Belive

ჩემპიონთა ლიგა - ტოპ 25 ინდივიდუალური პერფორმანსი

3 წლის წინ ფეხბურთი
18 წთ
კორონავირუსის გამო მსოფლიოში ყველა სპორტული მოვლენა და შეჯიბრი დროებით შეჩერებულია. COVID-19-სგან გამოწვეული ცვლილებები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს - ჩემპიონთა ლიგასაც შეეხო. ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო კლუბები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე უპირისპირდებიან და ეს მატჩები მეტად სასიამოვნო სანახავია. ფეხბურთის გულშემატკივრების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი ტურნირი სწორედ ჩემპიონთა ლიგაა. ფეხბურთისადმი ნოსტალგიის პერიოდში, გავიხსენოთ ტოპ 25 ინდივიდუალური პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე. სავარაუდოდ, არავის გაუკვირდება, რომ ამ სიაში კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი რამდენჯერმე მოხვდნენ.

#25 - იან ობლაკი Vs "ლივერპული" (2020 წელი)

კორონავირუსის პანდემიამდე ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ბოლო მატჩი "ენფილდზე" გაიმართა, სადაც შესანიშნავ ფორმაში  მყოფმა "ლივერპულმა" - მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად გამოეთიშა. მერსისაედელებს რამდენიმე გოლის გატანა შეეძლოთ, რომ არა სლოვენიელი მეკარე - იან ობლაკი, რომელმაც იმ ღამეს საოცრებები ჩაიდინა. ობლაკმა იმ მატჩში 9 სეივი გააკეთა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

#24 - პოლ ლამბერტი Vs "იუვენტუსი" (1997 წელი)

1997 წელს, გერმანული კლუბის ფინალური გზის უმნიშვნელოვანესი ფიგურად პოლ ლამბერტი იქცა. შოტლანდიელს ურთულესი დავალების შესრულება მოუწია: მას ფინალში ზინედინ ზიდანის აყვანა მოუწია. გამოიცანით რა მოხდა? პოლ ლამბერტმა იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ფეხის განძრევის საშუალება არ მისცა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე.

#23 - ტიერი ანრი Vs "ინტერი" (2003 წელი)

2003/2004 წლების სეზონში "არსენალმა" ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი შინ, მილანის "ინტერთან" 0:3 დათმო. მეორე მატჩი კი მე-5 ტურში "სან-სიროზე" გაიმართა, სადაც ლონდონელებმა მილანელები საგრძნობლად დაჯაბნეს. ამ მატჩის საბოლოო ანგარიში 1:5 დაფიქსირდა. ამ მატჩის მთავარი გმირი მსოფლიოს ერთ-ერთი ვარსკვლავი - ტიერი ანრი იყო. მან ამ მატჩში 2 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. გარდა გოლებისა და საგოლე გადაცემებისა, მან ეს მატჩი დიდებულად ჩაატარა, რომელმაც მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობლად დაჩაგრა - ხავიერ ძანეტი.

#22 - რობინ ვან პერსი Vs "ოლიმპიაკოსი" (2014 წელი)

2014 წლის 25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, ოლიმპიაკოსმა" შინ 2:0 დაჯაბნა "მანჩესტერ იუნაიტედი" და 1/4 ფინალისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა, თუმცა წინ "ოლდ ტრაფორდზე" გასამართი მატჩი იყო. 19 მარტს კი "ოლდ ტრაფორდზე" ბრწინვალე მატჩი ვიხილეთ, სადაც "იუნაიტედმა" მოახერხა და 3:0 დაამარცხა ბერძნული გრანდი. ამ მატჩის მთავარი გმირად კი ჰოლანდიელი - რობინ ვან პერსი მოგვევლინა, რომელმაც ჰეთ-თრიკით საკუთარი კლუბი 1/4 ფინალში გაიყვანა.

#21 - დიეგო მილიტო Vs "ბაიერნი" (2010 წელი)

არგენტინელი ფორვარდი - დიეგო მილიტო საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. ჟოზე მოურინიოს "ინტერში" დიეგო მილიტო, იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდი იყო. 2009/2010 წლების სეზონში მან არარეალურად კარგი სეზონი ჩაატარა, შესაბამისად დიეგო მილიტო და "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე - მიუნხენის "ბაიერნი" იყო. არგენტინელმა ფორვარდმა ამ მატჩშიც გაიბრწყინა და დუბლის შესრულება მოახერხა, რითაც მილანურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაგებინა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მეორე გოლი გამოდგა, როდესაც მილიტომ დანიელ ვან ბუიტენი პატარა ბავშვივით მოატყუა და შედეგად, ფინალის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

#20 - კაკა Vs მანჩესტერ "იუნაიტედი" (2007 წელი)

მართალია, რომ "მილანი" "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხდა, თუმცა იმ ღამეს რიკარდო კაკამ საოცარი მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელი ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფებოდა და მისი შეჩერება არათუ ერთ, რამდენიმე მცველსაც უჭირდა. კაკამ ფლეჩერის, ევრასა და ჰაინცეს ჩამოტოვება ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეძლო და ვან დერ საარს დაუვიწყარი გოლი გაუტანა. ოქროს ბურთის ბრაზილიელმა მფლობელმა, "სან სიროზეც" შეძლო გოლის გატანა და კლუბს ფინალში გასვლისთვის დაეხმარა. საბოლოო ჯამში "მილანმა" 3:0 დაამარცხა ინგლისური გრანდი და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

#19 - რონალდო Vs მანჩესტერ "იუნაიტედი" (2003 წელი)

კიდევ ერთი პერფორმანსი ბრაზილიელი ფენომენისგან, რომელიც მან "ოლდ ტრაფორდზე" დადგა: ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა, რონალდომ, სერ ალექს ფერგიუსონის "იუნაიტედს" საკუთარ მოედანზე 3 გოლი გაუტანა.

#18 - სერხიო რამოსი Vs "ბაიერნი" (2014 წელი)

2013/2014 წლების სეზონში, პეპ გუარდიოლას "ბაიერნი", ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა. ამ მატჩში გაიბრწინა "რეალის" მცველმა - სერხიო რამოსმა, რომელმაც 4 წუთიან ინტერვალში, მატჩის მე-16 და მე-20 წუთებზე გოლების გატანა შეძლო და დუბლი შეასრულა. საბოლოოდ ეს მატჩი მადრიდის "რეალმა" 0:4 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

#17 - ლეო მესი Vs მადრიდის "რეალი" (2011 წელი)

2010/2011 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ელ კლასიკო" შედგა. პირველი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა, სადაც 70-ე წუთამდე მადრიდის "რეალი" საგრძნობლად დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ყველაფერი 76-ე წუთზე შეიცვალა, სადაც ლეო მესიმ საოცარი გოლის გატანა მოახერხა, ეს გოლი საფეხბურთო სამყაროში, ყველა დროის საუკეთესო ინდივიდუალურ გოლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. არგენტინელმა ჯადოქარმა, მატჩის 87-ე წუთზე მეორე გოლის გატანა მოახერხა იკერ კასილასი კარში და ფინალისკენ საკუთარ კლუბს დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა.

#16 - გარეთ ბეილი Vs "ინტერი" (2010 წელი)

2010/11 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "ინტერი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდნენ, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა. ამ მატჩში "ინტერმა" 4:3 გაიმარჯვა, თუმცა ეს არ იყო მთავარი. გარეთ ბეილმა, რომელიც იმ დროს "ტოტენჰემში" მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, 3 გოლის გატანა მოახერხა (4:0-დან).  უელსელმა სამივე გოლი ერთ სტილში გაიტანა, მარცხენა ფლანგიდან წაიღო ბურთი, გაცდა ხავიერ ძანეტს და ჟულიო სეზარის კარის მარცხენა დაბალ კუთხეში გაქვითა. გარეთ ბეილმა სწორედ ამ საოცარი თამაშით წარმოაჩინა საკუთარი თავი და ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო.

#15 - დუშან ტადიჩი Vs მადრიდის "რეალი" (2019 წელი)

დუშან ტადიჩი სწორედ ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც საოცარი მატჩის გამო, ცნობილმა საფეხბურთო გამოცემა - L'Equipe-მა მატჩის შეფასება 10/10 დაუწერა. ეს მატჩი იყო "სანტიაგო ბერნაბეუზე", როდესაც "აიაქსმა" სტუმრად "მადრიდის რეალი" 1:4 დაამარცხა. ამ მატჩში დუშან ტადიჩმა გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. სწორედ მისი ბრწყინვალე ასპარეზობის დამსახურება გახდა ის, რომ ზედიზედ 3-წლიანი დომინირების შემდეგ, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა.

#14 - კრიშტიანუ რონალდუ Vs "ბაიერნი" (2017)

2017 წელს კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე საიუბილეო - მე-100 გოლი გაიტანა, როგორ მოახერხა ეს? პორტუგალიელმა ვარსკვლავმა 2017 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, "ბაიერნს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა და მადრიდის "რეალს" ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოუპოვა. სწორედ ამ ჰეთ-თრიქით მან ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლის გატანა მოახერხა.

