Belive

ბარსელონა Vs. მანჩესტერ იუნაიტედი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "ბარსელონა" საკუთარ "ნოუ კამპზე" მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩიდან გამომდინარე ფავორიტად ესპანელები ითვლებიან, რადგან სტუმრად, "ოლდ ტრაფორდზე" 0:1 მოიგეს. ერთადერთი ბურთი ლუკ შოუმ საკუთარ კარში გაიტანა.

დანაკლისი

დღევანდელ დაპირისპირებაში დანაკლისი ორივე გუნდს აქვს, თუმცა "ბარსელონა" ამ მხრივ უკეთეს სიტუაციაშია. გუნდს ტრავმების გამო მხოლოდ რაფინია და ტომას ვერმაელენი აკლია. არცერთი მათგანი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ ითვლება. რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", "წითელი ეშმაკების" მდგომარეობა შედარებით რთულია. ინგლისელებს ტრავმების გამო ანტონიო ვალენსია, ერიკ ბაიი და ანდერ ერერა არ ეყოლებათ. დისკვალიფიცირებულია ლუკ შოუ, ხოლო საეჭვოა ნემანია მატიჩისა და ალექსის სანჩესის თამაში.

რატომ გავა "ბარსელონა"?

"ბარსელონას" ნახევარფინალში გასვლა რეალურია, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდს სტუმრად მოგებული აქვს (0:1) და საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია. "ბარსელონა" ერთადერთი გუნდია მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც არ დამარცხებულა. გუნდს ჰყავს ლიონელ მესი, რომელიც 8 გატანილი ბურთით ბომბარდირია. ამას ემატება საკუთარი მოედნის ფაქტორი, სადაც "ბარსელონა" ყველასთან ფავორიტია.

რატომ გავა "მანჩესტერ იუნაიტედი"?

მიუხედავად იმისა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" საკუთარ კედლებში წააგეს, გუნდის ჩამოწერა არ შეიძლება. მერვედფინალში მათ სასწაული მოახდინეს და "პარი სენ-ჟერმენთან" 0:2 წაგების შემდეგ შეძლეს მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება. მეორე ფაქტორი არის "ბარსელონას" თამაშის სტილი მიმდინარე სეზონის მიხედვით. ერნესტო ვალვერდე გუნდს ისე ათამაშებს, როგორც სჭირდება და ძირითადად მოგებული თამაშის მერე პრაგმატიზმს მიმართავს, რაც "მანჩესტერისთვის" შანსი იქნება.

გუნდების მიმდინარე მდგომარეობა

მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ლა ლიგაში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს. გუნდი პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 9 ქულით უსწრებს. დარჩენილ 6 თამაშში კი განსაკუთრებული მეტოქე არ ჰყავს. "ბარსელონამ" ბოლო 5 თამაშში მოიგო 3 მატჩი, ხოლო 2 ფრედ დაასრულა. რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", გუნდი პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილზეა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. დარჩენილი აქვს 5 თამაში და აქედან სტუმრად სათამაშო აქვს "ევერტონთან", ხოლო საკუთარ მოედანზე "სიტისთან" და "ჩელსისთან". ეს მათ შანსებს, რომ მოხვდეს ოთხეულში, რა თქმა უნდა, ამცირებს. ბოლო 5 შეხვედრაში 3 მოიგო, ხოლო 2 წააგო. "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები