Belive

ბორნმუთის ფეხბურთელები მატჩის დაწყების წინ მუხლზე აღარ დაიჩოქებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე "ბორნმუთის" ფეხბურთელები შეხვედრების დაწყების წინ მუხლზე აღარ დაიჩოქებენ. მას შემდეგ, რაც ფეხბურთი დაბრუნდა, პრემიერ ლიგისა და ინგლისის საფეხბურთო ლიგების მოთამაშეები მატჩის დაწყებამდე მუხლზე იჩოქებენ. ამით მოთამაშეები რასობრივი თანასწორობის მოძრაობის მხარდაჭერის დემონსტრირებას ახდენენ, თუმცა რამდენიმე კლუბმა და ფეხბურთელმა, მათ შორის ვილფრიდ ზაჰამ, გადაწყვიტეს, რომ ამას აღარ იზამენ. "ბორნმუთის" კაპიტანმა სტივ ქუქმა პარასკევს გუნდის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც განმარტებულია, თუ რატომ აღარ დაიჩოქებენ მუხლზე "ბორნმუთის" ფეხბურთელები მატჩის დაწყების წინ. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროტესტმა საკუთარი თავი ამოწურა და გუნდის ყველა წევრს სურს იხილოს რეალური ქმედებები და არა სიტყვები და ჟესტები, როცა საქმე ეხება რასიზმთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლას. განცხადებაში ნათქვამია:
" გუნდსა და მაღალჩინოსან თანამშრომლებთან განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ თამაშის დაწყების წინ მუხლზე აღარ დავდგებით. ამას "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" შეხვედრით დავიწყებთ". " კლუბი ყველა დონეზე ამაყობს საკუთარი მუშაობით თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ, როგორც მოთამაშეები, ამას ყოველმხრივ მივესალმებით". "ჩვენ ვისწრაფვით იმისკენ, რომ "ბორნმუთი" იყოს კლუბი, რომელიც ყველას თანაბრად მიესალმება, განურჩევლად რასისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიისა". " ყველა სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლა და თანასწორუფლებიანი და გახსნილი საზოგადოების შექმნა - ეს არის ის, რაც ჩვენ გვსურს". " თუმცა ამის მისაღწევად გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე ჟესტი, რომელმაც, ჩვენი აზრით, საკუთარი  თავი უკვე ამოწურა და ის ეფექტი აღარ აქვს, რაც 8 თვის წინ ჰქონდა". "მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში ფეხბურთი კვლავ განახლდა, ჩვენ ყველა მატჩის წინ მუხლზე ვიჩოქებთ, მაგრამ ახლა ამის მაგივრად ჩვენ ფეხზე ვიდგებით, ისევე, როგორც ჩვენი თანაგუნდელების გვერდზე ვდგავართ, რომლებიც რასობრივი ძალადობის ადრესატები გახდნენ და ისევე, როგორც ვდგავართ ნებისმიერის გვერდზე, ვინც ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა".
 "ბორნმუთის" განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს სხვა საშუალებები, რომლითაც მოთამაშეებს შეუძლიათ უთანასწორობის წინააღმდეგ იბრძოლონ.
"როგორც ფეხბურთელებს, ჩვენ გვსურს, ცვლილებეზე დადებითი გავლენა ვიქონიოთ, მაგრამ ამაში მმართველი ორგანოების, სოციალური ქსელების პლატფორმების მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ გვსურს ვიხილოთ მოქმედებები და არა უბრალო სიტყვები და ჟესტები".
ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში "ბორნმუთს" 30 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება.      

სხვა სტატიები