Belive

ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი: "ფეხბურთელები შოკში არიან, მაგრამ ნედელევის გამო უნდა ვითამაშოთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ივანოვმა, კომენტარი გააკეთა.
"პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა გამოვხატო ყველას, საქართველოს ნაკრების და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ, ვინც გვერდით დაგვიდგა ამ ინციდენტის დროს. როგორც სამედიცინო სტაფის და გუნდის, ასევე მთლიანად ბულგარეთის სახით.  ჩვენ არასტანდარტულ რეჟიმში გვიწევს პრესკონფერენციის ჩატარება. თითქმის 48 საათია არ გვიძინია და ფორსმაჟორული პერიოდი გვაქვს. მთელი ღამის განმავლობაში ყველა გვერდით გვედგა. მადლობა ბულგარეთის საელჩოს საქართველოში და ყველას, ვინც ამ მძიმე დროს გვერდით დაგვიდგა. ჩვენი ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი თავს უკეთ გრძნობს, ის ძლიერი ადამიანია. ასეთ ვითარებაში უპირატესობა ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ენიჭება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენ გვსურს თამაშის გადადება, თუმცა ყველაფრის მიუხედავად მაქსიმალურად მობილიზებული ვართ, რომ მოედანზე გავიდეთ და ჩვენი დაზიანებული თანაგუნდელის და მთლიანად ბულგარეთის საპატივსაცემოდ. ვიფიქრეთ სიტუაციის შესახებ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ ჩვენი გუნდი უნდა გავიდეს მოედანზე და აუცილებალად ითამაშოს. საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია და შესანიშნავ ფორმაშია. ჩვენი ფეხბურთელების ნაწილი დასტრესილები არიან და შოკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ადვილი მატჩი არცერთ შემთხვევაში არ გველოდება, მაგრამ მოედანზე აუცილებლად უნდა გავიდეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ", - თქვა გიორგი ივანოვმა.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების დაპირისპირება 12 ივნისს, “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.  

სხვა სტატიები