Belive

,,მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტზე 10 წლის წინ უნდა გვეფიქრა'' - რას აპროტესტებენ ფეხბურთელები?

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
გასულ თვეს ბრიტანული გამოცემა Guardian-ი იუწყებოდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტზე მუშაობისას, 6 500-მდე მიგრანტი დაიღუპა. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ, გერმანიის, ნიდერლანდების, დანიისა და ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელებს სპეციალური მაისურები ეცვათ, რითიც ყატარში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავდნენ.
,,ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტი 10 წლით დავაგვიანეთ. მუნდიალის ჩატარების ადგილი ცნობილი წელს არ გამხდარა. ბოიკოტზე მაშინ უნდა გვეფიქრა. ახლა აუცილებელია, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე სასასუბროდ და ცნობიერების ასამაღლებლად ყველა პლატფორმა და შესაძლებლობა გამოვიყენოთ. მაგრამ საქმე მხოლოდ ფეხბურთელებს არ ეხება. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ.” - განაცხადა გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა - ჯოშუა კიმიხმა.
მიგრანტი მუშების გაუსაძლისი პირობების შესახებ ,,ბუნდესნაკრების'' ნახევარმცველმა, ტონი კროოსმაც ისაუბრა:
,,დასაქმებული მიგრანტები მთელ დღეს 50 გრადუსში დასვენების გარეშე ატარებენ. მათ არ აქვთ კარგი კვება და სასმელი წყლის გარეშე გიჟური ტემპერატურის პირობებში მუშაობენ. ეს ყველაფერი აბსოლუტურად მიუღებელია.''
ოფიციალური ყატარის პოზიცია ბრალდებაზე ასეთია - ,,სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღნიშნულ ჯგუფში, მათი დემოგრაფიისა და პოპულაციის გათვალისწინებით, მოსალოდნელ ფარგლებშია.'' პროტესტის მიზეზი რთული სამუშაო პირობებია, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. ასევე, დაბალი ანაზღაურება და მიგრანტი მუშების შელახული უფლებები, იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 95%-ს შეადგენენ. ყატარის მთავრობამ Al Jazeera-ს განუცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში შრომითი უფლებების შესახებ და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად არაერთი რეფორმა გაატარა.

ვინ აპროტესტებს?

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრების წინ, ევროპულმა ნაკრებებმა ყატარში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა სახის შეტყობინებებით გააპროტესტეს - ,,ფეხბურთი მხარს უჭერს ცვლილებებს'' (ნიდერლანდების ნაკრები); ,,ადამიანის უფლებები მოედანზეც და მის გარეთაც'' (ნორვეგიის ნაკრები); ,,გაბედე ადამიანის უფლებების დაცვა (დანიის ნაკრები); გასულ კვირას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ - Amnesty International-მა, ფიფას პრეზიდენტს - ჯანი ინფანტინოს, ოფიციალური წერილით მიმართა და მიგრანტი მუშების დახმარებისკენ მოუწოდა.


რა არის ყატარის პასუხი?

2020 წლის აგვისტოში ყატარმა კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები დააანონსა, რაც დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურის შეცვლას უკრძალავდა. ეს იყო უკანასკნელი განცხადება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული შრომითი უსაფრთხოების რეფორმის სერიის შესახებ. მარტში მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტმა განაცხადა, რომ ინფორმაცია მშრომელთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ყოველთვის გამჭვირვალე იყო - ,,2014 წლიდან, სტადიონების მშენებლობების დაწყებიდან, უბედურ შემთხვევას 3 მუშა ემსხვერპლა, ასევე გარდაიცვალა 35 ადამიანი, რომელთა სიკვდილიც მათ საქმიანობას არ უკავშირდებოდა.'' ყატარის მთავრობაში ამბობენ, რომ მუშებისთვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტები შემუშავებულია, ასევე, იზრდება შრომის ინსპექტორთა შესაძლებლობები, გაზრდილია ჯარიმები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დასაქმებულთა უფლებებს არღვევენ.


ფიფას პოზიცია

ფიფას დისციპლინარული კომიტეტის კოდექსის თანახმად, ფეხბურთელებს არასასურველი ხასიათის დემონსტრაციებისთვის, შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ, თუმცა ორგანიზაცია ამბობს, რომ გერმანიისა და ნორვეგიის ნაკრების მოთამაშეების დასჯას არ აპირებს - ,,ფიფას სჯერა სიტყვის თავისუფლებისა და ფეხბურთის ძალის კარგი საქმის კეთებაში.''

რას ამბობენ სხვა ნაკრების წარმომადგენლები

ინგლისი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუტგეიტმა, განაცხადა, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია და Amnesty International-ი მოლაპარაკებებს მართავენ. ბელგიის ნაკრების მწვრთნელი, რობერტო მარტინესი კი ამბობს, რომ ფეხბურთელების პროტესტის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტი შეცდომა იქნება.
ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის 5 ქალაქის 8 სტადიონზე გაიმართება. ფინალურ მატჩს Lusail Iconic Stadium-ი უმასპინძლებს, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიხსნება - სტადიონი 80 000 მაყურებელს დაიტევს.

სხვა სტატიები