Belive

ბელორუსებმა საქართველოს ნაკრები განიხილეს: ვაისი, ჩაკვეტაძე, გვილია და სხვები

4 წლის წინ ფეხბურთი
9 წთ
იმ შემთხვევაში, თუ კოსოვო ევროპის ჩემპიონატზე კლასიკური შესარჩევი ეტაპიდან ვერ მოხვდება, და ერთა ლიგის D დივიზიონი უცვლელი დარჩება, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ნახევარფინალში ბელორუსის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ისევე როგორც ჩვენ, ევრო 2020-ს საგზური შესარჩევი ეტაპიდან ვერც ბელორუსებმა მოიპოვეს და უეფას მიერ ორგანიზებული ახალი ტურნირი მათაც უნიკალურ შანსს აძლევს. ბელორუსიაში უკვე ფიქრობენ ახალ მეტოქეზე და "ჯვაროსნების" გაანალიზებასაც იწყებენ. ადგილობრივი საინფორმაციო ვებ-გვერდი teleskop-by.org-ი ჩვენი გუნდის დეტალურ განხილვას გვთავაზობს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. "რამდენიმე დღის წინ, ბელორუსიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრები გიბრალტარი-საქართველოს მატჩს დაესწრნენ, რათა პოტენციური მეტოქე უკეთ შეესწავლათ. ნაკრები საქართველოსთან შეხვედრისთვის სერიოზულად ემზადება. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ფეხბურთელები ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდერ ლუკაშენკომაც გაამხნევა. ეს ამ ნაკრებების ისტორიაში მეოთხე ურთიერთშეხვედრა იქნება. 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში გუნდებმა ორი შეხვედრა გამართეს. თბილისში, ქართველებმა თორნიკე ოქრიაშვილის გოლის მეშვეობით - 1:0 იმარჯვეს, ხოლო სამშობლოში ბელორუსებმა მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. ბოლოს, ბელორუსისა და საქართველოს ნაკრების გზები 2017 წელს ამხანაგურ დაპირისპირებაში გადაიკვეთა და ფრედ - 2:2 დასრულდა. მარტში კი, მეოთხე შეხვედრა შედგება, ორივე მხარისთვის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი".  
შეიძლებოდა, საქართველოსთან თამაში თავიდან აგვეცილებინა "ბელორუსიის მსგავსად, საქართველოს ნაკრებმაც ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, თუმცა ჩვენი გუნდისგან განსხვავებით, მათ გასვლის მეტი შანსი ჰქონდათ. შემოდგომის მატჩებს საქართველო 3 ტურში 3 ქულით შეხვდა, მაშინ როცა ბელორუსი უქულოდ იყო. 8 ქულის მფლობელ საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა დანიასა და ირლანდიასთან უგოლოდ დასრულებულმა შეხვედრებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამავე დროს, ქართველთა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა დანიასთან გამართულ მატჩს თავის კარიერაში ამ გუნდის მესაჭის პოსტზე საუკეთესო შეფასება მისცა: "დაცვაში კარგად ვითამაშეთ და ხასიათი გამოვავლინეთ. ნახევარდაცვაში კიტეიშვილი და აბურჯანია შესანიშნავები იყვნენ, დიდებული მატჩი ჩაატარეს და თავიანთი პროფესიონალიზმის მაღალი დონე აჩვენეს". საქართველომ გიბრალტარის დამარცხების მიუხედავად, მთავარ კონკურენტებთან მიახლოება ვერ მოახერხა. ქართველებს ჩვენს მსგავსად სტაგნაცია აქვთ და 2002 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის შემდეგ, მათ მეოთხე ადგილზე მაღლა შესარჩევი ეტაპი არასდროს დაუსრულებიათ. უფრო მეტიც, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ 9 ქულა მოიპოვეს, თუმცა მეხუთე ადგილი დაიკავეს. კავკასიელებმა ერთა ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ისინი ჯგუფში ყაზახეთთან, ლატვიასა და ანდორასთან ერთად იმყოფებოდნენ და პირველი პოზიცია დაიკავეს. ქართველებს ამ ტურნირზე მატჩი არ წაუგიათ და მეორე ადგილის დამკავებელ ყაზახეთს ორივე შეხვედრა მოუგეს. ბელორუსთან მატჩს ქართველები ნაკრების ისტორიაში უმნიშვნელოვანესად განიხილავენ, რის დამამტკიცებლადაც ვლადიმირ ვაისის 3 გამორჩეული ფრაზა მოგვყავს. "მთელ ქვეყანას ამ მატჩის მოგება სურს და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ". "ჩვენ წინ გველის ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევარფინალი ბელორუსთან უეფას ერთა ლიგაში - ისე უნდა მოვემზადოთ, როგორც ცხოვრების მატჩისთვის". "ოცნებას 2 ნაბიჯი გვაშორებს. ძალიან რთული ორი ნაბიჯი, თუმცა მას ევროპის ჩემპიონატთან მივყავართ".   ვინ არის ვლადიმირ ვაისი?   "სლოვაკი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს. ეროვნულ გუნდს ის მეორედ წვრთნის. 