Belive

ბენზემა: "მესი ბარსელონასთვის ყველაფერს აკეთებს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ელ კლასიკომდე" რამდენიმე დღით ადრე, მადრიდის "რეალის" ფრანგი თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა "ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრას აფასებს. მას შემდეგ რაც მადრიდელებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე, საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" 3:1 სძლიეს, კარიმ ბენზემამ საკუთარი გუნდის სიძლიერეს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ შემდეგი გაჩერება "ბარსელონასთან" შეხვედრაა, რომელსაც გუნდში ისე აღიქვამენ, როგორც საფინალო მატჩს.
"ჩემთვის, ელ კლასიკო მსოფლიოში საუკეთესო თამაშია და დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ მე არ ვარ, ვინც ასე ფიქრობს - ეს არის ორი უდიდესი ისტორიის მქონე კლუბის დაპირისპირება, რომელთა შეხვედრაც ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს"  "ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჩვენს გუნდს კიდევ უფრო დიდი მოტივაცია აქვს. უნდა აღვნიშნო, რომ "ბარსელონასთან" შეხვედრას აღვიქვამთ, როგორც საფინალო დაპირისპირებას და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სასურველი შედეგით დავასრულოთ", - აცხადებს ბენზემა.
ამჟამინდელი მდგომარეობის თანახმად ლა ლიგის წლევანდელი საშეჯიბრო სეზონი საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს, ვინაიდან "ბარსელონა" (65 ქულა) მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება რეიტინგის ლიდერ "ატლეტიკოს", ხოლო მადრიდელებს 2 ქულით უსწრებენ - არსებული ვითარება ელ კლასიკოს დაძაბულობის ფონს კიდევ უფრო გაზრდის.
"შეხვედრა ძალიან რთული იქნება იმ მხრივ, რომ ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც ძალიან უყვარს ბურთის კონტროლი, რაც ჩვენთვისაც ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი თვისებაა. ასევე დაძაბული ვითარებაა ცხრილში და დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ რეალი ყველაფერს გაიღებს მოსაგებად"  "კატალონიურ გრანდს ჰყავს ძალიან კარგი მეკარე და რაც მთავარია ჰყავთ მესი - მოთამაშე, რომელიც ბარსელონასათვის ყვეალაფერს აკეთებს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინაიდან ის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფიგურაა" "გავიტან თუ არა გოლს, ეს პრიორიტეტული არ არის - ცხადია, მინდა რომ გოლი გავიტანო, თუმცა მთავარი გუნდის მიერ დაფიქსირებული შედეგია", - ამ სიტყვებით დაასრულა ბენზემამ ჟურნალისტებთან საუბარი.
ელ კლასიკო 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00-ზე, მადრიდელების ამჟამინდელ საშინაო არენაზე, ალფრედო დი სტეფანოს სტადიონზე, გაიმართება.

სხვა სტატიები