ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული ჩემპიონთა ლიგაზე

“ბარსელონას” შემადგენლობაში 1992 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე არაერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ითამაშა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც თავი განსაკუთრებით დაამახსოვრა გულშემატკივარს და კლუბს.

გთავაზობთ “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულს ჩემპიონთა ლიგაზე.

1. მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

გერმანელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგა “ბარსელონასთან” ერთად 2015 წლის სეზონში მოიგო. ტერ შტეგენი იმ მცირერიცხოვან მეკარეებს მიეკუთვნება, რომლებიც ფეხით მშვენივრად თამაშობენ, რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან დიდი პლიუსია.

2. მარჯვენა მცველი: დანი ალვეში

დანი ალვეში “ბარსელონაში” იყო მოთამაშე, რომელიც ლეო მესისთან იდეალურად იყო შეთამაშებული, ამაზე მისი მრავალი საგოლე გადაცემა მოწმობს, რომლებიც მან არგენტინელს მარჯვენა ფლანგზე თამაშისას გაუკეთა. გარდა მშვენიერი ჩართვებისა შეტევაში, ბრაზილიელი დაცვაშიც მშვენივრად გამოიყურებოდა. ალვეშმა ლა ლიგის ექვსი და ჩემპიონთა ლიგის 3 ტიტულის მოგება შეძლო “ბარსელონასთან” ერთად.

3. ცენტრალური მცველი: კარლეს პუიოლი

კარლეს პუიოლი – “ბარსელონას” მუდმივი კაპიტანი, მცველი, რომელიც მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში “კამპ ნოუზე”, გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი. მოთამაშე ყოველთვის მზად იყო ყველაფერი გაეღო კატალონიური კლუბისთვის.

4. ცენტრალური მცველი: ჟერარდ პიკე

ჟერარდ პიკეს ესპანეთში არაერთი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ ეს განპირობებულია იმით, თუ რას საუბრობს და აკეთებს სტადიონის ფარგლებს გარეთ და არა მისი თამაშით. იმის უარყოფა, რომ პიკე თანამდროვე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელია, მის კრიტიკოსებსაც გაუჭირდებათ. ესპანელი “ბარსელონას” ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა, მას შემდეგ, რაც 2008 წელს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დაბრუნდა კატალონიურ კლუბში.

5. მარცხენა მცველი: ხორდი ალბა

მას შემდეგ, რაც კლუბი დანი ალვეშმა დატოვა, ლეო მესის შეტევაში დახმარება დაცვის ფლანგიდან თავის თავზე ესპანელმა მცველმა აიღო და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა. არაერთი გოლი და საგოლე მომენტი შექმნეს არგენტინელმა და ესპანელმა თავისი კომბინაციებით. დაცვის მარცხენა ფლანგზე სწრაფი და დაუღალავი ესპანელი, რომელიც მესისთანაც მშვენივრადაა შეთამაშებული, უკვე წლებია “ბარსელონას” ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

6. ცენტრალური ნახევარმცველი: სერხიო ბუსკეცი

“ბარსელონას” წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბუსკეცმა, შესაძლოა მისი ფიზიკური მონაცემები შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ წლების განმავლობაში ის ბრწყინვალედ კითხულობს თამაშს, აკეთებს იდეალურ გადაცემებს და კლუბის ხერხემალს წარმოადგენს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ესპანელი ნახევარმცველი პეპ გუარდიოლას ეპოქის დროს იყო.

7. ცენტრალური ნახევარმცველი: ხავი

ხავი, იყო ფეხბურთელი, რომელიც იდეალურად ასრულებდა გადაცემებს, იჭერდა ბურთს, ეხმარებოდა გუნდს, როგორც დაცვაში ისე შეტევაში, სწორედ ხავი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გუარდიოლას ბარსელონაში, გუნდი, რომელიც შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოც კი იყო.

8. ცენტრალური ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა

ინიესტა ხავისთან ერთად ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ დუეტს ქმნიდა ნახევარდაცვაში, ამ დუეტისთვის შეუძლებელი არაფერი იყო. ინიესტა გამოირჩეოდა დაუჯერებლად კარგი ბურთის კონტროლით, მშვენიერი დრიბლინგით, საოცარი გადაცემით, ესპანელი ნამდვილი შემოქმედი იყო. ინიესტას ანგარიშზეა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი – 2009 წელს “ჩელსის” კარში გატანილი გამათანაბრებელი გოლი ბოლო წუთზე, რომლის წყალობითაც “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

9. ფორვარდი: ლიონელ მესი

რა შეიძლება ითქვას ფეხბურთელზე, რომელმაც მთლიანად შეცვალა წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის შესაძლებელი ფეხბურთში? ალბათ მხოლოდ ის, რომ არგენტინელი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში, “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. თავისი ფორმის პიკში მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. საოცარი დრიბლინგი და უამრავი დაუვიწყარი მომენტი, რომლებსაც მესი თითქმის ყველა შეხვედრაში გვთავაზობდა. ლეო ახლაც ერთ-ერთი საუკეთესოა.

10. ფორვარდი: ლუის სუარესი

ურუგვაელი ფორვარდი “ბარსელონას” ყველა დროის მესამე ბომბარდია. ფეხბურთელმა ამ შედეგს კლუბში გატარებული 6 წლის განმავლობაში მიაღწია. სუარესმა “ბარსელონას” შემადგენლობაში არაერთი საოცარი გოლი გაიტანა: შორი დისტანციიდან, თავური დართყმით, დრიბლინგის შემდეგ, აკრობატულ ნახტომში და ა.შ.

11. ფორვარდი: რონალდინიო

შესაძლოა, რონალდინიომ უმაღლეს დონეზე არც ისე დიდი ხანი ითამაშა, თუმცა ბრაზილიელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო არა მხოლოდ “ბარსელონაში”, არამედ მთლიანად ფეხბურთის ისტორიაში. ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე, მისთვის ბურთით შეუძლებელი არაფერი იყო, თამაშის განუმეორებელი სტილი, რომელმაც არაერთ გულშემატკივარს შეაყვარა ფეხბურთი. ფეხბურთელი, რომელიც თამაშით სიამოვნებას თვითონაც იღებდა და სხვასაც ანიჭებდა.


ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული ჩემპიონთა ლიგაზე 1


 

 

(76)

ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული ჩემპიონთა ლიგაზე

სტატიის ავტორი
-