#13 - დიდიე დროგბა Vs "ბაიერნი" (2012 წელი)

კოტ-დივუარეალმა ცენფრფორვარდმა 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში საოცარი მატჩი ჩაატარა. როდესაც მისი კლუბი ლონდონის "ჩელსი" ფინალში 1:0 აგებდა, მატჩი 88-ე წუთზე დიდიე დროგბამ დიდებული თავური დარტყმით ანგაში გაათანაბდა და მის კლუბს ჩემპიონთა ლიგის თასის მოგების შანსი დაუტოვა.
საბოლოო ამ მატჩის ბედი თერთმეტმეტრიანებში გადაწყდა, სადაც "ჩელსიმ" 4:3 დაამარცხა "ბაიერნი" და ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გამარჯვების მომტანი თერთმეტმეტრიანი სწორედ დიდიე დროგბამ გაიტანა.

#12 - კრიშტიანუ რონალდუ Vs "ვოლფსბურგი" (2016 წელი)

მორიგი ჰეთ-თრიქი კრიშტიანუ რონალდუს შესრულებით. ამჯერად, მან 3 გოლი ჩემპიონთა ლიგის 2015/2016 წლების სეზონის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში გაიტანა.
მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა, სადაც მადრიდის "რეალი" გერმანიიდან 0:2 დამარცხებული ჩავიდა. ამ მატჩში პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, მე-15, მე-17 და 77-ე წუთებზე 3 გოლის გატანა შეძლო.

#11 - ლეო მესი Vs "ლევერკუზენი" (2012 წელი)

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ერთ მატჩში 5 გოლი მხოლოდ ლიონელ მესის და ბრაზილიელ ლუის ადრიანოს აქვთ გატანილი. მესის დაუვიწყარი პერფორმანსი 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გაიმართა, როდესაც "ბარსელონამ" "ლევერკუზენი" ანგარიშით 7:1 დაამარცხა.

#10 - ფრენკ ლამპარდი Vs "ლივერპული" (2008 წელი)

ამ მატჩამდე 6 დღით ადრე ფრენკ ლამპარდს დედა გარდაეცვალა, ამის შემდეგ კი მან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა და დამატებით დროში გატანილი თერთმეტმეტრიანით "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

#9 - კრიშტიანუ რონალდუ Vs მადრიდის "ატლეტიკო" (2019 წელი)

2018/2019 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, მადრიდის "ატლეტიკომ" შინ 2:0 დაამარცხა "იუვენტუსი" და 1/4 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა წინ "ალიანც არენაზე" გასამართი მატჩი იყო. საპასუხო მატჩში, "იუვენტუსმა" 3:0 დაამარცხა "ატლეტიკო" და 1/4 ფინალში გავიდა. საოცარი მატჩი ჩაატარა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც მორიგი ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გადამწყვეტ მომენტებში მისგან ჰეთ-თრიქი უკვე ჩვეული მოვლენაა.

#8 - ლუკას მოურა Vs "აიაქსი" (2019 წელი)

2019 წლის ჩემპიონთა ლიგა საოცარი სენსაციებით იყო დატვირთული. სწორედ ამ სენსაციების გამო, ლუკას მოურა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს "ტოტენჰემი" და "აიაქსი" უპირისპირდებოდნენ. პირველ ნახევარფინალურ მატჩში ლონდონელები შინ 0:1 დამარცხდნენ. იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე კი საოცარი მატჩი შედგა. პირველი ტაიმი "აიაქსმა" 2:0 მოიგო და ორი მატჩის ჯამში 3:0 დაწინაურდნენ. "ტოტენჰემს" კი მხოლოდ 3 გოლის გატანა და მეორე ტაიმში კარის მშრალად შენახვა შველიდა. სწორედ ასეთი რამ მოხდა, ბრაზილიელმა ლუკას მოურამ მატჩის 55, 59 და 90 წუთზე ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო და "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

#7 - ლეო მესი Vs არსენალი (2010 წელი)

2009/2010 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "არსენალი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა. პირველი მატჩი ლონდონში 2:2 დასრულდა და "ბარსელონას" საკმაო უპირატესობა ჰქონდა იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გასულიყვნენ. საპასუხო მატჩში, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართა, მატჩის მე-18 წუთზე "არსენალმა", კერძოდ კი - ნიკლას ბენდტნერმა ანგარიში გახსნა და ლონდონური კლუბი დააწინაურა. ამ გოლმა გააქტიურა "ბარსელონას" ლიდერი - ლეო მესი, რომელმაც ბენდტნერის გოლს 3 წუთში გოლით უპასუხა. შემდეგ კი 37-ე, 42-ე და 88-ე წუთებზე სამი გოლი გაიტანა და პოკერი შეასრულა.

