Belive

ბარსელონას ყველაზე ცუდი ტრანსფერი ისტორიაში? 14 მილიონიდან თავისუფალ აგენტამდე

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
2009 წლის ივლისში ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი კეირისონი "ბარსელონაში" დიდი მომავლითა და იმედებით ჩავიდა. თუმცა, დღეს, ტრანსფერიდან 11 წლის შემდეგ, 31 წლის სამხრეთ ამერიკელი კლუბის გარეშეა. ცხადია, ისეთ გუნდში, როგორიცაა "ბარსელონა", ყველა ახალწვეული მესის მსგავსად ვერ გაამართლებს - "კამპ ნოუს" ზეწოლის გამკლავება მხოლოდ ერთეულების ხვედრია. რაც შეეხება კეირისონს, ის კატალონიელებმა 2009 წლის ზაფხულში 14 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.
5f22ff4671ee8
მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ძალიან იმედისმომცემი თავდამსხმელი ისტორიაში "ბლაუგრანას" ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერის სახელით შევიდოდა. არადა, სხვა ბრაზილიელების მსგავსად, კეირისონს "ბარსელონაში" სულ სხვაგვარი ისტორიის დაწერა შეეძლო. თინეიჯერობის ასაკში ბრაზილიელმა მშობლიური "კორიტიბას" მაისურით გაიბრწყინა და კლუბს სერია A-ში აღზევებაში დაეხმარა. 2008 წელს მან 54 მატჩში 41 გოლი გაიტანა, ხოლო 21 ბურთით ბრაზილიის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი გახდა.
2009 წლის იანვარში კეირისონი "პალმეირასმა" წაიყვანა, თუმცა ფეხბურთელმა გუნდი 3 თვეში დატოვა და მან "დეპორტივო ბრაზილს" მიაშურა. სწორედ აქედან, 2009 წლის ზაფხულში დაიწყო სამხრეთ ამერიკელის ევროპული კარიერა.
კატალონიურ გრანდში ტრანსფერიდან 5 დღეში ის "ბენფიკაში" გაანათხოვრეს. სწორედ ლისაბონური კლუბიდან დაიწყო კეირისონის იჯარით გაშვებების მთელი სერია. "ფიორერტინა", "სანტოსი" "კრუზეირო", "კორიტიბა" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, სადაც 31 წლის ფეხბურთელმა არენდით ითამაშა.
"მე ყოველთვის მივყვები იმ ბრაზილიელ ფეხბურთელებს, რომლებმაც აქ ითამაშეს. ძალიან ბედნიერი ვარ "ბარსელონაში" გადმოსვლით, ჩემი ოცნებების ასახდენად. ვიმედოვნებ, რომ გვარდიოლას შემადგენლობაში მოვხვდები და სხვა ბრაზილიელ თანაგუნდელებს შევუერთდები. იღბლიანი ვარ, რადგან ასეთ ახალგაზრდა ასაკში მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მოვხვდი," - თქვა კეირისონმა კატალონიაში ჩასვლის შემდეგ, თუმცა კლუბთან გაფორმებული 5-წლიანი კონტრაქტი ისე ამოიწურა, რომ ოფიციალური თამაში მას იქ არ ჩაუტარებია.
  საბოლოოდ, კეირისონი 2014 წელს სამშობლოს დაუბრუნდა. ფეხბურთელი, რომელშიც 14 მილიონი იმ დროს გადაიხადეს, როდესაც ძვირადღირებული ტრანსფერები ჯერ კიდევ ნაკლებად იყო, "კორიტიბას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კეირისონი 18 თვეა კლუბის გარეშეა. ახლა უკვე ასაკში შესული ბრაზილიელი 300 ათას ევროდაა შეფასებული.

სხვა სტატიები