Belive

ბელარუსის ნაკრები: ყველაფერი, რაც მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ

3 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს 2020 წლის 8 ოქტომბერს, არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის. "ჯვაროსნები" უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში, საშინაო არენაზე, ბელარუსის ეროვნულ გუნდს მიიღებენ და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში გავლენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპამდე საქართველოს ერთი ნაბიჯიღა დააშორებს. ასე ახლოს დიდ საფეხბურთო ფორუმთან საქართველო არასდროს ყოფილა. შეხვედრა თავდაპირველად 26 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა მსოფლიოში შექმნილი კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმთავრესი სპორტული შეხვედრა გადაიდო, შემდეგ კი შევიტყვეთ, რომ მატჩი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება. შევეცდებით, ჩვენი მეტოქე უკეთესად გაგაცნოთ.
No description available.

ბელარუსის ნაკრები

ფიფას რეიტინგი: 81 უმაღლესი რეიტინგი: 47 (2010 წლის ნოემბერი) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 122 (1997-98) საშინაო არენა: დინამოს სტადიონი (მინსკი) მეტსახელი: თეთრი ფრთები მთავარი მწვრთნელი: მიხაელ მარხელი (ბელარუსი, 54 წლის) კაპიტანი: ალექსანდერ მარტინოვიჩი (33 წლის, 72 მატჩი, 2 გოლი)
No description available.

ისტორია

ბელარუსმა პირველი ოფიციალური მატჩი დამოუკიდებელი ნაკრების სტატუსით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წლის 20 ივლისს ლიეტუვასთან გამართა. იქამდე, საქართველოს მსგავსად წარმატებული ბელარუსი ფეხბურთელები საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ. ჩვენს მსგავსად, დიდ ტურნირებზე არც ბელაურისს უთამაშია. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების დასვკვნით ეტაპზე ბელარუსის ნაკრებს მონაწილეობა არასდროს მიუღია, თუმცა მათ ისტორიაში რამდენიმე დასამახსოვრებელი შედეგი მაინც ყოფილა, მაგალითად ევრო 1996-ის შესარჩევ ჯგუფში გამარჯვება ნიდერლანდების წინააღმდეგ და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ფრე იტალიასთან. დიდ ფორუმზე გასვლასთან ყველაზე ახლოს ბელარუსის ნაკრები 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იყო. კორეასა და იაპონიაში გამართულ ტურნირზე გასამგზავრებლად ედუარდ მალოფეევის გუნდს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში უელსთან არ უნდა წაეგო, თუმცა მარცხი განიცადა და პლეი-ოფში გერმანიასთან დაპირისპირება ვერ შეძლო. ბელარუსის ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პერიოდი ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამოდგა, როცა გუნდმა 8-დან 7 შეხვედრა წააგო. მას მერე, გუნდში თაობათა ცვლა დაიწყო და 21-წლამდე ნაკრების ბირთვს მთავარ გუნდში შანსი მისცეს. ამან გუნდის შეტევითი პოტენციალი საგრძნობლად გააძლიერა და მეტწილად სწორედ ამის დამსახურებაა ისიც, რომ 2006 წლიდან მოყოლებული ბელარუსებს ყველა წინა შესარჩევ ციკლთან შედარებით, ჯამურად უფრო მეტი გოლი გააქვთ. მიუხედავად ძლიერი შტეევის ხაზისა, დაცვაში არსებულმა პრობლემებმა ბელარუსებს ხელი შეუშალათ იმაში, რომ ჯგუფში მეოთხეზე მაღალი პოზიცია დაეკავებინათ. კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ბელარუსის ნაკრების ისტორიაში 2006 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იტალიასთან, სტუმრად - 3:4 მარცხია. 1983 წლის შემდეგ "სკუადრა აძურამ" 3 გოლი საშინაო შეხვედრაში პირველად გაუშვა. 2 წლის შემდეგ, ბელარუსებმა საშინაო კედლებში მორიგი მნიშვნელოვანი რეზულტატი დააფიქსირეს და ნიდერლანდები დაამარცხეს, 2011 წელს კი საფრანგეთთან საშინაო კედლებში ფრე ითამაშეს. ბელარუსის ნაკრებს მინი-ტურნირებში წარმატებისთვის მიუღწევია. მათ 2002 წელს რუსეთის და უკრაინის ნაკრებებს სძლიეს და LG-ის თასის გამარჯვებულები გახდნენ, ასევე, ბელარუსის ნაკრებმა 2004 და 2008 წლებში მალტის საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონობა იზეიმა.

