Belive

ბელარუსები ცარიელ ტრიბუნებს მხარს უჭერენ, სფფ-ში ცვლილებას არ ადასტურებენ

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო, რომლის შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა, არაერთი სპორტული ღონისძიება გაუქმდა და გადაიდო. ყველაზე მწვავედ მდგომარეობა იტალიაშია, სადაც გარდაცვლილი 400 ადამიანის გამო, აპენინური სახელმწიფო წითელ ზონად გამოცხადდა და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ყველა ღონისძიება გადაიდო. გაუქმდა ჩოგბურთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინდიან-უელსის ტურნირიც, საფრთხის ქვეშაა ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგებიც. არსებობს ლოგიკური ვერსია, რომ შეჩერებული სასწავლო პროცესის, გაუქმებული ძიუდოს გრან-პრის შემდეგ, საფრთხე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩსაც დაემუქროს. 26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალის ეგიდით გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შესაძლოა COVID-19-სგან თავის დაცვის მიზნით, მაყურებლის გარეშე ჩატარდეს. ბელარუსულ პრესაში უკვე გაჟღერდა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც ჩვენი მეტოქის გულშემატკივრები შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარებას მხარს უჭერენ, რათა საქართველოს ნაკრებმა მასპინძლის სტატუსით მიღებული უპირატესობა დაკარგოს და გუნდებმა თანაბარ პირობებში ითამაშონ. არსებული მდგომარეობის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპისთვის საქართველო-ბელარუსის ისტორიულ მატჩთან დაკავშირებით არც რაიმე სიახლე და არც უეფა-ს მხრიდან რაიმე მითითება არ არსებობს. ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მოხვედრის რეალური შანსის მიღების შემდეგ, 26 მარტს, "დინამო არენაზე" გასამართი მატჩის ყველა ბილეთი 1 თვით ადრე გაიყიდა.

სხვა სტატიები