Belive

ბენზემა შესაძლოა საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
6-წლიანი განშორების შემდეგ - კარიმ ბენზემა შესაძლოა საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებში დაბრუნდეს. საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, მიშელ მულინი ამტკიცებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ბენზემას ნაკრებში დაბრუნებაზე აქტიურად იმუშავებს. მიშელ მულინი ამჟამინდელი პრეზიდენტის - ნოელ ლე გრატის, ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო შემცვლელად მოისაზრება. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მულინი მზადაა ბენზემას დასაბრუნებლად ყველა ღონე იხმაროს. 33-წლის ბენზემას "ლე ბლეს" რიგებში 2015 წელს აგორებული სკანდალის შემდეგ არ უასპარეზია. უკანასკნელი და რიგით 81-ე მატჩი, ბენზემამ 2015 წლის ნოემბერში გამართა, რის შემდეგაც იგი ნაკრებიდან მოკვეთეს. კარიმ ბენზემას ნაკრებიდან მოკვეთა, მეთიუ ვალბუენას გარშემო აგორებულმა სექს-სკანდალმა გამოიწვია. ბენზემას თანაგუნდელის დაშანტაჟებაში და ფულის გამოძალვაში სდებენ ბრალს. 
შეგახსენებთ, საფრანგეთის პროკურატურამ ფეხბურთელს უკვე აცნობა, რომ მას სასამართლოში წარდგენა მოუწევს. სასამართლო განხილვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ბენზემას ადვოკატმა დაადასტურა, რომ მის კლიენტს სასამართლოში წარდგენა მოუწევს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ “რეალის” თავდამსხმელის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიები მზადდება, რომელსაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს: “ეს სრული აბსურდია, ბენზემას არასამართლიანად და სასტიკად ეპყრობიან”, – აღნიშნა მან. მეორე მხრივ, ბენზემას უდანაშაულობის არ სჯერა თავად მეთიუ ვალბუენას, რომელიც მიიჩნევს, რომ ფრანგი ფორვარდი მის წინააღმდეგ მოქმედებდა:
“ბენზემა ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მის მეგობარს ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ჰქონდა. მასალების განადგურებისთვის კი, ფულის გადახდას მთხოვდნენ. ის ისე მელაპარაკებოდა, თითქოს ჩემი დახმარება სურდა, მაგრამ მეუბნებოდა, რომ საშიშ კრიმინალებთან მქონდა საქმე, ამიტომ ფული სასწრაფოდ უნდა გადამეხადა”, – განაცხადა ვალბუენამ.
  სასამართლო პროცესის გამართვამდე, მიშელ მულინის განცხადება, კარიმ ბენზემასათვის შესაძლოა დამატებითი სტიმული გახდეს. ბენზემა, რომელიც გამოძალვასთან და შანტაჟთან დაკავშირებით ყოველგვარ ბრალეულობას უარყოფს - საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთილია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრებმა ტრიუმფი "რეალის" ვარსკვლავის გარეშე იზეიმა. მიშელ მულინის მტკიცებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელზე - დიდიე დეშამზე ზეწოლას გაზრდის, რათა ბენზემა ნაკრებში კვლავ დააბრუნონ. Le Figaro-სთან მიცემულ ინტერვიუში მულინმა აღნიშნა:
"კარიმ ბენზემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. დიდიე დეშამი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის დაქვემდებარებაშია. იმ შემთხვევაში, თუ მისი ზემდგომი დეშამზე ზეწოლას გაზრდის - იგი იძულებული გახდება ბენზემას გამოძახებაზე დაფიქრდეს."
2017 წლის მაისში, L’Equipe-სთან საუბარში მომხდარს კარიმ ბენზემაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვალბუენას მისი სახელის ტალახში ამოსვრა სურს. ბენზემას მტკიცებით, იგი უდანაშაულოა.
  "ვალბუენამ მითხრა, ინციდენტში ჩემი მონაწილეობის შესახებ, რომ სცოდნოდა არ იჩივლებდა. უკანასკნელი წლების მანძილზე, მე მის მტავარ მტრად აღმიქვამს. ვალბუენასთვის ცუდი და გამომძალველი ადამიანი ვარ და ცდილობს ჩემი სახელის ტალახში ამოსვრას." "აღნიშნავს, რომ მისი მთავარი მტერი ვარ. ვალბუენას მტკიცებით, ფულის გამოძალვა მინდოდა. ამდენმა ტყუილმა საშინლად დამღალა და ძალიან გაბრაზებული ვარ. მან უბრალოდ სიმართლე უნდა თქვას, თუ რა მოხდა რეალურად.
შეგახსენებთ, ნაკრებისგან განსხვავებით, ბენზემას საკლუბო კარიერა წარმატებით მიმდინარეობს. "რეალის" მაისურით ჩატარებულ 533 შეხვედრაში - ბენზემამ 261 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები