Belive

ჩაწყობილი თამაშების საქმეზე, სომხეთში 45 ადამიანს ფეხბურთში საქმიანობა აეკრძალა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სომხეთში საფეხბურთო სკანდალია - ჩაწყობილი თამაშების საქმეზე, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ 5 გუნდს დისკვალიფიკაცია მიანიჭა და 45 ადამიანი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშორა. ამ 45 ადამიანში როგორც ფეხბურთელები, ასევე გუნდის მფლობელები და მწვრთნელები ფიგურირებენ. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ დამატებით 13 ადამიანი შედარებით მსუბუქად დასაჯა და ისინი ფეხბურთს დროებით ჩამოაცილა. ჩაწყობილ თამაშებში ძირითადად რუსი ეროვნების ფეხბურთელები, კლუბის მფლობელები და მწვრთნელები ფიგურირებდნენ. მათთან ერთად, ფეხბურთს უკრაინელი, ლატვიელი და ბელორუსი ფეხბურთელები დაემშვიდობნენ. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით, გამოძიება მას შემდეგ ჩატარდა, რაც გუნდებმა საეჭვო ანგარიშები დააფიქსირეს, როგორებიცაა 12:0, 0:12, 1:8, 9:2, 0:7, 0:8 და 8:2. დისკვალიფიკაცია 5-მა გუნდმა მიიღო, ესენია "ლოკომოტივ ერევანი", "ვანი", "არაგაწი", ტორპედო ერევანი" და "მასისი".
"საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უტყუარი ფაქტები წარმოგვიდგინეს, გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ მივიღეთ. ჩვენი მიზანია, სომხურ ფეხბურთში კორუფცია და ჩაწყობილი თამაშების პრობლემა მთლიანად აღმოვფხვრათ", აღნიშნა სომხეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, არმენ მელიკბეკიანმა.

სხვა სტატიები