ბარსელონას მბაპეს გაფორმება 100 მილიონად შეეძლო

“ბარსელონას” ხელმძღვანელობის ყოფილმა წევრმა ხავიერ ბორდასმა გუნდში კილიან მბაპეს მოყვანის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ბორდასის თქმით, “მონაკო” მზად იყო მბაპე “ბარსელონაში” გაეშვა, თუმცა “ბარსამ” “დორტმუნდის” ახალგაზრდა შემტევში ინვესტიციის ჩადება ამჯობინა.

ხავიერ ბორდასის თქმით:

“ბარსელონაში ნეიმარის ჩანაცვლება კილიან მბაპეს შეეძლო”.

2017 წლის ზაფხულში “ბარსელონამ” ნეიმარი სარეკორდო თანხად – 222 მილიონ ევროდ გაყიდა “პსჟ”-ში.

ბორდასი იხსენებს, რომ “ბარსელონა” შეისწავლიდა მბაპესთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობებს, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი უსმან დემბელეზე გაკეთდა.

“როცა დემბელეს ტრანსფერზე ვმუშაობდით, მე კილიანის მამას დავუკავშირდი, მან  მითხრა, რომ მბაპე “რეალში” გადასვლას დიდი კონკურენციის გამო არ აპირებდა, რადგან იმ მომენტში “რეალში” რონალდუ, ბენზემა და ბეილი ირიცხებოდნენ, ხოლო “ბარსელონაში” გადმოსვლა შეეძლო, რადგან გუნდი ნეიმარმა დატოვა და კონკურენციაც ნაკლები გახდა”.

“მონაკოს პრეზიდენტსაც ერჩივნა, რომ მბაპე “ბარსელონაში” გაეშვა და არა “პსჟ”-ში, რითიც კონკურენტს კიდევ უფრო გააძლიერებდა, მბაპეს გადმოყვანა 100 მილიონად შეგვეძლო”.

“რატომ აირჩია კლუბმა დემბელე? იმიტომ, რომ დემბელეს უფრო გუნდურ მოთამაშედ ვთვლიდით, ხოლო რაც შეეხება მბაპეს, მიგვაჩნდა, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავზე ითამაშებდა”.

საბოლოო ჯამში “ბარსელონამ” უსმან დემბელე გადაიბირა “დორტმუნდიდან” 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ახალგაზრდა ფრანგი შემტევი ნამდვილად ძალიან ნიჭიერია, თუმცა მისი კარიერა კატალონიაში კარგად ვერ აეწყო, რასაც ხელი ტრავმებმაც შეუწყო.

(58)

ბარსელონას მბაპეს გაფორმება 100 მილიონად შეეძლო

სტატიის ავტორი
-