ და მუნირ ეჰ ჰადადიმ შეხვედრის მიწურულს "ბარსელონა" წაგებისგან იხსნა. ბოლოს, "ბლაუგრანა" 7 ოქტომბერს, ვალენსიაში ჩავიდა და ადგილობრივ გუნდს "მესტალია"-ზე დაუპირისპირდა. ის მატჩიც ფრედ, 1:1 დასრულდა. შუალედში იყო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, ლონდონში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ. "ბარსელონამ" მეტოქე დაამარცხა, 2:4. შთაბეჭდილება დარჩა, რომ ერნესტო ვალვერდეს მომზადებულ გუნდს აქცენტი ევროტურნირებზე გადაჰქონდა. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე "ბარსელონა" დამაჯერებლად გამოიყურება. კატალონიელთა საქმეს ტრავმებიც ართულებს. გუნდს ორი ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი და ტომას ვერმაელენი გამოაკლდა. უმტიტი რამდენიმე თვით დაშავდა, ხოლო ვერმაელენი საკუთარ გუნდს 6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. დაცვის ცენტრში მხოლოდ ხერარდ პიკე და კლემან ლენგლე თამაშობენ. "ბარსელონა" სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება სევილიას. ანდალუსიელები მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურებიან და დამსახურებულად ლიდერობენ "ლა ლიგას". ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო ოთხი შეხვედრიდან, "სვილიამ" ყველა მოიგო. გაიტანა 14 ბურთი და მხოლოდ 4  გაუშვა. 23 სექტემბერს გუნდმა "ლევანტე" სტუმრად 2:6 გაანადგურა. შემდგომ, მადრიდის "რეალს" უშანსოდ 3:0 მოუგო. სტუმრად, 1:3 დაამარცხა "ეიბარი", ხოლო 7 ოქტომბერს "სელტას" სძლია საკუთარ მოედანზე, :1. შუალედში "სევილია" ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხდა. პაბლო მაჩინის მომზადებულმა გუნდმა "კრასნოდართან" წააგო. რუსულ კლუბს თორნიკე ოქრიაშვილმა ულამაზესი გატანილი ბურთით მოაგებინა. "სევილიას" სერიოზული დანაკლისი არ აქვს. გუნდი ბარსელონაში ოპტიმალური შემადგენლობით ჩავიდა. კარგ ფორმაშია ანდრე სილვა, რომელსაც "ლა ლიგაში" უკვე 7 ბურთი აქვს გატანილი.
"ბარსელონასა" და "სევილიას" "ლა ლიგის" ეგიდით ერთმანეთში 57 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. აქედან 35 "ბარსელონამ" მოიგო, 11 "სევილიამ", ხოლო 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა. კატალონიელებმა მეტოქეს 120 ბურთი გაუტანეს, აქედან 69 "ნოუ კამპზე", ხოლო 51 "რამონ სანჩეს პისხუანზე". 35 გამარჯვებიდან "ბარსამ" 21 იზეიმა საკუთარ კედლებში, ხოლო 14 სტუმრად. "სევილიამ", როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ 11 შეხვედრა მოუგო კატალონიურ გრანდს. აქედან 7 მატჩი საკუთარ კედლებში, ხოლო 4 "ნოუ კამპზე". "სევილიამ" მეტოქეს 60 ბურთი გაუტანა. "რამონ სანჩეს პისხუანზე" ანდალუსიელებმა 33 ბურთის გატანა შეძლეს, ხოლო სტუმრად 27-ის. "ლა ლიგაში" "ბარსელონას" "სევილიას" წინააღმდეგ 116 ქულა აქვს მოპოვებული. "სევილიას" კი კატალონიელთა წინააღმდეგ 44. "ლა ლიგის" გარდა, ამ ორი გუნდის დაპირისპირება ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებულად კარგად გვახსოვს. 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში, ევროპის სუპერ თასზე სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ის მატჩი "ბარსელონამ" 5:4 მოიგო. სწორედ თბილისში ჩატარებული შეხვედრა დასახელდა წლის მატჩად და სუპერ თასების ისტორიაში საუკეთესოს წოდებაც მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ბომბარდირი "ლა ლიგაში" 6 გატანილი ბურთით ლიონელ მესია. "სევილიას" კი 7 ბურთით ანდრე სილვა ლიდერობს. საერთო საკლუბო სტატისტიკით კი, რა თქმა უნდა, "ბარსელონა" უკეთესია:

ბარსელონა

ლა ლიგა: 25                                                                                                                     ჩემპიონთა ლიგა: 5                                                                                                          კოპა დელ რეი: 30                                                                                                           ესპანეთის სუპერ თასი: 17                                                                                             მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 3                                                                              ევროპა ლიგა: 0

სევილია

ლა ლიგა: 1 ჩემპიონთა ლიგა: 0 კოპა დელ რეი: 5 ესპანეთის სუპერ თასი: 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 0 ევროპა ლიგა: 5 "ბარსელონას" შემადგენლობაში "სევილიას" კარში ბურთის გატანა ყველაზე მეტად ლიონელ მესის უყვარს. ანდალუსიელთა კარის ბადეში მესის 24 ბურთი აქვს გახვეული.
"ბარსელონას" საშუალო ასაკი 26 წელია, ხოლო "სევილიასი" 26.8 წელი. კატალონიელთა განაცხადში, მიმდინარე "ლა ლიგაში" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი კარლოს ალენაა (20 წელი), ხოლო ანდალუსიელთა რიგებში ხუან ბეროკალი (19 წელი). რაც შეეხება ყველაზე ასაკოვან მოთამაშეს, "ბარსას" რიგებში 32 წლის ტომას ვერმაელენია, ხოლო "სევილიას" შემადგენლობაში, ასევე 32 წლის ხესუს ნავასი. "ბარსელონასა" და "სევილიას" მატჩი "ნოუ კამპ"-ზე შაბათს, 20 ოქტომბერს 22:45 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები