Belive

ბეილი: "რეალში გატარებულ პერიოდზე გული არ მწყდება"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილმა შემტევმა, გარეთ ბეილმა, "ტოტენჰემში" დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. საუბრისას, უელსელი მადრიდულ კარიერასაც შეეხო და აღნიშნა, რომ გასულ პერიოდზე გული არ წყდება. უკანასკნელ პერიოდში ცხადად ჩანდა, რომ უელსელს ზიდანთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ლივერპულთან" შესრულებული დუბლის შემდეგ, უელსელმა პირველად მიანიშნა იმ საკითხზე, რომ გუნდში თავს კარგად არ გრძნობდა. დროთა განმავლობაში, ბეილმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, რაც დიდწილად მისი ტრავმიანობისა და ფორმიდან ამოვარდნის შედეგი იყო. თუმცა პრობლემა მხოლოდ ამაში არ მდგომარეობდა: ესპანური მედია წერდა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ბეილი გოლფზე მეტად იყო კონცენტრირებული, ვიდრე საკუთარი გუნდის წარმატებაზე.
"არ ვნანობ, რომ რეალში დრო გავატარე, ვისაც რა უნდა, ის თქვას. ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია და სწორედ ამას ვაკეთებ. ესპანეთში ჩასვლა ახალ კულტურასთან და ახალ ქვეყანასთან ადაპტაციას გულისხმობდა. რეალში გადასვლის შედეგად, გავიზარდე როგორც ადამიანი და ასევე, როგორც ფეხბურთელი. ყოფილა პერიოდი, როდესაც უდიდესი წნეხის ქვეშ ვიყავი, როდესაც გულშემატკივარი მისტვენდა. ამასაც შევეგუე - მივხვდი, რომ ყველაფერი გულთან ახლოს არ უნდა მიიტანო", - აღნიშნა უელსელმა.
კონტრაქტის თანახმად, ბეილი "ტოტენჰემში" 1 წლის განმავლობაში, იჯარის წესით ითამაშებს. მისი აგენტის განცხადებით, ბეილს "რეალში" დაბრუნება არ სურს და სავარაუდოდ, წარმატებული სეზონის შემთხვევაში, მომდევნო ზაფხულიდან ბეილი ლონდონურ კლუბს ოფიციალურად შეუერთდება.    

სხვა სტატიები