Belive

ბარსელონას განცხადებით, რომამ კონტრაქტზე უარი თქვა და გამპერის თასზე არ ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ბარსელონასა'' და ,,რომას'' შორის გამპერის თასის შეხვედრა აღარ შედგება. ინფორმაციას კატალონიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს:

,,ბარსელონა აცხადებს, რომ რომამ, ცალმხრივად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, შეთანხმებულ კონტრაქტზე უარი თქვა და 6 აგვისტოს გამპერის თასის შეხვედრა მათთან აღარ გაიმართება. კლუბი ახალი მეტოქის მოძიებაზე უკვე მუშაობს. მომდევნო 24 საათში მაყურებლებს ბილეთებში გადახდილი თანხა დაუბრუნდებათ. კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ მატჩის გაუქმება ბარსელონასგან დამოუკიდებელი მიზეზით, რომას გადაწყვეტილებით მოხდა. გუნდის იურიდიული დეპარტამენტი იკვლევს შესაძლო ქმედებებს იტალიური კლუბის წინააღმდეგ,'' - წერია ბარსელონას განცხადებაში.
გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ,,რომაც'' გამოეხმაურა:
,,შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ უარი ვთქვით 6 აგვისტოს ბარსელონასთან გასამართ მატჩზე. გადაწყვეტილების მიზეზი ზაფხულში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრების შეცვლის აუცილებლობაა, რათა მომავალი სეზონისთვის საუკეთესო პირობებში მოვემზადოთ. რომას მზადების პროცესის გავლა სახლთან ახლოს ურჩევნია, რათა შემცირდეს მოგზაურობის რაოდენობა. მადლობას ვუხდით ბარსელონას გამპერის თასზე მიწვევისთვის და წინასასეზონო მზადებაში წარმატებას ვუსურვებთ.''
ჟოან გამპერის თასი 1966 წლიდან იმართება. გასულ წელს ,,ბარსელონამ'' ტურინის ,,იუვენტუსს'' 3:0 მოუგო. კატალონიელებს თასი ყველაზე მეტჯერ, 44-ჯერ, აქვთ მოგებული.

სხვა სტატიები