Belive

ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: "ფავორიტები არ ვართ, მაგრამ საქართველოში მოსაგებად ჩამოვედით"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებთან გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ, ბელარუსის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ მარხელმა პრესკონფერენცია გამართა და "დინამო არენას" დარბაზში შეკრებილი ქართული მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. "გუნდში დაძაბულობა რა თქმა უნდა არსებობს, რადგანაც ეს ჩვენი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ის ჩვენთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს.  წინა ორი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან აქ კარგად მოვემზადეთ და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები ნათლად წარმოვაჩინეთ. მართალია ალბანეთთან დავმარცხდით, თუმცა ყაზახეთთან შეხვედრაში პროგრესი ვაჩვენეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ წინსვლას გავაგრძელებთ.  ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ვართ ჩამოსული და  იმ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობას ყურადღებას არ ვაქცევთ, რაც ბელარუსშია შექმნილი. იქონია თუ არა ამან ჩვენს თამაშზე გავლენა, ეს უკვე მოედანზე გამოჩნდება.  საქართველოს და ალბანეთის ნაკრებები ერთ დონეზე იმყოფებიან. ორივე გუნდი როგორც ფეხბურთელების დონით, ისე მომზადებით, დაახლოებით ერთ დონეზე იმყოფება. ასეთ შეხვედრებში გამოცდილება ბევრ რამეს ნიშნავს, ჩემს მეტოქეს, ვლადიმირ ვაისს ამ მხრივ უპირატესობა აქვს, მაგრამ აქ ჩვენ მოსაგებად ვართ ჩამოსულები და ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.  ხვალინდელ შეხვედრაში გამოცდილ ფეხბურთელებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მე თბილისში სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში მახსოვს და ვიცი თუ რამხელა სირთულეს წარმოადგენს ეს მოწინააღმდეგე გუნდისთვის. სამწუხაროა, რომ ფეხბურთის თამაში ასეთ პირობებში გვიწევს, მაგრამ ამას უკვე მივეჩვიეთ და ჩვენს რეალობად იქცა. ცხადია, მასპინძლის სტატუსის გამო, მეტოქეს ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნება და ჩვენ წნეხის ქვეშ ვიქნებით.  ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კარგად აცნობიერებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და ამიტომ დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხი ჩვენთვის არ შეუქმნია. ვფიქრობ დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით ჩვენი შიდა ჩემპიონატის გაგრძელება რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო, ნაადრევია. გარკვეულწილად ეს კარგიც გახლდათ, რადგან ჩვენი ნაკრების ბირთვს უმეტესად ბელარუსის ლიგის ფეხბურთელები ქმნიან და ეს მათ ფიზიკურ ფორმას უნარჩუნებდათ, მაგრამ ეს ფაქტორი დიდ უპირატესობას არ წარმოადგენს, ვინაიდან მსოფლიოს სხვა ლიგებშიც უკვე დიდი ხანია თამაში დაიწყეს.  სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მაღალ დონეზე თამაშობს და ამიტომ, რა რესურსიც გვაქვს, ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ხვალინდელ მატჩში ჩვენ ფავორიტის რანგში არ ვიმყოფებით, თუმცა მაქსიმალურად ვემზადებით და შევეცდებით, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ", - თქვა მარხელმა.

სხვა სტატიები