Belive

ბერლინის ლეგენდების ტურნირი - დღე I

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ბერლინში სტარტი აიღო ტრადიციულმა ლეგენდათა ტურნირმა, სადაც 7 გერმანულ გუნდთან ერთად, "დინამო თბილისიც" მონაწილეობს. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პირველი სათამაშო დღე, ორ ჯგუფში განაწილებულმა 8 გუნდმა 2-2 ტური ითამაშა, დასკვნითი მესამე ტური კი ხვალ გაიმართება. დავიწყოთ იმით, რომ MAX SCHMELING-HALLE-ში, სადაც ლეგენდათა ტურნირი იმართება, ერთი ცარიელი ადგილიც არ იყო, დარბაზი სრულად შეივსო და წარსულში ცნობილ ფეხბურთელთა ამხანაგურ ტურნირს დაახლოებით 10 000 ადამიანი უყურებდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია გერმანელ გულშემატკივართა აქტიურობა, ვეტერანთა გუნდების საგულშემატკივროდ ფან-კლუბები მობილიზდნენ და გამამხნევებელი შეძახილებითა და სიმღერებით ნამდვილი გერმანული საფეხბურთო გარემო შექმნეს. ტურნირი რურის დერბით გაიხსნა, A ჯგუფის ბინადარი "შალკე 04" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდა. ფეხბურთელებმა ერთმანეთი არ დაინდეს, როგორც ამას წლების წინ ერთმანეთის წინააღმდეგ დიდ სტადიონზე სჩადიოდნენ, თუმცა საბოლოოდ მატჩი დორტმუნდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. სწორედ A ჯგუფში მოხვდა ტურნირის ერთადერთი უცხოური გუნდი, "დინამო თბილისი", რომელსაც პირველ ტურში მეტოქედ ლევერკუზენის "ბაიერი" ერგო. პირველი ტაიმი თბილისურმა გუნდმა "ლევერკუზენთან" ანგარიშით 1:0 დათმო, თუმცა მეორე ტაიმში დინამოელთა ყოფილმა შემტევმა ალექსანდრე იაშვილმა გერმანულ მინდვრებზე ჩატარებული შესანიშნავი წლები გაიხსენა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, რაც რამდენიმე წუთში დაუფასდა კიდეც და ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ გოლი გაიტანა კახა კალაძემ, რომელმაც "დინამო" დააწინაურა. რამდენიმე წუთში იაშვილმა დუბლი შეასრულა, რასაც "ლევერკუზენთა" სწრაფი გოლი მოჰყვა და ანგარიში 3:2 გახდა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი ოთარ მარცვალაძემ დააფიქსირა (4:2)
აღსანიშნავია, რომ იაშვილის გოლებს გერმანელ გულშემატკივართა შორის აპლოდისმენტები მოჰყვა. A ჯგუფის მეორე ტურის მატჩში დინამოელები დორტმუნდის "ბორუსიასთან" დამარცხდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა, რომელშიც გადამწყვეტი როლი რომან ვაიდენფელერმა ითამაშა. გერმანელმა მეკარემ იაშვილისა და სხვა ქართველი ფეხბურთელების არაერთი დარტყმული მოიგერია და საკუთარ გუნდს მოგებაში დაეხმარა.
ამ მატჩის შემდეგ კი A ჯგუფის აუტსაიდერთა მატჩი გაიმართა, "შალკესა" და "ლევერკუზენს" შორის გამართული დაპირისპირება ფრედ, 3:3 დასრულდა. ამრიგად 2 ტურის შემდეგ A ჯგუფს 6 ქულით დორტმუნდის "ბორუსია" ლუდერობს, მეორე ადგილზე 3 ქულით "დინამო თბილისია", "შალკესა" და "ლევერკუზენს" კი თითო-თითო ქულა აქვთ. "დინამო თბილისი" ხვალ "შალკეს" დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა, იმ შემთხვევაში თუ თბილისელები ფრეს ითამაშებენ, მეორე მატჩში დორტმუნდის "ბორუსიას" უნდა ვუგულშემატკივროთ, რომელიც "ლევერკუზენთან" სამბურთიანი სხვაობით არ უნდა დამარცხდეს. B ჯგუფი გერმანული გუნდებით არის დაკომპლექტებული და სექტორიდან-სექტორში გულშემატკივართა გადაძახილების ფონზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით ბერლინური დერბი გამოირჩა, "ჰერტასა" და "უნიონის" გულშემატკივრებმა ნამდვილი საფეხბურთო ცეცხლი დაანთეს, ლევან კობიაშვილს კი ბერლინელი გულშემატკივარი განსაკუთრებული სითბოთი შეხვდა. მისი სახელის გამოცხადებისას "ჰერტას" გულშემატკივართა სექტორი ახმაურდა.
B ჯგუფში სიტუაცია შემდეგია: "ჰერტას" ორი მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს, მეორე ადგილს "უნიონ ბერლინი" და ბრემენის "ვერდერი" იყოფენ 3-3 ქულით, ბოლო ადგილზე კი 0 ქულით ტენის "ბორუსიაა". ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩები და ფლეიოფები კი ხვალ გაიმართება

სხვა სტატიები