Belive

ბეილის კარიერა "რეალში"

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
უელსელი შემტევი სამეფო კლუბს 2013 წელს ლონდონის "ტოტენჰემიდან" 85,3 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეურთდა. გარეთ ბეილმა ესპანეთის ჩემპიონატში 171 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 80 გოლის გატანა შეძლო, ამას უნდა დავუმატოთ მის მიერ შესრულებული 46 საგოლე გადაცემა. სულ კი ჯამში "რეალის" მაისურით 251 შეხვედრა გამართა და 105 გატანილ გოლთან ერთად 68 საგოლე გადაცემაც შეასრულა. 7 წელიწადში ბეილმა ესპანურ კლუბთან ერთად არაერთი ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგის. ბეილმა ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა რეალის შემდაგენლობაში, იყო ისეთებიც, რომლებიც პირადად მან, საკუთარი ინდივიდუალობის ხარჯზე მოიგო. მისმა კონტრშეტევამ 2013-14 წლების სეზონში "რეალს" "ბარსელონასთან" ფინალში კოპა დელ რეის თასი მოაგებინა. შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში გამარჯვების გოლი ბეილმა 85-ე წუთზე გაიტანა, აღსანიშნავია მისი შესანიშნავი გაქცევა მარცხენა ფლანგიდან, როცა მან ბარტრას საკმაოდ უკნიდან გაასწრო, საჯარიმოში შევიდა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. იმ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ მონაწილეობას ვერ იღებდა და ბეილმა ვარსკვლავის სტატუსი ბოლომდე გაამართლა. უელსელი შემტევის კიდევ ერთი გამორჩეული მომენტი იმავე 2013-14 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გატანილი გოლი იყო, რომლითაც ბეილი "რეალს" დაეხმარა დაესრულებინა 11- წლიანი ლოდინი და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. მას შემდეგ, რაც შეხვედრის ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, პირველი დამატებითი ტაიმის 110-ე წუთზე ბეილმა დი მარიას ჩაწოდების შემდეგ მადრიდელები წინ გაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ბეილის ტალანტსა და ნიჭს გადამწყვეტ მომენტში საჭირო გოლების გატანისა ვერავინ უარყოფს, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ უელსელი გუნდს ისე ვერ შეეწყო, როგორც ამას "რეალის" ბოსები და ქომაგები ისურვებდნენ. იმაში, რომ შემტევის კარიერა "რეალში" ბოლომდე კარგად ვერ აეწყო, თავისი როლი ტრავმებმაც ითამაშა. ბეილის შესანიშნავ გამოსვლებას არასტაბილური თამაშები მოჰყვებოდა, ბოლო ორი სეზონი კი მისთვის საკმაოდ რთული გამოდგა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზიდანი არც ისე ბევრ სათამაშო დროს აძლევდა. ბეილის მადრიდული კარიერიდან აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც "მადრიდის რეალი" "ლივერპულს" შეხვდა და 3:1 მოიგო. აღნიშნულ შეხვედრაში ბეილი 61-ე წუთზე ისკოს მაგივრად შემოვიდა, იმ მომენტისთვის ანგარიში 1:1 იყო. უელსელმა 64-ე და 83-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და "რეალს" მორიგი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოუტანა, სწორედ ამ შეხვედრაში გაუტანა ლორის კარიუსს დაუვიწყარი მაკრატელა, რომელიც შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გასული საუკეთესო გოლიც კი იყოს. მიუხედავად ბოლო ორი წარუმატებელი სეზონისა, ეჭვგარეშეა, რომ ისტორია კეთილგანწყობილი იქნება იმ ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 4 ტიტული მოიგო და სხვა მრავალ წარმატებასაც მიაღწია "რეალთან" ერთად. შეგახსენებთ, რომ ბეილი 18 სექტემბერს ლონდონში ჩაფრინდა და "ტოტენჰემის" ბაზაზე მივიდა, სავარაუდოდ მისი "ტოტენჰემში" დაბრუნება მალე გაოფიციალურდება.  

სხვა სტატიები