Belive

BBC-ის ცნობით იუნაიტედს ოლე გუნარ სოლსკიაერი ჩაიბარებს

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბრიტანული მედია დიდი სიხარულით ეგებება ამა თუ იმ მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რათა შემდეგ უამრავი ჭორი თუ მართალი გაავრცელოს. ბრიტანული მედიის ამ თავისებურების გამო მათთან სკანდალი არაერთ ცნობილ მწვრთნელს მოსვლია, მათ შორის ჟოზე მოურინიოსაც, რომელიც დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს, წლების წინ კი სერ ალექს ფერგიუსონს სულაც ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული რამდენიმე მედია საშუალებისთვის, მათ შორის იყო BBC-ც. სწორედ BBC-ზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე "მანჩესტერ იუნაიტედს" კლუბის ყოფილი თავდამსხმელი ოლე გუნარ სოლსკიაერი გაწვრთნის, რომელიც ამჟამად "მიოლდეში" მუშაობს, ხოლო ზაფხულში კლუბი მაურისიო პოჩეტინოს გადმობირებას შეეცდება. ოლე გუნარ სოლსკიაერი ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბში 11 წლის განმავლობაში თამაშობდა და ჩატარებულ 273 მატჩში 122 გოლიც გაიტანა, მათ შორის ლეგენდარული გოლი 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც ინგლისურმა კლუბმა მიუნხენის "ბაიერნი" ბოლო 2 წუთში დაამარცხა. ნორვეგიელი ფეხბურთელი ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ერთ-ერთ საყვარელ შეგირდათ ითვლებოდა, "ბავშვის სახიან მკვლელს" არასოდეს ჰქონდა პრობლემა, იგი თითქმის მთელი მანჩესტერული კარიერის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა და როდესაც მწვრთნელს სჭირდებოდა მაშინ გამოდიოდა მოედანზე და ხშირად გადამწყვეტი გოლებიც სწორედ მაშინ გაჰქონდა, ასე იყო 1999 წლის 26 მაისსაც, ბარსელონაში.

სხვა სტატიები