Belive

ბართომეუ - ადამიანი, ვის გამოც ისტორია სრულდება

3 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
"ბარსელონაში" არეულობაა: 18 აგვისტოს, გუნდის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, განცხადება გააკეთა: "ლეო მესის კარიერის დასრულება ბარსელონაში სურს. მას ჩვენთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ლეოს რეგულარულად ვესაუბრები და ამ მომენტში ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ პროექტსა და ახალ გუნდზე უნდა ვიფიქროთ". პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, მოვლენები სრულიად სხვანაირად განვითარდა.1 კვირის შემდეგ, გავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს გუნდის ნაადრევად დატოვება სურდა. არგენტინელს "ბარსას" ძირითად გუნდში 15 წელი აქვს გატარებული და ამ პერიოდში, მან 634 გოლსა და 34 ტიტულს მოუყარა თავი. ვინ წარმოიდგენდა, რომ მესი შეიძლება ასე წავიდეს? ესპანეთში კორონავირუსი მძვინვარებს და მისი გაცილების დღეს, სტადიონი არ გაივსება, მესი "კამპ ნოუზე" შეკრებული ქომაგების მხურვალე აპლოდისმენტებს და შეძახილებს ვერ მოისმენს. ამდენი გამარჯვებისა და წარმატების ფონზე, მისი ბოლო მატჩი "ბაიერთან" მიღებული შავი ლაქა (2:8) უნდა იყოს?

"ბაიერნთან" განადგურების შემდეგ, ბართომეუმ განაცხადა, რომ გუნდის პრეზიდენტის პოსტის ნაადრევად დატოვებას არ განიხილავდა. მისი თქმით, დარჩენილი 12 თვის განმავლობაში, საჭირო იყო სწრაფი და ქმედითი ცვლილებები, რომელიც ახალ გუნდს ჩაუყრიდა საფუძველს. მისივე თქმით, ახალი პროექტის მთავარი მამოძრავებელი ძალა ლიონელ მესი უნდა ყოფილიყო. ბართომეუმ გუნდიდან მთავარი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი, კიკე სეტიენი და ერიკ აბიდალი გაათავისუფლა. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ლეგენდარულ ჰოლანდიელ მცველს, რონალდ კუმანს დაევალა. The Athletic-ის წყაროს თანახმად, ბართომეუს გეგმების ამოცნობა მისი საუბრიდან შეუძლებელია. "თქვენ მას არ იცნობთ, დარწმუნებული ვარ, რომ მას მესის წასვლა სურს. სწორედ ბართომეუს პერიოდში, გუნდს დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა, რომლის აღმოფხვრაც, მესის გაყიდვით არის შესაძლებელი," - ამბობს კატალონიური კლუბის ერთ-ერთი უფროსი რგოლის მენეჯერი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ესპანური მედიის ცნობით, მესის გუნდის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლო: Mundo Deportivo-ს თანახმად, აღნიშნული საკითხი არგენტინელის კონტრაქტში იყო გათვალისწინებული. თუმცა მოგვიანებით, ლა ლიგამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესის კონტრაქტის გამოსყიდვა მსურველს 700 მილიონ ევროდ (!!!) შეეძლო.
"ერთი პრობლემაა ის, რომ ბარსელონა ფეხბურთელებში ძალიან დიდ თანხას იხდის. მეორე პრობლემა კი სახელფასო პოლიტიკაა. კორონავირუსიდან გამოწვეული დარტყმების ფონზე, აღნიშნული ორი პრობლემა ბართომეუსთვის დიდ ფინანსურ თავისტკივილად გადაიქცა. ამიტომ ბართომეუმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მესი გუნდიდან წასულიყო."

წლების წინ, ხოსეპ მარია ბართომეუს გაპრეზიდენტებას არავინ ელოდებოდა: მისი წინამორბედი, სანდრო როსელი “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტს 2010-დან 2014 წლამდე იკავებდა. ფულის გათეთრების ბრალდება მას ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის შეძენის შემდეგ წაუყენეს, რის გამოც მას საპატიმროში ყოფნა 2 წლის განმავლობაში მოუწია. როსელის გადადგომის შემდეგ, მისი პოსტი ბართომეუმ დაიკავა.
"ბართომეუ როსელის ახლო მეგობარია. როსელს ასეთი პოლიტიკა ჰქონდა: ყველაფერი, რაც ხუან ლაპორტას, იოჰან კრუიფს ან პეპ გვარდიოლას უკავშირდებოდა, უნდა წაშლილიყო და გუნდი ახალ რელსებზე გადასულიყო. ამან კი "ბარსელონა" კოლაფსამდე მიიყვანა. ბართომეუს გუნდში უდიდესი ძალაუფლება აქვს და პრაქტიკულად, ყველაფერს თავად წყვეტს. ლაპორტას მმართველობის პერიოდში, გუნდს მხოლოდ 1 სპორტული დირექტორი, ჩიკი ბეგირისტაინი ჰყავდა - ადამიანი, რომლის ანალოგიურ პოსტზე დანიშვნაც გვარდიოლამ "სიტიში" ითხოვა. როსელმა ბეგირისტაინი ზუბისარეტათი ჩაანაცვლა, რომელიც ბართომეუმ გააგდო, სუბისარეტას კი რობერტ ფერნანდესი, პეპ სეგურა, ერიკ აბიდალი და რამონ პლანესი მოჰყვნენ. ბართომეუ პირდაპირ არის ჩართული თითოეულ იმ ტრანსფერში, რომელმაც გუნდს დიდი ფინანსური დარტყმა მიაყენა. მეტსაც გეტყვით, მას გუნდის ფეხბურთელებისგან დაფასება არ აქვს, რადგან უმეტეს შემთხვევაში, დანაპირებს არ ასრულებს."

ბართომეუ და "ბარსელონა" დღის წესრიგში მყოფ ყველაზე დიდ პრობლემასთან გამკლავებას ვერ ახერხებს - უდიდესი ალბათობით, გუნდს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) ფეხბურთელი საკუთარი სურვილით ტოვებს. ეს დიდი ეპოქის დასასრულია - არგენტინელის მოედანზე ყოფნა ნიშნავდა იმას, რომ ნებისმიერ მომენტში, მოედანზე მორიგი საოცრება შეიძლება მომხდარიყო. და თუკი მადრიდის "რეალის" ისტორიის ერთ-ერთი შავ ლაქად რაულისთან და კასილასთან ნაადრევი გამოთხოვება ითვლება, ანალოგიურის თქმა უკვე "ბარსელონას" შესახებაც შეიძლება. მესისა და "ბლაუგრანას" დღევანდელი ურთიერთობა გუნდის ფილოსოფიასთან მთლიანად აცდენილია და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი სწორედ იმ დღიდან დაიწყო, როდესაც გუნდის მენეჯმენტმა ლაპორტას, კრუიფისა და გვარდიოლას მიდგომებზე უარი თქვა - "ლა მასიას" მიერ აღზრდილი საოცარი თაობა დემბელესა და კოუტინიოს მსგავსმა წარუმატებელმა, მრავალმილიონიანმა ტრანსფერებმა ჩაანაცვლეს, რამაც გუნდი კოლაფსამდე მიიყვანა (ამისი იდეალური ილუსტრაცია სწორედ "ბაიერნთან" მატჩი გახდა). ამ ყველაფერს კი ბართომეუმ არათუ ხელი შეუშალა, არამედ სათავეში სწორედ ის იყო. ბართომეუ - ადამიანი, ვინც გუნდის ფილოსოფია შეცვალა და ვის გამოც ეპოქა სრულდება.
191030082027-messi-full-169
 

სხვა სტატიები