Belive

ჩელსი - ლივერპული: პრემიერლიგა საჩემპიონო მატჩის მოლოდინშია

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "ჩელსი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. "სტემფორდ ბრიჯზე" გასამართ მატჩს, ინტრიგას რამდენიმე ფაქტორი სძენს. დღემდე, პრემიერლიგის სტარტზე, "ლივერპულს" ზედიზედ 7 გამარჯვება არ მოუპოვებია. სასტარტო ექვს ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი მერსისაიდელები რეკორდის დამყარებას და პირად აქტივში მე-7 გამარჯვების გაფორმებას შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ "ლივერპულს" იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ 26 სექტემბერს, კარაბაო თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "ჩელსიმ" მერსისაიდული გრანდი დაამარცხა. ცალკე აღნიშვნის ღირსია პრემიერლიგა. ტიტულისათვის ბრძოლაში "ლივერპულთან" და "მანჩესტერ სიტისთან" ერთად სწორედ "ჩელსი" ითვლება მთავარ ფავორიტად. 5 მოგებითა და 1 ფრით, მაურისიო სარის გაწვრთნილი გუნდი მე-3 ადგილს იკავებს და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ, "ლივერპულს". მიმდინარე სეზონში "ლივერპული" მართლაც რომ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და ფეხბურთის გურმანებს გამორჩეული სანახაობით ანებივრებს, მაგრამ პრემიერლიგის "დიდი ექვსეულის" კლუბების წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი 8 გასვლითი მატჩიდან, მერსისაიდულმა გრანდმა გამარჯვება მხოლოდ 1 შეხვედრაში შეძლო. "სტემფორდ ბრიჯზე", 20:30 საათზე გასამართ შეხვედრას, "ჩელსი" მნიშვნელოვანი დანაკლისის გარეშე ხვდება. საპირისპიროდ, "ლივერპულის" შემადგენლობაში ვირჯილ ვან დეიკის ხილვა საეჭვოა. პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელის არყოფნამ მატჩის შედეგზე შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მერსისაიდელთათვის "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ, ყველაზე უხერხულ მეტოქეს "ჩელსი" წარმოადგენს.

სხვა სტატიები