მეოთხედფინალში გასული ვერნერი შესაძლოა, მერვედფინალში ჩარჩეს

გერმანული სპორტული გამოცემა Sport bild-ი იუწყება, რომ შესაძლოა, ტიმო ვერნერმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში ვეღარ ითამაშოს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 24 წლის გერმანელი ფეხბურთელი ლონდონის “ჩელსიში” გადაბარგდება, რისი უდიდესი ალბათობაც არსებობს. მას მერე, რაც ბუნდესლიგის სეზონი დასრულდება, “ლაიპციგი” 53 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო “არისტოკრატები” გერმანიის ნაკრების ფორვარდს.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ივლისის შუა რიცხვებში, ან აგვისტოს ბოლოს უნდა გაიმართოს. შესაბამისად, იმ დროისთვის ვერნერი “ლურჯების” ფეხბურთელი იქნება და მეოთხედფინალის ნაცვლად (სადაც “ლაიპციგი” “ტოტენჰემის” დამარცხების შემდეგ გავიდა), შესაძლოა “ჩელსის” მაისურით მერვედფინალში ითამაშოს და “ალიანს არენაზე” მიუნხენის “ბაიერნს” საპასუხო მატჩში დაუპირისპირდეს (პირველი შეხვედრა ლონდონში ბავარიელთა გამარჯვებით – 3:0 დასრულდა).

ვერნერი “ლაიპციგში” 2016 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდში 156 მატჩში 92 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა მოაგროვა.

(443)

მეოთხედფინალში გასული ვერნერი შესაძლოა, მერვედფინალში ჩარჩეს

სტატიის ავტორი
-