Belive

ბენზემას სასამართლოში ელიან - საქმე კვლავ ვალბუენას დაშანტაჟებას ეხება

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს, კარიმ ბენზემას, თანაგუნდელის დაშანტაჟებაში სდებენ ბრალს - Goal.com-ის თანახმად, საფრანგეთის პროკურატურამ ფეხბურთელს უკვე აცნობა, რომ მას სასამართლოში წარდგენა მოუწევს. სასამართლო განხილვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული საკითხი აქტულური 5 წლის წინ იყო - სწორედ მაშინ გაჟონა პირველად ინფორმაციამ იმასთან დაკავშირებით, რომ კარიმ ბენზემა თავის თანაგუნდელს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში, მეთიუ ვალბუენას, აშანტაჟებდა. ბენზემას ადვოკატმა დაადასტურა, რომ მის კლიენტს სასამართლოში წარდგენა მოუწევს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ "რეალის" თავდამსხმელის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიები მზადდება, რომელსაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს: "ეს სრული აბსურდია, ბენზემას არასამართლიანად და სასტიკად ეპყრობიან", - აღნიშნა მან. მეორე მხრივ, ბენზემას უდანაშაულობის არ სჯერა თავად მეთიუ ვალბუენას, რომელიც მიიჩნევს, რომ ფრანგი ფორვარდი მის წინააღმდეგ მოქმედებდა.
"ბენზემა ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მის მეგობარს ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ჰქონდა. მასალების განადგურებისთვის კი, ფულის გადახდას მთხოვდნენ. ის ისე მელაპარაკებოდა, თითქოს ჩემი დახმარება სურდა, მაგრამ მეუბნებოდა, რომ საშიშ კრიმინალებთან მქონდა საქმე, ამიტომ ფული სასწრაფოდ უნდა გადამეხადა", - განაცხადა ვალბუენამ.
თავის მხრივ, ბენზემას მომხდარი ფაქტი აღიარებული აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ მას მხოლოდ ვალბუენას დახმარება სურდა.

მომხდარი ფაქტის გამო, კარიმ ბენზემა საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდან 2015 წლის ნოემბერში მოკვეთეს - მას შემდეგ, ფრანგს "მამლების" შემადგენლობაში აღარ უთამაშია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, მას უკვე 81 მატჩში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და სკანდალის არარსებობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, საფრანგეთის ყველა დროის რეკორდსმენი გახდებოდა - "მამლების" მაისურით ყველაზე მეტი მატჩი ლილიან ტურამს აქვს ჩატარებული (142).

სხვა სტატიები