მეცნიერებს ზლატან იბრაჰიმოვიჩის სხეულის აგებულების შესწავლა სურთ

2016 წელს, ევროპის ლიგის მეოთხედფინალში, “ანდერლეხტის” წინააღმდეგ გამართულ მეოთხედფინალურ მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, როცა ზლატანს ექიმებმა დიაგნოზად მყესის გაწყვეტა დაუსვეს და მას სულ მცირე 9 თვის გამოტოვება მოუწევდა, ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ შვედი თავდამსხმელი ფეხბურთში დაბრუნებას ოდესმე კიდევ მოახერხებდა. თუმცა, იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა და მერე როგორ? ჯერ იყო და MLS-ში ორ სეზონში 53 გოლი გაიტანა, ახლა კი ევროპაში დაბრუნდა და სერია A-ს ბომბარდირობას უმიზნებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ბრწყინვალე სტატისტიკის უკან 39 წლის მამაკაცი დგას. შვედი თავდამსხმელი სულ მალე 40 წლის შესრულდება, თუმცა მეტოქის კარის დალაშქვრას ძველებური ეფექტურობით თუ ინტენსივობით ახერხებს. მიმდინარე სეზონში იბრას 8 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი და მის აქტივში 2 საგოლე გადაცემაცაა. ცხადია, ამ ასაკში, ასეთი შედეგების ჩვენებას განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება სჭირდება, რაც შვედს ნამდვილად არ აკლია.

აკლია კი არა, ზლატანის ფიზ-მომზადება იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისით მედიცინის ექსპერტები და მეცნიერებიც კი დაინტერესდნენ. ამის შესახებ იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ ისაუბრა: “მისი მუხლი იმდენად ძლიერია, რომ ექიმებმა თქვეს, რომ მსგავსი რამ არასდროს უნახავთ. მას აქვს მუხლი, რომლის არსებობა თითქმის შეუძლებელია 20-წლიანი კარიერის მქონე ფეხბურთელისთვის. ის საკმაოდ სუფთაა და თითქმის დაუზიანებელი. ზლატანი იმდენად ძლიერია, რომ ექიმს სურს კარიერის დასრულების შემდეგ მასზე გამოკვლევა ჩაატაროს. ისინი მუშაობენ მსოფლიოს საუკეთესო კვლევით ინსტიტუტებში და მუხლის აგებულებებს იკვლევენ. ასე რომ, კარიერის დასრულების შემდეგ, ჩვენ კვლავ დავბრუნდებით პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექიმებთან და მის აღნაგობას გამოვიკვლევთ“.

გარდა იმისა, რომ 39 წლის ფეხბურთელის საკლუბო რეზულტატები უბრალოდ გასაოცარია, ის შესაძლოა ეროვნულ გუნდშიც კი დაბრუნდეს. ამასთან დაკავშირებით მინიშნება თავად ზლატანმა, Twitter-ზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული პოსტით გააკეთა.

(1081)

მეცნიერებს ზლატან იბრაჰიმოვიჩის სხეულის აგებულების შესწავლა სურთ

სტატიის ავტორი
-