ბალოტელის პასუხი რასისტებს: “ეს უკვე ფეხბურთი აღარაა”

282
ნახვა

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში, “ვერონასა” და “ბრეშას” შორის გამართული მატჩის დროს ინციდენტი დაფიქსირდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც მარიომ კუთხურის ხაზთან ახლოს ბურთი მიიღო, “ვერონას” გულშემატკივრებმა მის მიმართ რასისტული შეძახილები დაიწყეს, რაც ფეხბურთელმა ვერ აიტანა, ბურთი ხელში აიღო და დემონსტრაციულად ტრიბუნებისკენ დაარტყა.

შეურაცხყოფის გამო ფეხბურთელს მოედნის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი. არბიტრმა მატჩი შეწყვიტა, ორივე გუნდის ფეხბურთელები კი მის დამშვიდებას ცდილობდნენ. საბოლოო ჯამში, მარიო მოედანზე დაბრუნდა და 85-ე წუთზე “ვერონას” შესანიშნავი გოლიც გაუტანა.

იხილეთ ბალოტელის გოლი

video

სიტუაცია უფრო მეტად გაამწვავა “ვერონას” ულტრასების ხელმძღვანელმა, ლუკა კასტელინიმ. მისი თქმით, ბალოტელი იტალიელი ფეხბურთელი არაა და გულშემატკივრების საქციელი გუნდის კულტურას სავსებით შეესაბამებოდა.

მის საპასუხოდ, იტალიელმა თავდამსხმელმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ “ვერონას” უცოდინარი და ვიწრო გონების მქონე გულშემატკივარი ჰყავს. “ეს უკვე ფეხბურთი აღარაა,” განაცხადა ბალოტელიმ.

Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანდა, რომ “ვერონას” გულშემატკივრები ბალოტელის შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეს ინფორმაცია უარყო “ვერონას” მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც Sky Sports-თან აღნიშნა, რომ მას “რასისტული არაფერი გაუგონია.”

აღნიშნულ ამბავს გამოეხმაურა იტალიის ნაკრების მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, რომელიც ბალოტელის “ინტერსა” და “მანჩესტერ სიტიში” ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, იტალიამ ერთიანი ძალებით უნდა იმუშავოს იმის უზრუნველყოფისთვის, რომ მსგავსი რამ არასოდეს განმეორდეს.

ბალოტელიმ დიდი მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მისდამი სოლიდარობა გამოხატა.

მარიო ბალოტელის მშობლები განელი მიგრანტები არიან. ბალოტელი იტალიის ქალაქ ბრეშასთან ახლოს დაიბადა და მთელი კარიერის განმავლობაში, რასისტული თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

რასიზმი იტალიურ ფეხბურთში

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იტალიელი ქომაგები ანტირასისტული შეძახილებით მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს შეურაცხოფას აყენებენ. მიმდინარე წელს, მათ სამიზნეში რომელუ ლუკაკუ და მოიზე კინი მოექცნენ, გასულ წლებში კი ანალოგიური რამ არაერთხელ მომხდარა.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში, “კალიარის” გულშემატკივრებმა რომელუ ლუკაკუს რასისტული შეძახილებით შეურაცხყოფა მიაყენეს. ინცინდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბელგიელი ფეხბურთელი პენალტის დარტყმისთვის ემზადებოდა. ლუკაკუმ თერთმეტმეტრიანის რეალიზება შეძლო, რის შემდეგაც სარდინიული გუნდის ქომაგებმა რასისტული შეძახილები ბელგიელის მიმართ კვლავ გააგრძელეს. საპასუხოდ, ბელგიელმა ფეხბურთელმა Instagram-ის საშუალებით მიმართვა გაავრცელა:

გასულ თვეში რასისტული შევიწროების ობიექტი არაერთი ფეხბურთელი გახდა… მსგავსი რამ გუშინ მეც თავს გადამხდა. ფეხბურთი არის თამაში, რომლითაც სიამოვნება ყველამ უნდა მიიღოს. დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას ფეხბურთში არაფერი ესაქმება, ეს უბრალოდ სპორტის სირცხვილია. იმედი მაქვს, რომ საფეხბურთო ფედერაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმაზე სათანადო რეაგირებას მოახდენენ. სოციალური მედიის პლატფორმებმა (ინსტაგრამი, ტვიტერი, ფეისბუქი…) საფეხბურთო გუნდებთან ერთად, უფრო კარგად უნდა იმუშავონ, რადგან ყოველდღე ვხედავთ რასისტულ კომენტარებს იმ პოსტების ქვეშ, სადაც ფერადკანიანი ადამიანია გამოსახული.ამაზე საუბარი წლების განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ კვლავ არაფერი კეთდება… ბატონებო და ქალბატონებო, 2019 წელია და პროგრესის ნაცვლად, ჩვენ უკან მივდივართ. ვფიქრობ რომ ფეხბურთელები უნდა გავერთიანდეთ და ამ საკითხთან დაკავშირებით და განცხადებები გავაკეთოთ, რათა ფეხბურთი ყველასთვის კვლავ სუფთა და სასიამოვნო სპორტად დარჩეს.

(282)

ბალოტელის პასუხი რასისტებს: “ეს უკვე ფეხბურთი აღარაა”

სტატიის ავტორი
-