სტატისტიკა

პირველი მატჩი: ლიეტუვა-ბელარუსი 1:1 (1992 წლის 20 ივლისი, ვილნიუსი, ლიეტუვა) პირველი საშინაო მატჩი: ბელარუსი-უკრაინა 1:1 (1992 წლის 28 ოქტომბერი, მინსკი, ბელარუსი) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ბელარუსი-ლიეტუვა 5:0 (1998 წლის 7 ივნისი, მინსკი, ბელარუსი), ბელარუსი-ტაჯიკეთი 6:1 (2014 წლის 4 სექტემბერი, ბორისოვი, ბელარუსი), ბელარუსი-სან მარინო 5:0 (2018 წლის 8 სექტემბერი, მინსკი, ბელარუსი) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: ავსტრია-ბელარუსი 5:0 (2003 წლის 11 ივნისი, ინსბრუკი, ავსტრია) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: ალექსანდრ კულჩი (102) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: მაქსიმ რომაშჩენკო (20)
Belarus names squad for October UEFA EURO 2020 qualifying fixtures

შემადგენლობა

ბელარუსის ნაკრების უპირატესობა, რაზეც მთელი წლის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელები, მწვრთნელები, ექსპერტები და საფეხბურთო სამყაროს წევრები საუბრობდნენ, გუნდის შეთამაშებულობა და ფიზიკური მომზადების მაღალი დონეა. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ გუნდის წევრების 80% შიდა ჩემპიონატში თამაშობს. ბელარუსის ნაკრები შიდა ბირთვის გარდა ორი ქვეყანაში მოთამაშე ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. ბელარუსები ბორისვის "ბატეს", სოლიგორსკის "შახტიორის", მინსკის "დინამოს", ბრესტის "დინამოს" და "ტორპედოს" გარდა, "კრასნოდარის", მოსკოვის "ლოკომოტივის", "ასტანას", ალმაატის "კაირატის", "ურალის" და ტულას "არსენალის" მაისურს ირგებენ. საქართველოსთან გასამართ შეხვედრაში გუნდს გამოკვეთილი ლიდერი და მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირი (11 გოლი) სტანისლავ დრაგუნი დააკლდება. დრაგუნს, რომელსაც ნაკრებში 68 მატჩი აქვს ჩატარებული, კარიერის განმავლობაში ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორიც "დინამო მინსკი", მოსკოვის "დინამო", "ორენბურგი" და ბორისოვის "ბატეა".

მწვრთნელი

მიხაელ მარხელი 54 წლის სპეციალისტია, რომელსაც კარიერის განმავლობაში, საკლუბო დონეზე "დინამო მინსკის", "ბელშინას", "დარიდას", "დინამო ბრესტის" და სოლიგორსკის "შახტიორის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად უმუშავია. რაც შეეხება სანაკრებო სარბიელს, აქ მარხელი ბელარუსის 17, 18, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებს წვრთნიდა. მარხელი მთავარ გუნდს სათავეში 2019 წლის 20 ივნისს ჩაუდგა და მას შემდეგ გუნდს 10-ჯერ უხელმძღვანელა, საიდანაც 4 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 5-ში დამარცხდა.
No description available.

ურთიერთშეხვედრები

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრები გუნდები ერთმანეთს ისტორიაში სულ სამჯერ დაუპირისპირდნენ და ყველა შესაძლო შედეგი დააფიქსირეს. პირველად ჩვენი გზები 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გადაიკვეთა. თბილისში გამართული შეხვედრა საქართველომ თორნიკე ოქრიაშვილის გოლის მეშვეობით - 1:0 მოიგო, ამავე ციკლის მეორე მატჩში კი გამარჯვება ბელარუსებმა მოიპოვეს - 2:0. მესამე მატჩს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა უმასპინძლა და იგი ფრედ - 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლები ლაშა დვალმა და ირაკლი სიხარულიძემ გაიტანეს.

მსაჯი

საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, თუმცა ასევე სკანდალური არბიტრი, ჯუნეით ჩაქირი განსჯის. 43 წლის თურქი რეფერის კარიერის განმავლობაში ისეთი დასამახსოვრებელი მომენტები ჰქონია, როგორიც 2014 და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალები, შესაბამისად, ნიდერლანდები-არგენტინა და ხორვატია-ინგლისია. 2012 წელს, კიევში, ის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას მოემსახურა - ესპანეთისა და იტალიის დაპირისპირებაში ჩაქირი მეოთხე სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს ითავსებდა. საკლუბო დონეზე ჩაქირი ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვან შეჯიბრებებს ემსახურება, მათ შორის ყველაზე გამორჩეული კი 2015 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალია - ბარსელონასა და იუვენტუსის მატჩში თურქი მთავარი არბიტრი გახლდათ. საქართველოსთან ჩაქირის გადაკვეთა არ ჰქონია, თუმცა ბელარუსის ახალგაზრდული ნაკრების ორ შეხვედრას უმსაჯა, საიდანაც ჩვენი მეტოქის ახალგაზრდულმა გუნდმა 1 შეხვედრა მოიგო, მეორე კი ფრედ დაასრულა. კარიერის განმავლობაში მას 250-მდე მატჩისთვის უხელმძღვანელია, მიმდინარე სეზონში კი - ოთხს. ბოლო 14 მატჩიდან 12-ში მან სულ მცირე 3 ბარათი გამოიყენა. ჩაქირი გამოირჩევა წითელი ბარათების სიყვარულითაც. მან ბოლო 14 მატჩში ფეხბურთელები 6-ჯერ გააძევა. ​

სხვა სტატიები