Belive

ბარსელონამ მესის €39 მილიონი უნდა გადაუხადოს

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგამ ლეო მესის ახალი კონტრაქტი არ დაარეგისტრირა და არგენტინელი სუპერვარსკვლავი იძულებული გახდა "ბარსელონა" დაეტოვებინა, კატალონიურ გრანდს არგენტინელი სუპერვარსკვლავის კოლოსალური თანხა მართებს. "ბარსელონაში" ლეო მესის ეპოქა ოფიციალურად დასრულდა - პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ვარსკვლავმა "პარი სენ-ჟერმენთან" 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც შესაძლოა 1-წლით კიდევ გახანგრძლივდეს. "ბლაუგრანასთან" არსებული მრავალწლიანი ურთიერთობის დასრულების მიუხედავად, "ბარსელონა" ვალდებულია მესის €39 მილიონი გადაუხადოს. El Mundo-ს ჟურნალისტის კოლინ მილარსის მტკიცებით, "ბარსელონასთან" არსებული უკანასკნელი კონტრაქტის თანახმად, მესის კატალონიური გრანდის ერთგულებისთვის ბონუსის სახით €72 მილიონი უნდა მიეღო.

"ბლაუგრანას" ყოფილმა პრეზიდენტმა - ხოსეპ მარია ბართომეუმ, რომელთანაც მესის არც ისე სახარბიელო ურთიერთობა ჰქონდა აღნიშნული ბონუსის 2-ეტაპად გადახდაზე თანხმობა განაცხადა. ბონუსის გარკვეული ნაწილი "ბარსელონას" 2020 წლის ივნისში უნდა გადაეხადა, დარჩენილი დავალიანება კი ზუსტად 1-წლის შემდეგ უნდა  დაეფარა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კატალონიური გრანდის ვალი €1.1 მილიარდს შეადგენს და "ბლაუგრანა" კლუბის 4 ახალწვეულს ამ დრომდე ვერ არეგისტრირებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მესი კუთვნილ ბონუსს უახლოეს მომავალში მიიღებს. 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, მესიმ მხოლოდ €8.5 მილიონი მიიღო. ნათელია, რომ "ბარსელონას" არ ძალუძს მესის კუთვნილი €39 მილიონი გადაუხადოს. ლა ლიგის ფინანსური რეგულაციების დასაცავად, მესიმ ახალ კონტრაქტში ხელფასის 50%-ით შემცირებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა "ბლაუგრანამ" ფინანსური რეგულაციების დაცვა მაინც ვერ შეძლო და კონტრაქტი არ დარეგისტრირდა. მსგავსი პრობლემის წინაშე ნეიმარიც აღმოჩნდა. 2017 წელს "პსჟ"-ში გადასვლის შემდეგ, ნეიმარმა განაცხადა, რომ "ბარსელონამ" კუთვნილი ბონუსი არ გადაუხადა, რის გამოც საქმე სასამართლო დავამდე მივიდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მესი ნეიმარის მსგავსად მოიქცეს.

სხვა სტატიები