Belive

ბარსელონამ მესის ხელფასი შესაძლოა მისი წასვლის შემთხვევაშიც კი იხადოს 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საიდუმლო არაა, რომ ლიონელ მესის "ბარსელონას" დატოვება სურს. არგენტინელი სუპერვარსკვლავის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია და უცნობია თუ სად გააგრძელებს ის კარიერას მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში 6 ოქროს ბურთის მფლობელს სერიოზული ფინანსური სარგებელი ელის. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ "ბლაუგრანას" თილისმამ და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა მშობლიური კლუბი დატოვოს, თუმცა მისგან კიდევ 4 წლის განმავლობაში ყოველკვირეული, თანაც საკმაოდ მსუყე ანაზღაურება მიიღოს. როგორც Marca წერს, 2017 წელს, მესისა და "ბარსელონას" შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობებით, მესის გარდა ხელფასის 100 მილიონი ევროთი გაზრდისა, 78 მილიონის ოდენობის დანამატიც ეკუთვნის. გათვალისწინებულია, რომ კლუბს ლეოსთვის განკუთვნილი ბონუსების შუაზე გაყოფის და ორჯერ, 39-39 მილიონად გადახდის უფლება აქვს, თუმცა კატალონიურმა გრანდმა დანაპირების შესრულება რამდენჯერმე გადაავადა. ამ მომენტისთვის თანხის პირველი ნაწილი გადახდილია - "ბარსამ" ოპერაცია წინა წლის ივლისში შეასრულა. შესაბამისად, "ბარსელონას" მესის კიდევ 39 მილიონი ევრო მართებს. კლუბმა დავალიანების დაფარვა 2020/21 წლების სეზონის ბოლოს უნდა დაიწყოს და 8 ნაწილად გადაიხადოს. შედეგად, "ბარსელონა" მესის ვალს 2025 წლისთვის გაისტუმრებს, 34 წლის შემტევი კი ყოველკვირეულად 170 000 ევროს მიიღებს. ამრიგად, შესაძლოა არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი "მანჩესტერ სიტიში", "პსჟ-ში" ან სხვა რომელიმე ევროპულ გრანდში აღმოჩნდეს, თუმცა დამატებითი შემოსავალი ისევ "ბარსელონადან" მიიღოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიონელ მესის ორი კლუბისგან მიღებული თანხა მსოფლიო სპორტში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცევს. ამ სეზონში მესიმ "ბარსელონას" მაისურით 21 შეხვედრაში ითამაშა, 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები