Belive

ბრაზილიაში დაბრუნებულმა დიეგო კოშტამ და ჰალკმა ატლეტიკო მინეიროს 50 წლიანი წარუმატებლობა დაასრულეს

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ორი ვეტერანი ვარსკვლავი ბრაზილიის სერია ა-ს ჩემპიონის ტიტულს ნაადრევად დაეუფლნენ და ბრაზილიის თასის ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ერთი ტიტულის მოპოვების შანსი აქვთ. როდესაც საჩემპიონო რბოლაში ჩართული კლუბი თავდამსხმელის ძიებაშია, სატრანსფერო რადარზე არსებულ შემტევებს შორის, დიეგო კოშტა ალბათ ყველაზე ნაკლებად სასურველია... ბრაზილიაში დაბადებულმა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა,"ატლეტიკოს" რიგებში ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა (2013/14, 2020/21). დიეგო კოშტას ინგლისური კარიერა ასევე ორ საჩემპიონო ტიტულს ითვლის (2014/15, 2016/17). 4 საჩემპიონო ტიტულის მიუხედავად, დიეგო კოშტა არც ისე სახარბიელო რეპუტაციით სარგებლობს - ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი კი მისი ხისტი ხასიათია. დიეგო კოშტას უკანასკნელი მიღწევა ნამდვილად თვალსაჩინოა. მშობლიურ ბრაზილიაში დაბრუნებიდან 4 თვის შემდეგ, დიეგო კოშტა ბრაზილიის სერია ა-ს ჩემპიონი გახდა. დიეგო კოშტას დახმარებით, "ატლეტიკო მინეირომ" თითქმის 50-წლიანი უიღბლობა დაასრულა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ დიეგო კოშტამ ტრავმის გამო სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოტოვა. "ატლეტიკო მინეიროს" მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში, შემტევმა 4 გოლის გატანა შეძლო. დიეგო კოშტამ კლუბის წარმატებაში მართალია მოკრძალებული, მაგრამ გარკვეული წვლილი შეიტანა. გაცილებით უფრო თვალსაჩინოა ჰალკის ღვაწლი - "ატლეტიკო მინეიროს" ნამდვილი გმირი "პორტოს", "ზენიტისა" და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი - ჰალკი გახდა. ჰალკის მიერ წლევანდელ სეზონში გატანილი 19 გოლი საჩემპიონო რბოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. საკლუბო წარმატებასთან ერთად, ჰალკი ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი და სერია ა-ს წლევანდელი სეზონის ბომბარდირიც გახდა.
111
ადამიანისთვის, რომელმაც მშობლიური ბრაზილია 19 წლის ასაკში დატოვა, დაბრუნება და ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ნამდვილად გასაოცარია. აღსანიშნავია, "ატლეტიკო მინეიროს" წარმატებაში ჰალკთან ერთად ედუარდო ვარგასმა და არგენტინულმა დუეტმა დაიდო ლომის წვლილი. იგნასიო ფერნანდესი და მატიას ზარაჩო კლუბის ნახევარდაცვის ბურჯებად მოგვევლინნენ. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ვარსკვლავურ შემადგენლობაში ჰალკი ყველაზე თვალსაჩინო იყო. დიეგო კოშტა სამი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი გახდა (ესპანეთი, ინგლისი, ბრაზილია) - ჰალკის პირად აქტივში კი ოთხი ქვეყნის საჩემპიონო ტიტული დაგროვდა (პორტუგალია, რუსეთი, ჩინეთი, ბრაზილია). თავად ჰალკი აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ტიტული ყველაზე მნიშვნელოვანია და მშობლიურ ქვეყანაში მოპოვებულ გამარჯვებას ვერაფერი შეედრება.
"ძალიან ბედნიერი ვარ. თითქმის 16-წლიანი პაუზის შემდეგ, ბრაზილიაში დაბრუნება და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება გასაოცარია. არავინ ველოდით წლის ასეთ დასასრულს - ჩემპიონის ტიტულის პარალელურად, ბრაზილიის თასის ფინალში ვართ და სეზონის სამი ტიტულით დასრულების შესაძლებლობა გვაქვს (მინეიროს შტატის ჩემპიონატი). იმედია დასახული მიზნის შესრულებაში ღმერთი დაგვეხმარება", - აღნიშნავს ჰალკი. 
2021 წლის სეზონში, "ატლეტიკო მინეიროს" მაისურით, ჰალკმა ყველა ტურნირზე 66 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - დიეგო კოშტას ანგარიშზე კი 25 მატჩია. თუ ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც დაგეგმილია, 2022 წელს ვეტერანი ვარსკვლავების დუეტს კიდევ უფრო ძლევამოსილს ვიხილავთ. ჰალკი და დიეგო კოშტა მოწინააღმდეგის მცველების კოშმარად დაბრუნებას გვპირდებიან.

სხვა სტატიები