2008 წელს ის სლოვაკეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში და გუნდი ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე მოახვედრა და მერვედფინალსაც უწია. მათ ჯგუფში იტალიის ნაკრები ჩატოვეს. საკლუბო დონეზე ვაისი არტმედიასთან ერთად სამჯერ სლოვაკეთის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა. ნაკრების შემდეგ, ვაისი "სლოვანში" დაბრუნდა, მერე კი სამსახური ყახაზეთში გააგრძელა. ქართველებმა თავდაპირველად ვაისთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის ამოცანაც 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება იყო. გუნდმა ეს ვერ მოახერხა: არც ერთი გამარჯვება, ხუთი ქულა და მეხუთე ადგილი. მიუხედავად ამისა, ფედერაციის ხელმძღვანელობამ სპეციალისტთან ხელშეკრულება 2020 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. საერთო ჯამში, 55 წლის სლოვაკთან ერთად, საქართველომ 38 მატჩი ჩაატარა, 14 მოიგო და 12-ში დამარცხდა. უმეტესად, საქართველო ორ სათამაშო სქემას ანიჭებს უპირატესობას:  4-2-3-1 და 4-1-4-1. იშვიათ შემთხვევებში, ვაისმა 4-5-1 და 4-4-2 წყობა გამოიყენა. საერთოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უცხოელი მწვრთნელების მოწვევა უყვართ. სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრებს ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი, ფრანგი ალან ჟირესი, გერმანელი კლაუს ტოპმიულერი და არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი ხელმძღვანელობდა".  
  ინ არის გუნდის ლიდერი?   "საქართველოს ნაკრები ფეხბურთელების კლუბების მიხედვით საკმაოდ წარმომადგენლობითია. გიორგი მაკარიძე "სეტუბალში", სოლომონ კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივში", ჯანო ანანიძე "სპარტაკში", დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტარში", გიორგი აბურჯანია "ტვენტეში", გიორგი ქვილითაია კი "გენტში" თამაშობს. მათ გარდა, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ".
გიორგი ლორია, მეკარე   "იმის მიუხედავად, რომ უფრო ახალგაზრდა გიორგი მაკარიძე პორტუგალიურ "სეტუბალში" თამაშობს, ვლადიმირ ვაისი 33 წლის გიორგი ლორიას იყენებს, რომელიც კვიპროსული "ანორთოსის" წევრია. 33 წლის მეკარემ ერთა ლიგასა და ევროშესარჩევში ყველა მატჩში საქართველოს ნაკრების კარი დაიცვა ისე, რომ კონკურენტებისთვის შანსი არ მიუცია. ლორია კვიპროსში გერმანული "მაგდებურგიდან" გადავიდა და თორნიკე ოქრიაშვილთან, ნიკა კაჭარავასთან და ბუბა დაუშვილთან ერთად ქართველი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას გუნდში ჩაირიცხა".   ჯაბა კანკავა, ნახევარმცველი    "33 წლის ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად "ტობოლში" თამაშობს, ქართველთა გუნდის კაპიტანია. ვაისს ძალიან მოსწონს ნახევარმცველი და თვლის, რომ ის გუნდის სული და ძალაა. ლიდერობის თვისებების გარდა, კანკავა ასევე კარგია თამაშის თვალსაზრისით. ის მშვენივრად მოქმედებს დაცვის ზონაში: ის კარგად ირჩევს პოზიციას, დამაჯერებელია ართმევისას. ერთა ლიგაში მან ერთადერთი მატჩი გამოტოვა - სტუმრად ანდორასთან და საქართველომ სწორედ აქ დაკარგა ქულები (1:1)".
გიორგი ჩაკვეტაძე   "20 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც "გენტში" თამაშობს, ეროვნულ ნაკრებში ფა​ნტასტიკური სტატისტიკა აქვს: 7 მატჩი, 5 გოლი, აქედან 4 მან ერთა ლიგაში გაიტანა. ამის გარდა მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემა და ერთი გამომუშავებული პენალტია. ჩაკვეტაძეს როგორც ცენტრში, ისე მარცხენა ფლანგზე თამაში კარგად შეუძლია. ერთი-ერთზე ის მეტოქეებს ანადგურებს. მას ბელგიაში ქართველ კაკასაც უწოდებენ. გენტში ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ, (6 გოლი + 9 საგოლე გადაცემა) მისით "რომა", "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და "დორტმუნდი" დაინტერესდნენ. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 9 მილიონი ევროა, თუმცა საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალური მცველი სოლომონ კვირველიაა, რომელსაც Transfermarkt-ი 10 მილიონ ევროდ აფასებს. მას ეროვნულ გუნდში 36 მატჩი აქვს ჩატარებული. ტრავმის გამო, რომელიც ჩაკვეტაძემ ამ წლის აპრილში მიიღო, ფეხბურთელს აღარ უთამაშია. ამიტომ, რა მდგომარეობაში იქნება მარტამდე, ძნელი სათქმელია".
ვალერიან გვილია   "მინსკისა" და "ბატეს" ყოფილ ნახევარმცველს ეროვნულ გუნდში დებიუტი სწორედ ვლადიმირ ვაისის დროს ჰქონდა. მას უკვე 24 მატჩში აქვს ნათამაშები და 3 გოლი გატანილი. იგი საქართველოს ნაკრების ახალი თაობის მთავარ ნახევარმცველად ითვლება. ამჟამად ის ვარშავის "ლეგიას" ერთ-ერთი ლიდერია. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენს ჩემპიონატში უთამაშია, გიორგი ნავალოვსკია, რომელიც მინსკის "დინამოს" მაისურს ირგებდა, ახლა კი სამშობლოშია და ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში გამოდის".  

სხვა სტატიები