Belive

ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მეორე ფინალი წააგო - გიორგი ბერიძე უნგრეთის თასის გამარჯვებული გახდა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უნგრეთის საფეხბურთო თასის 2020/21 წლების სეზონის გამარჯვებული გიორგი ბერიძის "უიპეშტი" გახდა. ფინალში, რომელიც ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" გაიმართა და რომელშიც ზივზივაძის გუნდი გიორგი ბერიძის "უიპეშტს" დაუპირისპირდა. ორივე გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულადაც ითამაშეს ქართველმა ფეხბურთელებმა. ორივე მათგანს გოლის გატანის საკუთარი, რეალური შანსი მიეცა, თუმცა მათი რეალიზება ვერცერთმა მათგანმა მოახერხა. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, მეტოქის საჯარიმოსთან გიორგი ბერიძის წაქცევისთვის მთავარმა არბიტრმა "ფეჰერვარის" მცველი, ადრიან რუსი მოედნიდან გააძევა. ძირითად დროში ანგარიში არ გახსნილა და შეხვედრა დამატებით ტაიმებამდე მივიდა. 101-ე წუთზე, მაშინ, როცა "ფეჰერვარი" მოედანზე უკვე 9 კაცით იყო დარჩენილი, გიორგი ბერიძემ საჯარიმოში გაგზავნილი ბურთი შემოაბრუნა, გათამაშებულ კომბინაციას კი გოლი მოჰყვა და "უიპეშტი" წინ გავიდა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და "უიპეშტმა" უნგრეთის თასი ისტორიაში მეთერთმეტედ, ტიტული კი სამწლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. ამრიგად, მოდევნო სეზონში გიორგი ბერიძის გუნდი კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარს", მათ ბოლო ტურის წინ ჩემპიონატში მესამე ადგილი უკავიათ და წესით და რიგით, ევროზონაში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეთ. აღსანიშნავია, რომ ბუდუ ზივზივაძისთვის ეს უნგრეთში ჩატარებულ მეორე სრულფასოვან სეზონში მეორე ფინალი იყო, წინა წელს მისი "მეზოკოვეშდი" "ჰონვედთან" - 1:2 დამარცხდა. რაც შეეხება ბერიძეს, მან კარიერაში პირველი ტიტულის მოგება მოახერხა. სეზონის დასრულებამდე ორივე გუნდს თითო მატჩი აქვს დარჩენილი, ზივზივაძეს ყველა ტურნირზე 11 გოლი და 7 საგოლე გადაცემა, ხოლო ბერიძეს 15 გოლი და 5 შედეგიანი პასი აქვს.

სხვა სტატიები