Belive

ბუდუ ზივზივაძე: "ვარჯიში დავიწყეთ, ჩემპიონატის უმაყურებლოდ გაგრძელება იგეგმება"

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ბოლო წლებში, საქართველოს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე ბუდუ ზივზივაძე 2019 წლის ზაფხულიდან უნგრულ "მეზოკოვეშდში" გადაბარგდა. 26 წლის ქართველ თავდამსხმელს შედეგიანი სეზონი აქვს და საერთო ჯამში 11 გოლის გატანა მოახერხა, მისი გუნდი კი ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის. კორონავირუსის პანდემიის დროს უნგრეთში არსებულ რეალობაზე, საფეხბურთო ცხოვრების განახლებაზე და სხვა საინტერესო დეტალებზე ზივზივაძემ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორი მდგომარეობაა უნგრეთში მიმდინარე პერიოდში? ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, კორონავირუსი უნგრეთსაც შეეხო. აქ საქართველოსთან შედარებით უფრო მეტი ინფიცირებულია, დაახლოებით 1600. 8 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. 3 კვირის განმავლობაში სახლში ვიყავი და მხოლოდ პროდუქტების შესაძენად გავდიოდი. ვვარჯიშობდი სახლში და უბანში დავრბოდი. ასევე მქონდა სპეციალური პროგრამა, რომელიც ფიზ-მომზადების მწვრთნელებმა გამოგვიგზავნეს. საგანგებო მდგომარეობა შეწყდა და შენმა გუნდმა ვარჯიში განაახლა. როგორ პირობებში ვარჯიშობთ? როდის იგეგმება ჩემპიონატის განახლება? გუნდის მთლიანი შემადგენლობა 8-9 კაციან ჯგუფებადაა დაყოფილი და ცალ-ცალკე ვარჯიშობს. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, რომ ერთმანეთს ახლო დისტანციაზე არ მივუახლოვდეთ. გარდა ამისა, ვიცავთ ჰიგიენურ ნორმებს: ვვარჯიშობთ პირბადეებით, ვიყენებთ საფეზინფექციო ხსნარს და ა.შ. ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატის განახლებას 23 მარტიდან აპირებს, გულშემატკივრის გარეშე.
სახლში ყოფნისას ბევრი თავისუფალი დრო გქონდა, როგორ ატარებდი ამ პერიოდს? გარდა იმისა, რომ ვვარჯიშობდი, ვკითხულობდი წიგნებს, რომელიც საქართველოდან მქონდა წამოღებული. ბოლოს გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ასევე, ვცდილობ სამზარეულოში ახალი უნარ-ჩვევების დაუფლებას და ვთამაშობ კომპიუტერულ ფეხბურთს. როგორც გუნდისთვის, ისე პირადად შენთვის კარგი სეზონი გამოდის. ჩანს, უნგრეთს კარგად მოერგე. ადაპტაციაში პირველ მატჩში გატანილი გოლი დამეხმარა. აქ ძალისმიერი ფეხბურთია აქტუალური და ფიზიკურ მომზადებაზე ბევრია დამოკიდებული. მატჩის შემდეგ სტატისტიკას რომ ვნახულობდი, 11 კმ-ს დავრბოდი, ამიტომ შევეგუე აქაურ პირობებს. ვგრძნობ მწვრთნელისგან ნდობას. როცა უნგრეთიდან წინადადება მივიღე, ბაჩო არაბულს ვკითხე აზრი, რომელიც აქ თამაშობდა. მისგამ გავიგე, რომ "მეზოკოვეშდს" უნგრეთში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს და ჩემი აზრით საუკეთესოც. ვიცოდი, რომ ისტორიულად "მეზოკოვეშდი" განსაკუთრებული წარმატებით გამორჩეული კლუბი არ ყოფილა, მაგრამ ახლა გუნდი წინსვლის გზას ადგას და ვფიქრობ, წარმატებული სეზონი გვაქვს. მთავარი მიზანი, რისთვისაც ვიბრძვით ევროტურნირების საგზურის მოპოვებაა. ვართ სამეულში და თასის ნახევარფინალში.
უცხოეთში უკვე მეორე ქვეყანაში თამაშობ, რა განსხვავებაა დანიასა და უნგრეთს შორის? პირობებით ორივე ქვეყანა ერთმანეთს ჰგავს. ინფრასტრუქტურა, გუნდების ბაზების მოწყობა და სხვა დანარჩენი, მსგავსია. რაც შეეხება საფეხბურთო სტილს, დანიაში ფიზიკურ გამძლეობაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული და ტექნიკურ ფეხბურთზე მეტად მაქსიმალური ფიზმომზადება აინტერესებთ. ზამთარში იწერებოდა, რომ უნგრეთის საუკეთესო გუნდიდან "ფერენცვაროშიდან" გქონდა შემოთავაზება. რამდენად რეალური იყო ეს წინადადება? რეალურად, მე არავინ დამკავშირებია, მაგრამ ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ იყო შემოთავაზება როგორც "ფერენცვაროშიდან", ასევე მეორეადგილოსანი "ვიდეოტონიდან". სამომავლოდ, თუ უკეთესი გუნდის წინადადებას მივიღებ, ცხადია განვიხილავ, რადგან მინდა კარიერა მაქსიმალურად კარგ კლუბს დავუკავშირო.
საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ჩვენი მეტოქე შიდა ჩემპიონატს არ აჩერებს, ეს მეტოქეს უპირატესობას ხომ არ აძლევს? ასე იქნებოდა, მატჩი ივნისში რომ ჩატარებულიყო, მაგრამ სექტემბრამდე ბევრი დროა. იმედი მაქვს, შეხვედრა მას შემდეგ გაიმართება, რაც ფეხბურთელებს ფორმაში შესასვლელად გარკვეული დრო მოგვეცემა. ყველანი მოტივირებულები ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ბელარუსსაც დავამარცხებთ და ევროპის ჩემპიონატზეც ვითამაშებთ. ბოლო პერიოდში აქტუალურია საფეხბურთო გამოწვევები. შენთვის ვინ არის ის 5 ფეხბურთელი, რომელმაც სპორტის ეს სახეობა შეგაყვარა. ფეხბურთი ისევე, როგორც ბევრ სხვას ჩემს თაობაში რონალდინიომ შემაყვარა. ძალიან მომწონდა ანდრეს ინიესტას და პაველ ნედვედის თამაშიც. რა თქმა უნდა ლიონელ მესი და ასევე დღეს ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ანტუან გრიზმანი.

სხვა სტატიები