Belive

ბრიტანული ფეხბურთის მეფე, ვირჯილ ვან დაიკი - პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
"არსებობს მხოლოდ ერთი სტილის, შემტევი ფეხბურთი. სხვა დანარჩენი ანტიფეხბურთია" - ლეგენდარული ჰოლანდიელი მწვრთნელის, რინუს მიხელსის ამ სიტყვებს ალბათ ბევრი გულშემატკივარი დაეთანხმება. შემტევითი ფეხბურთი ყველას თუ არა, გულშემატკივრების დიდ ნაწილს ნამდვილად უყვარს, გოლეადორები კი მაყურებელს ყველაზე მეტად ამახსოვრდება. მცველების მთავარი ფუნქცია სწორედ სუპერვარსკვლავი შემტევებისთვის ხელის შეშლაა. შესაბამისად, გარკვეული იდეით, მცველები თამაშში ყველაზე "ბინძურ" საქმეს აკეთებენ: ისინი არ აძლევენ თავდამსხმელს საშუალებას, განახორციელოს საოცარი დრიბლინგი და გაიტანოს შესანიშნავი გოლი; მათივე დამსახურებით, მეკარესაც ნაკლები სეივის განხორციელება უწევს, რაც ასევე, თამაშის სანახაობრივი ნაწილია. მცველების ღვაწლი ხშირად შეუმჩნეველი რჩება. რეალურად კი, გუნდის წარმატებაში თავდამსხმელებზე მეტი წვლილი ხშირად მცველებს მიუძღვით. ამ სტატიის მთავარი გმირი სწორედ ამისი ნათელი მაგალითია. არ აქვს მნიშვნელობა, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოიგებს თუ არა, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მერსისაიდელებს" ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ და ამაში ლომის წვლილი დაცვითი ხაზის ნამდვილ ბურჯს, ვირჯილ ვან დაიკს მიუძღვის. ინგლისელმა ექსპერტებმა იგი პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რასაც Live.ge აბსოლუტურად იზიარებს და ქვემოთ გაიგებთ, რატომ ვფიქრობთ ასე.

რა მოხდა "ლივერპულში" კლოპის მოსვლის შემდეგ

2015 წელს, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ გუნდში გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი მიიყვანა. მას "მერსისაიდელების" კრიზისიდან გამოყვანა დაევალა. გუნდის მთავარ პრობლემას ცენტრალური დაცვის ხაზი წარმოადგენდა და ამის გამოსასწორებლად, იურგენ კლოპმა "სათჰემპტონიდან" £76 მილიონის სანაცვლოდ, ვირჯილ ვან დაიკი შეიძინა. ვან დაიკს პრემიერ ლიგაში უკვე დამტკიცებული ჰქონდა, რომ საიმედო მცველი იყო, რომელსაც კარის დაცვა და მეორე სართულზე ბრძოლა იდეალურად შეეძლო. ვან დაიკის პოტენციალის მიუხედავად, თანხის მოცულობამ საფეხბურთო სამყარო სკეპტიკურად განაწყო, თუმცა კლოპმა ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა.

წარმატებისკენ მიმავალი გზა

ვან დაიკი "ლივერპულის" ფეხბურთელი 2018 წლის 1 იანვარს გახდა. ზუსტად 4 დღის შემდეგ, მან "ლივერპულის" მაისურით, ოფიციალურ მატჩში, პირველი გოლი გაიტანა და გუნდს "ევერტონის" წინააღმდეგ გაამარჯვებინა. მარტივი გამოსაცნობია, თუ როგორი სტილის გოლი გაიტანა: მაღალი ნახტომი და ზუსტი თავური დარტყმა - ეს ვან დაიკის სტილია. დაახლოებით ორ თვეში, ვან დაიკი ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანი გახდა და UEFA-ს სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. შესაბამისად, 2017/2018 წლების სეზონი მისთვის წარმატებული გამოდგა, თუმცა ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო.

მებრძოლი სული და უშრეტი ენერგია

შემდეგ სეზონში ვან დაიკმა დაამტკიცა, რომ 75 მილიონი ფუნტი წყალში გადაყრილი ნამდვილად არ იყო - ჰოლანდიელმა პრემიერ ლიგაში 38 მატჩი ჩაატარა ისე, რომ კლოპს მისი დასვენება არც კი უფიქრია. ვან დაიკმა მოედანი მხოლოდ ერთხელ, "საუთჰემპტონთან" დატოვა, რადგან 52-ე წუთზე მიკროტრავმა მიიღო. ერთი კვირის შემდეგ, იგი გუნდს დაუბრუნდა და "სტემფორდ ბრიჯზე" "არისტოკრატებს" არ გაამარჯვებინა. როდესაც ვან დაიკის თვისებებზე ვსაუბრობთ, უდავოა რომ იგი როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად ძალიან ძლიერია, რაც სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ცენტრალურ მცველს ძალიან სჭირდება. მაგალითისთვის ავიღოთ მისი თანაგუნდელები: ლოვრენს ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა, მატიპს კი არასტაბილურობა ახასიათებს. ასეთ დროს, ემოციური კლოპი მაინც მშვიდადაა, რადგან მისი გუნდის უსაფრთხოებაზე პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ზრუნავს.

ვან დაიკი - იდეალური მცველი?!

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვან დაიკი იდეალური მცველია. უფრო ვრცლად - მას შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს (სიმაღლე - 193სმ), რომელსაც იდეალურად იყენებს. მასთან მეორე სართულზე ბრძოლა პრაქტიკულად შეუძლებელია (როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის საჯარიმოში). ვირჯილმა მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში 4 გოლი გაიტანა, აქედან 3 - მაღალი ნახტომის და ზუსტი თავურის შედეგად. რაც შეეხება მის ხასიათს, ის არის ქარიზმატული ადამიანი, რომელიც საკუთარ ძალებში 100%-ით არის დარწმუნებული, თუმცა ამას ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ნაკლები ეპატაჟურობით გამოხატავს. ვან დაიკს ლიდერული თვისებები რომ არ ჰქონდეს, რონალდ კუმანი მას კაპიტნის სამკლავურს ნამდვილად არ ანდობდა.  ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ ვან დაიკი უხეში ფეხბურთელია, მაგრამ სტატისტიკა სხვა რამეს ამბობს - მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი 38 მატჩში! საოცარი ფაქტი - ოფიციალური სტატისტიკით, პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ვან დაიკისთვის ფინტი არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.

შეჯამება

ვან დაიკისთვის ინგლისური სეზონი დასრულებულია, თუმცა მას წინ ევროპის მთავარი ტურნირის, ჩემპიონთა ფინალი ელოდება. ამ ეტაპზე, იგი პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ატარებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემთხვევაში, იზრდება იმისი ალბათობაც, რომ ვან დაიკმა უფრო პრესტიჟული ინდივიდუალური ტიტული მიიღოს. ცალსახად, ვან დაიკი თანამედროვეობის გამორჩეული ფეხბურთელია, დანარჩენზე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვილაპარაკოთ.

P.S. იხილეთ ვან დაიკისადმი მიძღვნილი სიმღერა, რომელსაც "ლივერპულის" ქომაგები ასრულებენ

სხვა სტატიები