Belive

ჩელსი £4.25 მილიარდად გაიყიდა | აბრამოვიჩი კი ნულოვან სარგებელს მიიღებს

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობის შედეგად, ლონდონის "ჩელსის" ახალი მფლობელი ჰყავს - რომან აბრამოვიჩის ყოფილ კლუბს ტოდ ბოელის კონსორციუმი უხელმძღვანელებს. რუსეთის უკრაინაში უკანონოდ შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც რომან აბრამოვიჩზეც გავრცელდა. შედეგად, ჩუკოტკის ყოფილ გუბერნატორსა და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ აბრამოვიჩს, გუნდის გაყიდვა მოუწია. ლონდონური კლუბის შეძენა არაერთ მსხვილ ინვესტორს სურდა, თუმცა საბოლოდ, ტოდ ბოელის კონსორციუმმა "ჩელსის" სანაცვლოდ £4.25 მილიარდი ($5.2 მლრდ.) გადაიხადა. ყველაფერი ამით არ მთავრდება: რომან აბრამოვიჩი ფულს საერთოდ ვერ მიიღებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც დარწმუნდა, რომ გარიგების შედეგად, "რომან აბრამოვიჩი ან ნებისმიერი დასანქცირებული პიროვნება ფულად სარგებელს ვერ მიიღებდა".
Russia Ukraine Invasion Oligarchs

ლონდონის "ჩელსის" განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბის ახალმა მფლობელმა "ჩელსის" აქციებში £2.5 მილიარდი გადაიხადა, თანხის დანარჩენი ნაწილი აბრამოვიჩის გაყინულ ანგარიშზე გადაირიცხა, რომელიც ქველმოქმედებისთვის იქნება გამოყენებული. "ეს იყო ფეხბურთისადმი და კლუბისადმი უდიდესი სიყვარული. ჩემს თანამშრომლებს დავავალე, რომ დარჩენილი თანხა უკრაინის ომში დაზარალებულებს მოხმარდეთ, რაც სასწრაფო ხარჯების დაფარვასა და ხანგრძლივი ფიზიკური და ემოციური გამოჯანმრთელების კურსის დაფინანსებას მოიცავს. მინდა იცოდეთ, რომ ეს ურთულესი გადაწუვეტილებაა. კლუბთან ჩამოშორება გულს უზომოდ მტკენს, თუმცა მტკიცედ მჯერა, რომ ეს მოქმედება კლუბისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება", - თქვა "ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა. ტოდ ბოელის კონსორციუმი კლუბის უმსხვილესი აქციონერი გახდა, თუმცა მასთან ერთად, ახალი ინვესტორები ამერიკელი მილიარდერი, მარკ უოლტერი და შვეიცარიელი მილიარდერი, ჰანსიორგ ვაისი არიან. მათი განცხადებით, მომდევნო წლებში "ჩელსიში" £1.75 მილიარდის ოდენობის ინვესტიტია განხორციელდება, რომელიც კლუბს, "სტემფორდ ბრიჯს", აკადემიისა და ქალთა გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

ვინ არის ტოდ ბოელი?

46 წლის ამერიკელი მილიარდერი, რომელიც $4.5 მილიარდის ოდენობის ქონებას ფლობს. ის არის "ლოს ანჯელეს ლეიკერსისა" და ბეისბოლის კლუბის, "ლოს ანჯელეს დოჯერსის" თანამფლობელი, ასევე Eldridge Industries-ის თანადამფუძნებელი. დიდი ალბათობით, კლუბის ხელმძღვანელობაში მისი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება - აბრამოვიჩისთვის "ჩელსი" ბიზნესი მართლაც არ ყოფილა და ამას არამარტო ფეხბურთელებთან დამოკიდებულება, არამედ ისიც ადასტურებს, რომ საკუთარი ანგარიშიდან მას "ჩელსიში" £1.6 მილიარდი აქვს დახარჯული. ბოელის "ჩელსის" შეძენა ჯერ კიდევ 2019 წელს, £2.2 მილიარდის სანაცვლოდ სურდა, მაგრამ აბრამოვიჩმა იგი უარით გაისტუმრა. იმავე პერიოდში, დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან პოლიტიკური დაძაბულობისა და სავიზო პრობლემების ფონზე, "სტემფორდ ბრიჯის" რეკონსტრუქციის 1-მილიარდიანი გეგმა თაროზე შემოიდო. ახლა კი, როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ბოელის გუნდმა დეტალებში გაწერილი გეგმა წარმოადგინა, რომელიც ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მნიშვნლოვნად გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ერთი სიტყვით, "ჩელსიში" ახალი ერა იწყება. აბრამოვიჩი უდავოდ შენიშნავი პრეზიდენტი იყო, როგორც "ჩელსის", ასევე ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში მან დაუვიწყარი ფურცლები ჩაწერა, მაგრამ ვლადიმირ პუტინთან კავშირი, მასთან მეგობრობა, მისი დაფინანსება აბრამოვიჩს არ ეპატია. ან რატომ უნდა ეპატიებინათ?

სხვა სტატიები