#6 - ნეიმარი Vs "პსჟ" (2017 წელი)

2017 წელს მსოფლიო ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი და საოცარი მატჩი შედგა, სადაც 4:0 ჩამორჩენის შემდეგ, "ბარსელონამ" "პსჟ" კამპ ნოუზე 6:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა. ამ ისტორიულ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ნეიმარმა შეიტანა, რომელმაც თამაში თავის თავზე აიღო 88-ე წუთზე ულამაზესი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 90-ე წუთზე კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 5:1 გახადა, თუმცა ეს ყველაფერი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად "ბარსელონას" არ აწყობდა. მატჩის 94-ე წუთზე, ნეიმარის ჩაწოდებულს სერხი რობერტოს ისტორიული გოლი მოჰყვა და "ბარსელონა" 1/4 ფინალში გავიდა.

#5 - კრიშტიანუ რონალდუ Vs მადრიდის "ატლეტიკო" (2017 წელი)

2016/2017 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის "რეალი" მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვდა. პირველი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა, სადაც მორიგი დასამახსოვრებელი და საოცარი მატჩი ჩაატარა კრიშტიანუ რონალდუმ. მან ჰეთ-თრიქი შეუსრულა მადრიდულ კლუბს და ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. სწორედ ამ წელს, მადრიდის "რეალი" გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ჩეპიონთა ლიგის ტიტული შეინარჩუნა - გუნდმა ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო.

#4 - ლეო მესი Vs "ბაიერნი" (2015 წელი)

2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ბაიერნი" შეხვდნენ. პირველი მატჩი "კამპ ნოუზე" შედგა, სადაც "ბარსელონამ" 3:0 გაიმარჯვა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამ მატჩში კვლავ გაიბრწყინა ლეო მესიმ, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა, თუმცა მისი დუბლი არ არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ სიაში მოხვდა. ლეო მესიმ მეორე გოლი საოცარი მოძრაობით გაიტანა. კერძოდ კი, მან გერმანელი მცველი - ჟერომ ბოატენგი ულამაზესი ფინტით მოატყუა და სრულიად უშანსოდ დაანარცხა ბალახზე.

#3 - რობერ ლევანდოვსკი Vs მადრიდის "რეალი" (2013 წელი)

ოთხი გოლი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ეს თითქმის შეუძლებელია. სწორედ ეს მოახერხა პოლონელმა ფორვარმა - რობერტ ლევანსოვსკიმ, 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. სწორედ ამ პოკერით, პოლონელმა ცენტრფორვარდმა "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. მეორე მატჩში კი მადრიდის "რეალს" ძალა აღარ ეყო და მხოლოდ 2:0 გაიმარჯვეს, რამაც მათ ვერ უშველა.

#2 - სტივენ ჯერარდი Vs "მილანი" (2005 წელი)

სტამბოლის ისტორიულ და ლეგენდარულ ფინალში ერთმანეთს "მილანი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმი იტალიურმა კლუბმა 3:0 გაიმარჯვა და ყველას აზრით, პირველი ტაიმის შემდეგ ამ მატჩში ყველაფერი გარკვეული იყო. თუმცა "ლივერპულელთა" კაპიტანმა - სტივენ ჯერარდმა, მატჩის 54-ე წუთზე ულამაზესი თავური დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა და საკუთარი კლუბი მატჩში დააბრუნა. სწორედ მის ულამაზეს გოლს მოჰყვა მერსესაიდელთა გააქტიურება, რამაც ლივერპულს მატჩის 56-ე წუთზე მეორე გოლი მოუტანა. საბოლოო ჯამში მატჩი 3:3 დასრულდა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ბედი თერთმეტმეტრიანებში გადაწყდა. "ლივერპულმა" ტიტული საოცარ ბრძოლაში მოიპოვა, რაშიც უდიდესი წვლილი სტივენ ჯერარდმა შეიტანა.

#1 - როი კინი Vs "იუვენტუსი" (1999 წელი)

შეიძლება საკამათო #1 იყოს, თუმცა როი კინის პერფორმანსი "იუვენტუსის" წინააღმდეგ დაუვიწყარია. ზოგადად 1999 წელი "წითელი ეშმაკების" გულშემატკივართათვის უდიდესი სიამოვნების მომტანია. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქე "იუვენტუსი" იყო. ინგლისურ-იტალიური პირველი დაპირისპირება "ოლდ ტრაფორდზე" 1:1 დასრულდა. მეორე მატჩი კი ტურინში გაიმართა, სადაც პირველ 10 წუთში იტალიელებმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს და 2:0 იგებდნენ. მატჩის 23-ე წუთზე კი როი კინმა ინგლისელთათვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და "მანჩესტერი" თამაშში დააბრუნა. სწორედ ამ გოლის წყალობით, მანჩესტერ "იუნაიტედმა" გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოო ჯამში ინგლისელებმა ფინალის საგზური მოიპოვეს (2:3). მოგეხსენებათ, რომ 1999 წელს "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, სადაც მათ ბოლო 2 წუთში "ბაიერნი" 2:1 დაამარცხეს.

სხვა სტატიები