Belive

ბობ მარლი და მისი სიყვარული ფეხბურთის მიმართ

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
თუ ჩემი გაცნობა გსურთ, ჩემთან ფეხბურთი უნდა ითამაშოთ - ასე მიმართა იამაიკელმა მომღერალმა ჟურნალისტს და  ეს ჰაერში ნათქვამი სიტყვები არ ყოფილა. ბობ მარლი რეგის ფუძემდებელი, მუსიკოსი, მომღერალი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ფიგურა იყო. მაგრამ ნაკლებად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ფეხბურთი ბობ მარლის ცხოვრებაში იმდენადვე მნიშვნელოვანი იყო, როგორც მუსიკა.

ფეხბურთი თავისუფლებაა

ბობ მარლის ფეხბურთი ძალიან უყვარდა. ამბობენ, რომ თამაშის შანსს ხელიდან არასოდეს უშვებდა - თამაშობდა შესვენებაზე, როდესაც მისი სიმღერა იწერებოდა. თამაშობდა კონცერტის წინ და ხანდახან, პარკში, მეგობრებთან ერთად. ფეხბურთი მისთვის იყო დამატებითი საშუალება, მისი ხასიათი და მიდგომა არა მუსიკაში, არამედ უფრო კონკურენტუნარიან გარემოში ეჩვენებინა. ბობ მარლის ტექსტებში ხშირად ამოიკითხავთ თავისუფლებისადმი წყურვილს - ის ადამიანებს მენტალური თავისუფლებისკენ და გონებრივ მონობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა. ფეხბურთი კი ბრძოლისა და ემოციების კრებულია, რომლის გავლენაც საფეხბურთო მოედნის გარეთ მნიშვნელოვნად იგრძნობა.

1980 წლის ინტერვიუში მარლი ამბობს: "ჯერ მუსიკა მიყვარს, შემდეგ კი ფეხბურთი. ფეხბურთს პირველ ადგილას ვერ დავაყენებ, ეს შეიძლება საშიშიც კი იყოს. ფეხბურთი ხანდახან ძალიან ძალადობრივი ხდება. მე მშვიდობაზე, სიყვარულზე და მსგავსს თემებზე ვმღერი და ხომ გესმით... როდესაც ფეხბურთის თამაშისას ბურთს უხეშად წაგართმევენ, ამ დროს თავში მხოლოდ ომის სურვილი გიტრიალებს".



"მისი ფეხბურთის ყურება საოცარი იყო. ამ დროს ფოტოებსაც არ ვუღებდი, უბრალოდ, მინდოდა მისთვის მეყურებინა. ეს მისი სიამოვნება იყო, ერთადერთი დრო, როდესაც განტვირთვას ახერხებდა. ასე რომ, კამერა მისკენ მიმართული არ მქონდა", - ამბობს ბობ მარლის ფოტოგრაფი და ახლო მეგობარი.

ბობ მარლი 1981 წელს კანის სიმსივნით (მელანომა) გარდაიცვალა. ცნობილი ფაქტია, რომ დაავადების შესახებ მან სწორედ ფეხბურთის თამაშის შემდეგ გაიგო, როდესაც ფეხის თითზე მიღებული დაზიანება საეჭვოდ გაუმიზეზდა.

1977-ში, როდესაც მარლის მელანომა დაუდგინდა, ექიმებმა მას უთხრეს, რომ სიცოცხლის გასაგრძელებლად, ფეხის თითის ამპუტაცია სჭირდებოდა. სასტიკი, მაგრამ საჭირო შეთავაზება მარლიმ უარყო, რადგან ეს რასტაფარის რელიგიური მოძრაობის იდეებს  ეწინააღმდეგებოდა.

ცნობილია, რომ იამაიკელი მუსიკოსი ბრაზილიური "სანტოსისა" და ინგლისური "ტოტენჰემის" ქომაგი იყო. მას განსაკუთრებით არგენტინელი ოსვალდო არდილესი უყვარდა, რომელიც სწორედ ინგლისური გუნდის რიგებში გამოდიოდა.

ბობ მარლი და ამსტერდამის აიაქსი

2008 წლის ზაფხულში, წინასასეზონო მატჩში, "აიაქსი" "კარდიფს" დაუპირისპირდა. მატჩის დასრულების შემდეგ, "აიაქსის" გულშემატკივარი სკამზე დარჩა, რადგან სტადიონი ჯერ "კარდიფის" ქომაგებს უნდა დაეტოვებინათ.

განწყობის შესანარჩუნებლად, სტადიონის დიქტორმა, ალი იასინმა, ბობ მარლის სიმღერა, Three Little Birds ჩართო, შედეგი კი საოცრად სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო: ამსტერდამული გუნდის ქომაგებმა სიმღერა, ცეკვა, ტაშის კვრა დაიწყო და შედეგად, ეს სიმღერა "აიაქსის" არაოფიციალურ ჰიმნად იქცა. მეტიც, ამსტერდამულმა გუნდმა 3 ჩიტის სიმბოლო ახალ მაისურზეც დაიტანა, თუმცა უეფა-ს მოთხოვნით, მისი ამოღება მოუწია: უეფა-ს წესდებით, გუნდის მაისურზე შესაძლებელია მხოლოდ კლუბის ან სპონსორის ლოგოს დატანაა შესაძლებელი.

სხვა სტატიები